"3 წლამდე ვინც ზრუნავს პატარაზე, სწორედ მასთან უყალიბდება მტკიცე ემოციური კავშირი" - როგორი უნდა იყოს ოჯახის წევრების როლი ბავშვის აღზრდაში? | Allnews.Ge

"3 წლამდე ვინც ზრუნავს პატარაზე, სწორედ მასთან უყალიბდება მტკიცე ემოციური კავშირი" - როგორი უნდა იყოს ოჯახის წევრების როლი ბავშვის აღზრდაში?

ბავშვის ქცევაზე, ხასიათზე, ცხოვრებაზე ოჯახის წევრების გავლენა და მათი როლი ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იწყება. ადამიანის ხასიათის ძირითადი შტრიხები, რომელიც მას მთელი ცხოვრება მიჰყვება, 4 წლამდე ასაკში ყალიბდება. სწორედ ამ დროს ყალიბდება ნებელობა, რომ ბავშვმა და შემდგომში ზრდასრულმა მიზანმიმართულად მართოს საკუთარი მოქმედება. ამ პროცესში ზედმეტი სიმკაცრე ხელისშემშლელ ფაქტორად აღიქმება.

"ზედმეტი აკრძალვებითა და შენიშვნებით ბავშვის ზოგადი განვითარების პროცესს შევუშლით ხელს,"- Allnews.ge-სთან საუბარში განმარტავს ექიმი-ფსიქოთერაპევტი და ევროპაში აკრედიტირებული გეშტალტთერაპევტი ლიკა თუშიშვილი.

- როგორი უნდა იყოს ოჯახის წევრების როლი ბავშვის აღზრდის საკითხებში?

- ოჯახის ყველა წევრის ჩართულობა ნებსმიერ ასაკობრივ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია. თუმცა აქ როლების გადანაწილებაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ უფროსები უნდა იყვნენ ადეკვატურები და თანმიმდევრულები. ბავშვს უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ მე მიღებული ვარ ყველას მიერ ისეთი, როგორიც ვარ. კმაყოფილების შეგრძნება, რომ მე მიღებული ვარ ჩემიანების მიერ, ბევრი ასოციალური ქცევის პრევენციას წარმოადგენს, შემდგომში ადამიანს ბევრ "გაუგებარ" სიტუაციაში მოხვედრისგან იცავს.

როცა ბავშვს და მოზარდს მხარდაჭერა და გაგება არ აქვს ოჯახში, ის შემდეგ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ოჯახის გარეთ ეძებს და ხშირად არასწორ სიტუაციაში აღმოჩნდება ხოლმე.

რაც შეეხება ოჯახის წევრების როლებს, ბავშვისთვის დედა შეუცვლელი ფენომენია. შესაბამისად, დედის როლს ან ასრულებს დედა ან ის ცარიელი რჩება. ამ დანაკლისს დედის დეპრივაცია ანუ დედის ფსიქოემოციური ნაკლებობა ჰქვია. თუ დედა ბავშვთან სათანადო დროის გატარებას ვერ ახერხებს და დედისთვის განკუთვნილი სივრცე რჩება შეუვსებელი, ეს სამომავლოდ აუცილებლად აისახება ბავშვის ქცევაზე, თვითშეფასებაზე, თვითრწმენაზე, საკუთარი ადგილის დამკვიდრებაზე.

ეს ყველაფერი სათავეს მუცლად ყოფნის პერიოდიდან იღებს. ამ დროს დედასა და პატარას საერთო ემოციური განცდები აქვთ, რადგან მათი სისხლის მომიქცევის სისტემა ერთიანია. შესაბამისად, ხდება ემოციების, ფსიქოემოციური მდგომარეობის დედიდან შვილზე გადაცემა. ეს ერთიანობის შეგრძნება არ წყდება დაბადებიდან 2 წლის განმავლობაში. ამ ფენომენს დედა-შვილის მიჯაჭვულობა ჰქვია და ამიტომ სასურველია, რომ 2 წლამდე ბავშვის გაზრდა-აღზრდაში დედა მაქსიმალურად იყოს ჩართული.

