ტყეებში ხანძრების გაჩენის მიზეზი შესაძლოა, დრონები იყოს | Allnews.Ge

ტყეებში ხანძრების გაჩენის მიზეზი შესაძლოა, დრონები იყოს

ანალიტიკოსი და ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ვარაუდობს, რომ ტყეებში ხანძრის გაჩენის მიზეზი შესაძლოა, დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, იგივე დრონები იყოს.

როგორც გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიაში ირაკლი ალადაშვილი წერს, მიუდგომელ ტყის მასივებში ცეცხლის მრავალი კერის თითქმის ერთდროულად გაჩენამ უნებურად დაბადა ეჭვი, რომ ეს იყო დაგეგმილი და ფარულად განხორციელებული დივერსიული აქტების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში კრიზისული სიტუაციის შექმნას.

რა კავშირი აქვს ქართულ ხანძრებს რუსულ დაზვერვასთან - ვერსიაზე თორნიკე შარაშენიძე საუბრობს

კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ხანძარები დივერსიის შედეგი იყოს

როგორც სტატიაშია ნათქვამი, შესაძლოა, ჩაფიქრებული იყო, მოსახლეობისთვის დაენახვებინათ ასეთ ვითარებაში ხელისუფლების არაადეკვატურობაც, რასაც შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება მოჰყვებოდა.

როგორც ირაკლი ალადაშვილი სტატიაში წერს, დივერსიული მიზნით ტყის ხანძრების გაჩენა არახალია და ასეთი ქმედება არაერთი ქვეყნის სპეცსამსახურს განუხორციელებია. მისივე განმარტებით, ასეთ დროს დივერსანტები ცდილობენ, არ გამოვლინდეს მათი აქტიურობა და ყველაფერი ბუნებრივ პირობებს დაბრალდეს. ამისთვის ისინი სპეციალურ ტექნიკასა და ტაქტიკას იყენებენ.

"ცხრა წლის წინ ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან, სწორედ იმავე ადგილას გაჩენილი ხანძარი იმ რუსულ შვეულმფრენებს დაბრალდა, რომლებიც ხეობაში გადამალულ ქართული არმიის მძიმე ტექნიკას ეძებდნენ და დროდადრო სითბურ "ხაფანგებს" ისროდნენ. ეს "ხაფანგი" მცირე ზომის რაკეტაა, რომელიც მაღალი ტემპერატურის გამოყოფით იწვის და სითბური დამიზნების საზენიტო რაკეტა უნდა "მოატყუოს". არსებობს ვარაუდი, რომ ეს "ხაფანგები" ვერ ასწრებდა ჰაერში დაწვას და ბორჯომის ხეობაში, ტყეში ჩავარდნისას მართლაც აჩენდა ხანძრის კერებს. მართალია, 2017 წლის აგვისტოში საქართველოს თავზე რუსული შვეულმფრენები და ბომბდამშენები აღარ დაფრინავენ (თუ არ ჩავთვლით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს), მაგრამ ტყის ხანძრების ჰაერიდან გაჩენა მაინც შესაძლებელია და თანაც ისე, რომ შვეულმფრენების ხმა არავის გაეგონა", - ნათქვამია სტატიაში.

როგორც ანალიტიკოსი და ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი წერს, დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, იგივე დრონები, როგორც თვითმფრინავის, ისე შვეულმფრენის პრინციპით მფრენი თითქმის იდეალური საშუალებაა მიუვალ ტყის ფერდობებზე ხანძრების კერების გასაჩენად, განსაკუთრებით ღამით, როდესაც ერთ-ორმეტრიანი დრონის და მით უმეტეს, უფრო მინიატიურული კვადროკოპტერის შემჩნევა, როდესაც მათ გამორთული აქვთ გაბარიტული მაშუქები, თითქმის შეუძლებელია.

"მათი აღმოჩენა ყველაზე ძლიერი რადიოლოკაციური კონტროლის მქონე ქვეყნების არმიებსაც უჭირთ და ცხადია, მით უფრო გაუჭირდებოდა ქართულ საჰაერო თავდაცვას, თანაც ხეობებში, დაბალ სიმაღლეზე. საშუალო ზომის რუსულ სადაზვერვო დრონებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ადვილად შეეძლოთ ბორჯომის ხეობაში ღამით მალულად შემოფრენა და მცირეგაბარიტიანი ტერმიტული ყუმბარების ჩამოყრა, რომლებიც მაღალი ტემპერატურის გამოყოფით იწვის და კომპოზიციური მასალისგან დამზადებული ყუმბარის კორპუსსაც უკვალოდ "აქრობს", რათა ნივთმტკიცება არ დატოვოს. მსგავსი რამ მოხდა ამა წლის გაზაფხულზე ომის ცეცხლში გახვეულ უკრაინაში, ხარკოვთან, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბალაკლეის შეიარაღების საწყობში, სადაც 150 ათასამდე ტონა საბრძოლო საჭურველი ინახებოდა. 23 მარტს საწყობში გაჩნდა ხანძარი, რომელმაც ათასობით მსხვილკალიბრიანი ჭურვი და რაკეტა ააფეთქა და უკრაინული არმიის ტყვია-წამლის მარაგი მეტისმეტად შეამცირა. უკრაინელები დარწმუნებულები არიან, რომ ეს რუსული სპეცსამსახურების დაგეგმილი დივერსია იყო და აფეთქება დრონიდან ჩამოგდებულმა ტერმიტულმა ყუმბარამ გამოიწვია", - ნათქვამია სტატიაში.

როგორც ირაკლი ალადაშვილი წერს, მცირე ტექნიკური გადაკეთების შემდეგ კვადროკოპტერს მეორე ვიდეოკამერისა თუ ფოტოაპარატის ნაცვლად მცირე ზომის ტერმიტული ყუმბარის ან სხვა კუსტარულად დამზადებული ცეცხლგამჩენი მოწყობილობის წაღება შეუძლია, რომლის აალება გამხმარ ტოტებს სწრაფად ააგიზგიზებს.

"მთავარია ცეცხლგამჩენი მოწყობილობის ჩამომგდები მექანიზმის დამონტაჟება კვადროკოპტერზე, რაც ტექნიკურად ადვილია, მითუმეტეს, რომ ტყის დივერსიული "დაბომბვისთვის" დიდი სიზუსტე საჭირო არ არის", - ნათქვამია სტატიაში.

myquiz