რამდენი ადამიანი გადავიდა სამეფო და თავადთა გვარებზე საქართველოში | Allnews.Ge

რამდენი ადამიანი გადავიდა სამეფო და თავადთა გვარებზე საქართველოში

ბაგრატიონი, ერისთავი, თარხან-მოურავი, წერეთელი, ერისთავი - ეს სამეფო და თავადის გვარები საქართველოში დღემდე პრესტიჟად და საამაყოდ მიიჩნევა. შესაბამისად არცთუ ისე იშვიათია ამ და სხვა თავადის გვარებზე გადასვლის შემთხვევებიც.

Allnews.ge-ს საქართველოს სერვისების განვითარების სააგენტომ 2016-2017 წელს შეცვლილი გვარების სია მიაწოდა, რომელშიც მოცემულია თუ რამდენი მოქალაქე გადავიდა სამეფო და თავადის გვარებზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული გვარების ნაწილის შეცვლა შესაძლოა, ქორწინების შედეგად მოხდა.

ყველაზე იშვიათი სახელები საქართველოში, რაც ახალშობილებს 2017 წელს დაარქვეს

ბოლო ორი წლის განმავლობაში ბაგრატიონი სულ ორი პირი გახდა, ამ გვარზე ერთი ადამიანი ცირავადან, ხოლო მეორე დავითაშვილიდან გადავიდა.

რაც შეეხება თავადთა გვარებს, თარხან-მოურავი თარხნიშვილისა და თარხან-მოურავოვის ნაცვლად სულ ორმა მოქალაქემ მიიღო.

წერეთლები საქართველოში ცნობილი თავადები იყვნენ, რომლებიც გამორჩეული პატივითა და სახელით სარგებლობდნენ. გვარი ახლაც პოპულარულია. ბოლო ორი წლის განმავლობაში წერეთელი ხუთი მოქალაქე გახდა. ჭავჭავაძის გვარი კი 2016-2017 წლებში ორმა მოქალაქემ მიიღო.

თავადების წოდება ჰქონდათ მინიჭებული ჯავახიშვილებსაც. მასზე თავადის გვარებს შორის ყველაზე მეტი - 20 მოქალაქე გადავიდა.

ერისთავი, რომელიც ძველქართულად ჯარის უფროსს ნიშნავს, ასევე თავადის წოდების მატარებელი იყო. გვარზე ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ ოთხი მოქალაქე გადავიდა.

საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები

11 მოქალაქე ბოლო ორი წლის განმავლობაში აბაშიძე გახდა. გვარზე გადასვლა ძირითადად, აჭარის რეგიონში ხდებოდა. აჭარის რეგიონში თავადებად აბაშიძეების გარდა, ხიმშიაშვილებიც მიიჩნეოდნენ. აღნიშნული გვარი 4-მა მოქალაქემ მიიღო.

არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ჩხეიძეც, რადგან აღნიშნულ გვარზე 2016-2017 წლებში 12 მოქალაქე გადავიდა.

თავადები იყვნენ მელიქიშვილებიც, გვარზე კი ბოლო ორი წლის განმავლობაში 8 მოქალაქე გადავიდა.

იშვიათი სახელები და გვარები საქართველოში

ჯაფარიძე, სხვა გვარების მსგავსად მონარქიული წყობის პერიოდში საკმაოდ წარჩინებული იყო. გავრცელებული ინფორმაციით, "ჯაფარა" ძველქართული სიტყვაა და ჩხიკვს ნიშნავს. გვარს ვრცელი ისტორია აქვს, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზღვრებსაც სცდება. გვარზე ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ 5 მოქალაქე გადავიდა.

წარჩინებულ გვარად მიიჩნეოდა ჩერქეზიშვილიც, რომელზეც ასევე 5-მა მოქალაქემ მიიღო.

გარდა ამისა, თავადის ტიტულის მქონე კიდევ ერთ გვარზე, კერძოდ, ბარათაშვილზე 3 მოქალაქე, საგინაშვილზე ორი, გურამიშვილზე, ამირეჯიბზე, ხიდირბეგაშვილზე, მაჩაბელსა და ფალავანდიშვილზე თითო-თითო მოქალაქე გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში გვარების შეცვლა რთული და ხანგრძლივი პროცესი არ არის. თუმცა, სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, მოქმედებს გარკვეული წესები, რომლის მიხედვითაც, თუ რომელიმე კონკრეტული გვარის მიღება გსურთ, აუცილებელია ამ გვარის მქონე პირდაპირი ნათესავი გყავდეთ, კერძოდ, მეუღლე, მშობელი ან ბებია-ბაბუა.

 

myquiz