დედის არ ყოფნა ბავშვზე დიდ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს.

ბავშვისთვის ასევე მნიშვნელოვანი ხდება ის ადამიანი, ვისი ხმაც მუცლადყოფნის პერიოდში ესმოდა და ვისთან ურთიერთობაც დედას ორსულობის დროს სიამოვნებდა. სწორედ ეს ადამიანები უქმნიან მას უსაფრთხოების შეგრძნებას. თუ ადამიანს უნდა რომ ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს, ამაზე ზრუნვა ორსულობის პერიოდშივე უნდა დაიწყოს და ხშირად ესაუბროს მასა და მის დედიკოს თბილი პოზიტიური ხმით.

2 წლის შემდეგ იწყება დედისა და შვილის გამიჯვნა და 3 წლის ასაკში ბავშვს პირველადი მე უყალიბდება. თუმცა, დედის როლი კვლავაც პირველადი და შეუცვლელი რჩება. ხშირად ბავშვზე რამდენიმე ადამიანი ზრუნავს. დედის გარდა, ეს შეიძლება იყოს მამა, ბებია, დეიდა ან ოჯახის სხვა ახლობელი. 3 წლამდე ვინც ზრუნავს ბავშვზე, სწორედ მათთან უყალიბდება პატარას მტკიცე ემოციური კავშირი, რომელიც არასდროს წყდება. დედა ბავშვისთვის უპირობოდ მიღებული ფიგურაა. სხვებმა კი მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა დაიმსახურონ. ასეა მამის შემთხვევაშიც. ის ხშირად უნდა იყოს ბავშვთან და მისი უსაფრთხოების გარანტი უნდა გახდეს.

ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შეგრძნების მიცემაა და სწორედ მისი მიმცემები თამაშობენ დიდ როლს მის შემდგომ განვითარებაში. უსაფრთხოების გარანტი არ ნიშნავს მაინც და მაინც საფრთხისგან დაცვას. ბავშვისთვის უსაფრთხოების გარანტი ხდება ის ადამიანი, ვინც სიყვარულით, ჩხუბის გარეშე უცვლის საფენს ან აჭმევს. ამ დროს არავერბალური კონტაქტი მყარდება და ძალიან მნიშვნელოვანია ჟესტიკულაცია და სახე, რომლითაც ბავშვს უფროსი ეკონტაქტება. უფროსებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა ბავშვის ზოგად განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს.

- რა შემთხვევაში უნდა მოვექცეთ ბავშვს მკაცრად?

- სიმკაცრე ცოტა ზოგადი ცნებაა და ამ მხრივ გადაჭარბება არ შეიძლება. მეორე მხრივ, ყველა ასაკს თავისი თავისებურება აქვს და ამ თავისებურების გათვალისწინებით, მიდგომა განსხვავებული უნდა იყოს. 4 წლამდე საკუთარი მეს ჩამოყალიბება მიმდინარეობს და ეს სიჯიუტის ეტაპია. ამ დროს განსაკუთრებული სიმკაცრის გამოჩენა არ შეიძლება, რადგან ბავშვს ამ დროს უყალიბდება ხასიათი და ქცევა, რომელიც მთელი ცხოვრება მიჰყვება. ამ პერიოდში ყალიბდება ნებელობა, რომ მიზანმიმართულად მართოს მოქმედება და ამ პროცესში ზედმეტი სიმკაცრე ხელისშემშლელი ფაქტორად აღიქმება. ზედმეტი აკრძალვებითა და შენიშვნებით ბავშვის ზოგადი განვითარების პროცესს ხელს შევუშლით.

4 წლიდან, როცა ბავშვს მომწიფებული აქვს ფუნქცია, რომ მიზანმიმართულად მართოს საკუთარი მოქმედება, შეიძლება სიმკაცრის გამოჩენა. თუმცა, სიმკაცრე არ უნდა იყოს ცემა და არაადეკვატური სასჯელი.

- დასჯის რომელი ფორმაა ყველაზე მიღებული?

