"ჯეოსელს" 1-ელი სექტემბრიდან სააბონენტო ხელშეკრულებაში ცვლილებები შეაქვს | Allnews.Ge

"ჯეოსელს" 1-ელი სექტემბრიდან სააბონენტო ხელშეკრულებაში ცვლილებები შეაქვს

1 სექტემბრიდან კომპანია "ჯეოსელს" აბონენტებთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ჯეოსელმა" პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული პუნქტები შეცვალა.

თუ აბონენტს არ სურს "ჯეოსელის" აპლიკაციებისა და სერვისების ტესტირების პროცესში მონაწილეობის მიღება, ამის შესახებ შეუძლია კომპანიის ოფისში განაცხადი გააკეთოს.

ამას გარდა, "ჯეოსელის" ხელშეკრულებას სამი ახალი მუხლი დაემატა, რომლებშიც მონაცემების დამუშავების წესებია განსაზღვრული.

მაგალითად, ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ "ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, აბონენტი აცხადებს თანხმობას, რომ მისი პერსონალური ინფორმაცია (მონაცემი) დამუშავდეს, მათ შორის, გადაეცეს ოპერატორის მიერ განსაზღვრულ მესამე პირებს იმ მიზნებისათვის, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: აბონენტისათვის სათანადო მომსახურების გაწევა, თაღლითური ქმედებების თავიდან აცილება, სააბონენტო ანგარიშის მართვა, გაწეული მომსახურებისათვის საფასურის დარიცხვა, შესაბამისი ანგარიშის შედგენა, მომსახურებაზე დარიცხული საფასურის ამოღება, მარკეტინგი (მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგი), არსებული/ახალი პროდუქტების ან მომსახურების გაუმჯობესება/დანერგვა, კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების/მოთხოვნების შესრულება, აბონენტის ინფორმირებულობა (მათ შორის, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებების გაგზავნის გზით) ან ოპერატორის მიერ განსაზღვრული სხვა კომერციული/არაკომერციული მიზანი".

გარდა ამისა, 5.7–ე პუნქტის მიხედვით, აბონენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს თქვას უარი მონაცემთა დამუშავებაზე, რისთვისაც წერილობით, სატელეკომუნიკაციო საშუალებით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, უნდა შეატყობინოს ,,ჯეოსელს.“

myquiz