როგორ ემზადება თბილისის მერია სექტემბერში მოსალოდნელი საცობების განმუხტვისთვის | Allnews.Ge

როგორ ემზადება თბილისის მერია სექტემბერში მოსალოდნელი საცობების განმუხტვისთვის

სექტემბერი ბევრისთვის ქუჩების გადატვირთვასა და საცობებთან ასოცირდება. საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება, თბილისის საჯარო ბაღებში კი სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს, გარდა, ამისა სწავლის დაწყებას ელოდებიან სტუდენტებიც. შესაბამისად, ყველას აქვს იმის მოლოდინი, რომ სექტემბრის შუა რიცხვებიდან თბილისის ქუჩები ავტომობილებით გადაიტვირთება, რაც საცობებს წარმოქმნის.

თბილისის ვიცე–მერის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, მერია გადატვირთული საავტომობილო მოძრაობის გასამკლავებლად უკვე ემზადება. მისივე თქმით, ქალაქის საცობებისგან განმუხტვის ხუთპუნქტიანი გეგმის ზოგიერთი პუნქტი უკვე შესრულდა.

"ჩვენი ანალიზით, თბილისში საცობებს მომრავლებული კერძო ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, გარკვეულწილად, მძღოლებისა და ფეხით მოსიარულეების მოუწესრიგებელი მოძრაობა და გზებზე საავარიო სიტუაციები ქმნის. 2017 წლის 1–ელი იანვრის მონაცემებით, თბილისში რეგისტრირებულია დაახლოებით 580 000–მდე ავტომობილი, რაც 1 000 მოსახლეზე 517 ავტომობილს შეადგენს. ავტომობილების ძირითადი კონცენტრაცია შეინიშნება ჩუღურეთის, ვაკისა და საბურთალოს რაონებში, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების ფლობის მხრივაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია," – განმარტავს თბილისის ვიცე–მერი.

თბილისის მერიამ საცობების მართვის 5-პუნქტიანი სქემა შეიმუშავა

ირაკლი ლექვინაძის ვარაუდით, ქალაქში ყველაზე გადატვირთული მოძრაობა 15 და 18 სექტემბერს იქნება, რისთვისაც სახელმწიფო უწყებები უკვე ემზადებიან.

"ჩვენთან ასეთი ტრადიციაა, როდესაც ბავშვი სკოლაში პირველად მიდის, ეს ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, შესაბამისად, მას თან რამდენიმე ადამიანი მიყვება, ამიტომ მოსალოდნელია, რომ თბილისში გზებზე მოძრაობა შედარებით გადატვირთული იქნება, თუმცა მის დარეგულირებაში საპატრულო პოლიცია აქტიურად ჩაერთვება, რათა ნაკადების გამტარუნარიანობა უზრუნველყოს. ვფიქრობ, ღელვა 15 სექტემბერს დაიწყება, სწავლის დაწყებიდან პირველი ორი დღე თბილისში ყოველთვის რთულია ხოლმე, თუმცა ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მომზადებულები ვიყოთ" – აღნიშნავს ირაკლი ლექვინაძე.

თბილისის მერია საცობების თავიდან ასარიდებლად მძღოლებს სპეციალურ აპლიკაციას სთავაზობს

მისივე თქმით, წელს გადატვირთული გზების განმუხტვაში დიდ როლს მობილიზებული საპატრულო პოლიციის გარდა, უკვე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა შეასრულებს.

"2017 წლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, ნაწილი კი ისევ მიმდინარეობს. გზების გაუმჯობესება გულისხმობს უფრო მეტ გამტარუნარიანობას და შესაბამისად, საცობების პრობლემაზე გარკვეულწილად პასუხს. ასევე გვაქვს გეგმები, რომლებზეც მსჯელობა მიმდინარეობს. მაგალითად, პეკინის ქუჩის გაცალმხრივების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი სამსახურები ახლა პეკინისა და შარტავას ქუჩებზე საავტომობილო ნაკადებს ითვლიან, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. გარდა ამისა, შესასწავლია, პეკინის ქუჩის გაცალმხრივების შემთხვევაში როგორი მოძრაობა უნდა იყოს შარტავასა და შემაერთებელ ქუჩებზე, გახდება თუ არა ეს ქუჩებიც ცალმხრივი.

გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე, რაც ქალაქის საცობებისგან განმუხტვის გეგმის ნაწილია. MAN-ის ავტობუსებს ყვითელ ავტობუსებთან შედარებით 3–ჯერ მეტი მგზავრი გადაჰყავს, ასევე მიმდინარეობს მეტროსადგურებისა და ვაგონების მოდერნიზაცია და რეკონსტრუქცია," – განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.

მეტროს მგზავრებს შემოდგომიდან სიახლეები ელით

თბილსის ვიცე–მერი ასევე აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ საცობი გულისხმობს ავტომობილის 4–5 წუთის განმავლობაში გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნას, რაც თბილისში, როგორც წესი იშვიათად ხდება ხოლმე. თუმცა, საცობებისგან გამოწვეული დისკომფორტი არანაკლებია თბილისის მაცხოვრებლებისთვისაც.

myquiz