კოხტას მთაზე ხანძარს ვერ აქრობენ | Allnews.Ge

კოხტას მთაზე ხანძარს ვერ აქრობენ

კოხტას მთაზე განსაკუთრებული დეპარტამენტის 400-მდე თანამშრომელი, მათ შორის, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ცდილობენ ცეცხლის ლოკალიზებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ნიკა სირაძემ განუცხადა.

სირაძის ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე დღეს დილიდან არიან მობილიზებულნი. მათი ნაწილი გადაყვანილია ალპურ ზონაში. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის განცხადებითვე, სამივე ლოკაციაზე აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, თუმცა ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ართანაში ნარჩუნდება.

მისივე თქმით, რთული რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება გზის გაყვანა და შესაბამისი ტექნიკის შეყვანა, რის გამოც ძირითადი სამუშაოების შესრულება სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს ქვეითად უწევთ.

"სამივე ლოკაციაზე აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები, დღეს დილიდან ადგილზე მობილიზებულია განსაკუთრებული დეპარტამენტის 400-მდე თანამშრომელი, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, მათი ნაწილი გადაყვანილია ალპურ ზონაში. აღნიშნულ სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული ავიაცია. დღეს დილით შემაფერხებელი ფაქტორი იყო ცუდი ხილვადობა. თუმცა ეს პრობლემა ამ დროისთვის არ არსებობს. ამ სამი ლოკაციიდან, შეიძლება ითქვას, რომ ართანაში ყველაზე რთული მდგომარეობაა", - განაცხადა ნიკა სირაძემ.

ართანა-ფშაველის ტყეში ცეცხლს უკვე მესამე დღეა ებრძვიან. სამუშაოები ერთდროულად სამ ლოკაციაზე - მთათუშეთში, შილდასა და უშუალოდ სოფელ ართანადან 12 კილომეტრში, კოხტას მთის ფერდობზე მიმდინარეობს.

თელავში გახსნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც კახეთის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. დღის მეორე ნახევარში ადგილზე ელოდებიან შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ავიაციაც. აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი ქართული და ორი უცხოური ვერტმფრენი მუშაობს.

myquiz