რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩდნენ საჭეგადატანილი ავტომობილების მძღოლები | Allnews.Ge

რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩდნენ საჭეგადატანილი ავტომობილების მძღოლები

მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე საჭის მარცხნივ გადატანის შემთხვევაში, მძღოლები CO-თი მოწამვლისა და მექანიზმის დაუმორჩილებლობისგან დაზღვეულები არ არიან. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები გვირჩევენ - ავტომობილში საჭის ადგილმდებარეობა არ შევცვალოთ.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის განმარტებით, საერთაშორისო კონვენციების მიხედვით, ვალდებულები ვართ, ავტომობილის ძრავისა და საჭის სტანდარტები დავიცვათ, რაც აღნიშნული მექანიზმის თავდაპირველ პოზიციაში დატოვებას გულისხმობს.

"ჩვენთან მიიჩნევენ, რომ საჭის მარჯვნივ გადატანა უფრო უსაფრთხოა, რადგან მართვის დროს შედარებით მოსახერხებელია, თუმცა პრობლემა მისი კუსტარულად გადაკეთებაა. გარდა ამისა, ამ პროცეუდრას ის ფიზიკური პირები აკეთებენ, რომელთაც შესაბამისი ნებართვა არ აქვთ. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ  ავტომობილების მწარმოებელი ქარხნები ავტომობილის საჭის პოზიციის შეცლას დაუშვებლად მიიჩნევენ, რადგან მიაჩნიათ, რომ კომპანიის იმიჯზე უარყოფითად აისახება.

ამ დროს საჭის მექანიზმი ზიანდება, რის შედეგადაც, ავტოავარიისგან დაზღვეულები არ ვართ.

მე მინახავს, ავტომობილის მართვის დროს, მწყობრიდან გამოსული საჭე, რის გამოც, მძღოლმა მისი დამორჩილება ვეღარ შეძლო, " – განმარტავს ასოციაციის თავმჯდომარე. დავით მესხიშვილის თქმით, საჭის გადატანის შედეგად ავტომობილს ისეთი პრობლემა ექმნება, როგორიც ფარის არასწორი მიმართულებით ნათებაა, რადგან მისი მარცხენა ფარის სიმკვეთრის გამო, მძღოლს შემხვედრი ავტომობილის მძღოლს ხილვადობა უჭირს. 

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე განმარტავს, რომ არასწორად გადატანილი საჭის შედეგად, შესაძლოა, მოვიწამლოთ ან მანევრირებისას  ავტომობილი ვერ დავიმორჩილოთ.

განბაჟების თანხის მომატების მიუხედავად, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი გრძელდება

მარჯვენასაჭიანი და ძველი ავტომობილები გაძვირდა

"საჭეგადატანილ ავტომობილზე შეიძლება, მისი სამაგრებიც კი ისე იყოს გაკეთებული, რომ ავტომობილის მართვაში ხელი შეგვეშალოს ან საერთოდ გამოვიდეს მწყობრიდან. მაგალითად, გინდა, მოუხვიო, მაგრამ ავტომობილი საჭის მომძვრალი სამაგრის გამო, მანევრს უბრალოდ არ აკეთებს," – აღნიშნავს ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი.

საჭის მდებარეობის კუსტარულად შეცვლის შემთხვევაში, ავტომობილში რჩება ხვრელები, რომლებსაც მექანიკოსები არ ავსებენ. ამ ხვრელებს კი სალონში ნახშირორჟანგი შემოაქვთ, რის გამოც მგზავრები იწამლებიან.

"თითქოს რამდენიმე ხვრელია და დიდ ხარჯებთან დაკავშირებული არ არის, მაგრამ ეს ტექნიკოსის მხრიდან დამატებით რესურსსა და დროს მოითხოვს. მან რკინის შემდუღებელი აპარატი უნდა გამოიყენოს, შემდეგ კი სპეციალური ხმის იზოლაციის შესასხურებლებით ხვრელები ამოქოლოს, რასაც არ აკეთებენ, რადგან ძვირი ჯდება.

ყველა ცდილობს, რომ მეტი მოგება ნახოს და ნაკლები ხარჯი გაწიოს, ამისი კონტროლის მექანიზმი კი არ არსებობს.

