გიორგი მღებრიშვილი ახალციხეში გაჩენილი ხანძრის შესახებ საუბრობს | Allnews.Ge

გიორგი მღებრიშვილი ახალციხეში გაჩენილი ხანძრის შესახებ საუბრობს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ხანძრის ლოკალიზებას "უახლოეს პერიოდში" ელოდება.

როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს ადგილზე განუცხადა, ხანძრის წიწვოვან ტყეზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

მისივე თქმით, ტერიტორია მიუვალია, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა.

"რა ფართობზეა მოდებული ხანძარი, ამას დავადგენთ ცოტა ხანში. გუშინ, დაახლოებით ნახევარ ჰექტრამდე იყო და არ გავრცელებულა. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები. გავაკეთეთ ხელოვნური ავზი, საიდანაც ვერტმფრენი იღებს წყალს. დღეს დილიდან დავამატეთ ცოცხალი ძალა. ერთი სიტყვით, ჩართულია ავიაცია, მუშაობს ცოცხალი ძალა და ტექნიკა და პრობლემები ამ ეტაპზე არ გვაქვს. ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება," - განაცხადა შს მინისტრმა.

მღებრიშვილმა ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე დასმულ კითხვასაც უპასუხა.

"მოდით, მიზეზებზე ამ ეტაპზე ნუ ვისაუბრებთ. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მოხდეს ამ ხანძრების ლიკვიდაცია და შემდეგ უკვე დავსხდებით და ამ მიზეზებსაც გავაანალიზებთ", - განაცხადა მღებრიშვილმა.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ ლოკაციაზე მუშაობს განსაკუთარებულ დავალებათა დეპარტამენტის დაახლოებით 170-მდე თანამშრომელი, ასევე სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.

"ამ ლოკაციაზე თავდაცვის სამინისტროს ჩართვა ამ ეტაპზე საჭირო არ არის და მათ ჩართვასაც პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება სჭირდება. ვფიქრობ, რომ აქამდე საქმე არ მივა და ჩვენ ჩვენი ძალებით გავუმკლავდებით. ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს", - განაცხადა მღებრიშვილმა და დასძინა, რომ პანიკის საფუძველი არ არის.

myquiz