- დასჯის ფორმა - ჯილდოს ჩამორთმევა სიმკაცრის ყველაზე კონსტრუქციული ფორმაა და ის კარგად მუშაობს. თუმცა ჯილდოს ჩამორთმევამდე, ბავშვს ამის შესახებ უნდა შეუთანხმდეთ. პირობის გაცნობა კი დასჯის ნაწილით არ უნდა დაიწყოთ.

მაგალითად, სწორია შემდეგი ფორმულირება - თუ შენ არ ახვალ მაგიდაზე, დღეს ტკბილეულს გიყიდი და თუ ახვალ - არ გიყიდი. თუმცა ბავშვს არარეალური პირობა არ უნდა შესთავაზოთ.

ანუ ჯილდო, რომელსაც ჰპირდებით, აუცილებლად უნდა არსებობდეს, მას ტკბილეულს უნდა ყიდულობდეთ ხოლმე და შემდეგ რაღაცის გამო ის უნდა ჩამოერთვას. დასჯისას უნდა უთხრათ ისიც, რომ მას კარგად მოსაქცევად და ჯილდოს მისაღებად ხვალინდელი დღეც აქვს. ბავშვი დღევანდელი დღით აღიქვამს სამყაროს. ამიტომ თუ მან არ გააცნობიერა, რომ ხვალ, ზეგ და მომავალში კიდევ აქვს ჯილდოს მიღების შესაძლებლობა, სრულად დაკარგავს მოტივაციას. უნდა შექმნათ ვიზუალიზაციაც. გაუკეთეთ სახალისო კალენდრები, რომელზეც აღნიშნავთ როდის დაიმსახურა ჯილდო და როდის ჩამოერთვა.

- ოჯახის წევრები თანაბრად მკაცრები უნდა იყვნენ თუ მხოლოდ დედა უნდა სჯიდეს ბავშვს?

- იდეალური იქნება თუ დასჯის აღნიშნულ ფორმას ოჯახის ყველა წევრი გაიზიარებს და ისინი შეთანხმებულად იმოქმედებენ. მაგალითად, თუ ბავშვს მაგიდაზე დადგომას ვუკრძალავთ და მას ამისთვის ჯილდო ჩამოვართვით, სასურველია, რომ ასე მოიქცეს ოჯახის ყველა წევრი. ცუდ საქციელზე ყველა თანაბარ სიმკაცრეს უნდა იჩენდეს და ერთნაირად რეაგირებდეს. ეს არის ბავშვის აღზრდის იდეალური ვარიანტი.

თუმცა, მისი განხორციელება ქართულ ოჯახებში იშვიათად ხდება. თუ ამ მოდელის დაცვა ვერ ხერხდება და მაგიდაზე დადგომის შემთხვევაშიც ბავშვს ბებია თუ ბაბუა მაინც ყიდულობს ტკბილეულს, მაშინ ეს განცალკევებით, დედისგან იზოლირებულად უნდა გააკეთონ. ამ შემთხვევაში ბავშვისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ მაგიდაზე დადგომა არ შეიძლება, მყარი არაა. ის იღებს ორმაგ სიგნალს და ურთიერთსაწიმააღმდეგო ხაზები ჩნდება მის ხასიათში. ეს კი პიროვნული განვითარებისთვის ცუდია, ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების სტაგნაციას იწვევს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დროს ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ შემდგარი ადამიანი, რომელიც ბედნიერი იქნება და არა ის, რომ იმ კონკრეტულ მომენტში მაგიდიდან ჩამოვიყვანოთ ან ტკბილეული ვუყიდოთ

როცა დედა ან სხვა უფროსი სჯის ბავშვს ჯილდოს ჩამორთმევით ან სხვა მეთოდით და ამ დროს პატარა ტირის, მას უნდა მოვეფეროთ. უფროსი გვერდით უნდა დაუდგეს პატარას და და აჩვენოს, რომ ძალიან უყვარს და მისთვის მაინც მიღებულია. თუმცა ამის მიუხედავად არ ყიდულობს ტკბილეულს, რადგან მან პირობა არ შეასრულა და ჯილდო ჩამოერთვა.