გასათვალისწინებელია, რომ საჭის გადატანის დროს მასზე სპეციალური დამფარები ყენდება, რომლებიც საქართვლოში თითქმის არ იშოვება და მათი დამზადება ტექნიკოსებს თავად, კუსტარულად უწევთ, შესაბამისად, უსაფრთხოების ელემენტები გათვალისწინებული არ არის," – განმარტავს მევლუდ მელაძე.

იმის შესამოწმებლად, დატოვა თუ არა ტექნიკოსმა ავტომობილში ხვრელები, მევლუდ მელაძე ორ ხერხს გვთავაზობს:

1. თუ სხვა იგივე მარკის ავტომობილებთან შედარებით, თქვენს ავტომობილში უფრო მაღალი ხმა შემოდის, მაშინ საქმე ხვრელებთან გვაქვს;

2. შეგიძლიათ, ნივთი, რომელსაც ასდის კვამლი (ცეცხლი აუცილებლად ჩამქრალი უნდა იყოს! ნივთად ქაღალდის გამოყენებაც შეგიძლიათ) ცოტა ხნით მექანიზმში ჩაყოთ და თუ სალონში კვამლი შევა, მაშინ ავტომობილი ხვრელების ამოვსებას საჭიროებს, რათა არ მოიწამლოთ.

მევლუდ მელაძის თქმით, მარცხნივ გადატანილმა საჭემ ავტომობილს გადაადგილებაში ხელი არ უნდა შეუშალოს.

"თუ ხელოსანს საჭე კუსტარულად გადააქვს, მან ავტომობილს საჭის მექანიზმი თავად უნდა დაუმიზნოს და თუ ეს არასწორად გაკეთდა, შეიძლება, ავტომობილი რომელიმე მხარეს ცუდად უხვევდეს. არის შემთხვევები, როცა ტექნიკოსი საჭეს პედლების მწყობრში არ ამაგრებს, რაც, რა თქმა უნდა, მანევრირებისას პრობლემებს ქმნის. ასეთი ავტომობილი კი ძალიან ბევრია და დარწმუნებული ვარ, ამის გამო, არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მომხდარა, " – აღნიშნავს ის.

მთავარი შეკითხვა, რომელიც სპეციალისტებს საჭეგადატანილ ავტომობილებთან დაკავშირებით აქვთ, სავალდებულო ტექდათვალიერების საკითხია, რომელსაც, მათი აზრით, ბევრი ავტომობილი ვერ გაივლის. დავით მესხიშვილის თქმით, დასკვნა შვეიცარული კომპანიამ უნდა გამოიტანოს, რომელიც ამ ტიპის ავტომობილებისა და ტექდთვალიერების საკითხზეც მსჯელობს.

"არ ვიცით, ეს ავტომობილები არის თუ არა ექსპლუატაციისთვის ვარგისი და რამდენად გაივლიან ტექდათვალიერებას. ჩემი აზრით, ეს ერთ–ერთი სერიოზული პრობლემა გახდება, რადგან ბევრი მათგანი ამ ტესტს ვერ გაივლის," – განმარტავს მესხიშვილი.

რას მიექცევა ყურადღება სავალდებულო ტექდათვალიერების დროს

მევლუდ მელაძე კი აღნიშნავს, რომ საჭეგადატანილი ავტომობილების ტექნიკური დათვალიერებისას, თავად ინსტრუქტორები ბევრ დროს დახარჯავენ და შესაძლოა, მექანიზმი ეფექტური არც იყოს.

"პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს ბაზა, სადაც ნაჩვენებია, თუ რამდენ ავტომობილშია საჭის მდებარეობა შეცვლილი, შესაბამისად, მისი თავდაპირველი მაჩვენებლების ბაზაში მოძებნა დიდ დროს მოითხოვს, დეტალურად დათვალიერება კი თითქმის მთელი დღის სამუშაოებთანაა დაკავშირებული, ამას რომელი ინსპექტორი ან სისტემა გააკეთებს, არ ვიცი,"– დასძენს საავტომობილო ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ რეგულაციების ამოქმედება 2018 წლის იანვრიდან იგეგმება. სპეციალისტები იმედს იტოვებენ, რომ ამ მექანიზმით საჭეგადატანილი ავტომობილების უსაფრთხოების საკითხი გადაიჭრება.

 

 

myquiz