გურჯაანში, სავარაუდოდ, რანთა და კახთა მეფე კვირიკე დიდის სამარხი აღმოაჩინეს | Allnews.Ge

გურჯაანში, სავარაუდოდ, რანთა და კახთა მეფე კვირიკე დიდის სამარხი აღმოაჩინეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმართულ სარეაბილიტაციო - სარესტავრაციო სამუშაოების დროს სავარაუდოდ, კვირიკე დიდის სამარხი გამოვლინდა.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ეკლესიის სამხრეთის მინაშენის, საკურთხევლის აბსიდის წინ აღმოჩენილ საფლავზე, რომელიც ნათალი ქვითაა ნაშენი, ვრცელი ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი, რომელშიც გარკვევით იხსენიება რანთა და კახთა მეფე კვირიკე. სააგენტოს სპეციალისტები დიდი ალბათობით ვარაუდობენ, რომ სამარხი, სწორედ კვირიკე დიდის განსასვენებელი უნდა იყოს.

მათივე ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელოვნებათმცდოცდნის, გიორგი გაგოშიძის მიერ უკვე აღებულია სამარხის ეპიტაფიის ასლი, რომელსაც სხვა სპეციალისტებთან ერთად მომდევნო დღეების განმავლობაში დეტალურად შეისწავლიან. ახლო მომავალში კი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კალაურის ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომლექსის ტერიტორიაზე აღმოჩენილ სამარხზე არქეოლოგიური მოკვლევის სამუშაოებს დაიწყებს, რაც ახალი აღმოჩენის ისტორიული მნიშვნელობას მეტ სიცხადეს შესძენს.

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კალაურის ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომლექსის ტერიტორიაზე სარესტავრაციო პროცესს 2015 წლიდან ახორციელებს. 2 წლის განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სააგენტოს დაფინანსებით წარიმართა.

მიმდინარე წელს კი სარესტავრაციო პროცესზე, რომელიც კვლავაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს, ფინანსური მხარდაჭერის ვალდებულება ფონდმა "ქართუმ" აიღო. რეაბილიტაციის სამუშაოებს არქიტექტორ-რესტავრატორი თამაზ დვალი ხელმძღვანელობს, სარესტავრაციო პროცესი კი თამაზ დვალისა და არქიტექტორ ნოდარ მინდორაშვილის თანაავტორობით მომზადებული პროექტის მიხედვით ხორციელდება," - აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

myquiz