- შეიძლება თუ არა ბებიამ, ძიძამ ამ სხვა ახლობელმა ბავშვთან ურთიერთობისას დედის სახელით იმანიპულიროს?

- არავითარ შემთხვევაში. ყველასთან ურთიერთობას დედა ვერ გასწვდება. ნებისმიერი უფროსი თავად უნდა იყოს პასუხისმგებელი ბავშვთან ურთიერთობაზე. მაგალითად, მაგიდაზე არ ახვიდე, თორე დედა ტკბილეულს არ გიყიდის, არასწორი მიდგომაა. უნდა უთხრა, რომ მე არ გიყიდი ტკბილეულს, მე არ გაძლევ უფლებას. წინააღმდეგ შეთხვევაში ხდება გადაბრალება და ბავშვის აღზრდაში სასურველ შედეგსაც ვერ ვიღებთ.

- რა შედეგი მოაქვს ბავშვის განებივრებას და შეიძლება თუ არა რომ ის ბებიამ ან სხვა ახლობელმა გაანებივროს?

- მოფერება, შექება არასდროსაა ზედმეტი. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ადეკვატური. ბავშვს ხშირად უნდა ვუთხრათ, რომ ლამაზია, მამაცია, ჭკვიანია. მაგრამ არც ცუდი უნდა გავაუფასუროთ. ხშირად, მინახავს სიტუაცია, როცა ბავშვი ახლობელს ურტყამს, უფროსი კი ეუბნება მიდი, მიდი, დამარტყიო. ეს არაადეკვატური ქმედებაა. ამით თითქოს ბავშვს ეთამაშებიან, მაგრამ რეალურად ძალიან ცუდ შედეგს ვიღებთ. ბავშვმა საკუთარ ცუდ ქმედებაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ამისთვის კი აუცილებელია, რომ მან ცუდი ქცევა კარგისგან გაარჩიოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ცუდ საქციელზე პასუხისმგებლობის აღებას. ცუდ ქცევაზე მითითება უნდა მოხდეს მშვიდი ტონით, ზეწოლისა და შეურაცხყოფის გარეშე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასურველია, რომ ცუდი ქცევა სათანადოდ შეფასდეს და ჯილდოს ჩამორთმევის მეთოდით დაისაჯოს ყველას მიერ და არა ამაზე რეაგირება მხოლოდ დედამ არ მოახდინოს. ამით თავიდან ავირიდებთ ზედმეტ განებივრებას და ქაოსური პიროვნების ჩამოყალიბებას.

- როგორი უნდა იყოს პატარა დედმამიშვილების ურთიერთობა?

- ოჯახში ახალი ბავშვის გამოჩენისთანავე იწყება დედმამიშვილების კონკურენცია. ამ დროს უფროს ბავშვს მოიცავს მღელვარება იმაზე, თუ რა მეშველება მე. უფროსი შვილი, რომელიც რეალურად თავადაც პატარაა, ხედავს, რომ უფროსები მის უმცროს დედმამიშვილს აქვევენ მეტ ყურადღებას, დედაც სულ იმასთანაა. მას დის ან ძმის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს, მაგრამ თავისი პოზიციის დაკარგვის შიში აქვს. სწორედ ეს არის კონკურენციის საწყისი. ამ დროს მხედველობით აცნობიერებს, რომ დედა მეტ ყურადღებას უთმობს პატარას.

არასასურველი შედეგი რომ არ დადგეს, ბავშვი სმენით უნდა დავტვირთოთ. ბევრი ველაპარაკოთ, თუ როგორ გვიყვარს. ამ მომენტში დასაშვებია უთხრათ, რომ ის ახალშობილზე მეტად გიყვართ. ხშირად გაუმეორეთ, რომ თქვენ ყოველთვის მასთან იქნებით. ფიზიკური ერთად ყოფნის გარანტია უნდა შესთავაზოთ. ანუ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოთ სმენით, რადგან მხედველობით უმცროსია პრივილეგირებული. ასე უნდა დაბალანსდეს ურთიერთობა.

ნანა მღებრიშვილი