აშშ-ის საელჩომ მეხანძრე-მაშველებს 500 წყვილი ცეცხლგამძლე ფეხსაცმელი გადასცა | Allnews.Ge

აშშ-ის საელჩომ მეხანძრე-მაშველებს 500 წყვილი ცეცხლგამძლე ფეხსაცმელი გადასცა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მზადაა დახმარება გაუწიოს საქართველოს სარეაბილიტაციო სამუშოებში მას შემდეგ, რაც ცეცხლი საბოლოოდ ჩაქრება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილემ, ელიზაბეტ რუდმა განაცხადა, რომელმაც დღეს აშშ-ის სახელით მეხანძრე-მაშველებს 500 წყვილი ცეცხლგამძლე ფეხსაცმელი გადასცა.

"ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ქართველი მეხანძრეების თავდადებით. ისინი ნამდვილად გმირულად მუშაობენ ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად. ჩვენ ვიცით რამდენად უნიკალური და მნიშვნელოვანია ბორჯომის ეროვნული პარკი. ჩვენ, როგორც საქართველოს ერთგულ პარტნიორს გვინდა დავეხმაროთ, ამიტომ დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თხოვნით, ჩვენ გადავეცით 65 000 ლარის ღირებულების 500 წყვილი სახანძრო ფეხსაცმელი.

ეს ფეხსაცმლის განახლებაა, რადგან მეხანძრეებს უკვე ჰქონდათ ფეხსაცმელი. იმედი გვაქვს, რომ ეს შეუმსუბუქებს მეხანძრეებს მუშაობას და მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ცოტა ხნის წინ ჩვენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გადავეცით სამაშველო აღჭურვილობა, რომელიც სავარაუდოდ მათ უკვე ეხმარებათ ცეცხლთან ბრძოლაში", - განაცხადა ელიზაბეტ რუდმა.

მისივე თქმით, აშშ-ის საელჩო მზადაა დახმარება გაუწიოს საქართველოს სარეაბილიტაციო სამუშაოებში მას შემდეგ, რაც ცეცხლი საბოლოოდ ჩაქრება. მისივე განცხადებით, აშშ გააგრძელებს საქართველოსთვის საგანგებო სიტუაციების მართვისთვის განკუთვნილ ტექნიკურ დახმარებას.

რა პერიოდია საჭირო ბორჯომის ტყის აღსადგენად

რა ბედი ეწიათ ბორჯომის ტყეში მობინადრე ცხოველებს

"ამ რთულ სიტუაციაში ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით", - განაცხადა ელიზაბეტ რუდმა.

myquiz