რა ბედი ეწიათ ბორჯომის ტყეში მობინადრე ცხოველებს | Allnews.Ge

რა ბედი ეწიათ ბორჯომის ტყეში მობინადრე ცხოველებს

უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობის ბიომრავალფეროვნებას ხანძარი ანადგურებს, რომლის ლიკვიდაციასაც მეხანძრე–მაშველები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. ხანძრის გამო ხეობაში მობინადრე ცხოველებს, ფრინველებს, ამფიბიებსა და მწერებს ბუდეები გაუნადგურდათ, ზოგიერთი მათგანი კი, გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხანძარს თავადაც ვერ გადაურჩა.

ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, კარლო ამირგულაშვილის განმარტებით, ტერიტორია, რომელიც იწვის, ნაკრძალს ემიჯნება, შესაბამისად, ის იშვიათი სახეობის ენდემური, წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების, ფრინველებისა და ქვეწარმავლების საცხოვრებელს წარმოადგენს.

"აქ გავრცელებულია დაახლოებით, 60–მდე ძუძუმწოვარი, 300–მდე სახეობის ფრინველი, როგორც გადამფრენი, ისე მობუდარი, რომელთაგან 13 სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი (მაგალითად, კავკასიური როჭო, თეთრკუდა არწივი). ცხადია, ხანძრის შედეგად, მათი ბუდეები აღარ არსებობს, რაც ფრინველისთვის ძალიან სერიოზული დისკომფორტია. სავარაუდოდ, ხანძრის შედეგად, თავის გადარჩენა ფრინველებმა და მსხვილმა ძუძუმწოვრებმა უფრო მოახერხეს, ვიდრე ამფიბიებმა, ღამურებმა და მწერებმა, მათი უმეტესობა ალბათ განადგურდა," – აღნიშნავს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

წაღვერის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

როგორ ვებრძვით ბორჯომის ხანძარს

კარლო ამირგულაშვილის თქმით, ბორჯომის ხეობაში გვხვდება მურა დათვი, კავკასიური კეთილშობილი ირემი, რომელიც ბორჯომის ეროვნული პარკის ტერიტორიაზეღაა შემორჩენილი, ფოცხვერი, არჩვი, წავი, შველი, მგელი, ტურა, ტყის კატა, გარეული ღორი.

"ძუძუმწოვრების ნაწილმა, სავარაუდოდ, ტერიტორიის დატოვება მოახერხა.

თუმცა უცნობია, რა ვითარებაში მოხვდნენ, მაგალითად, დათვები, რომელთაც ბელები ყავთ და მათთან ერთად უნდა დაეტოვებინათ ტყის ეს ნაწილი, ამ პერიოდში ბელები უკვე წამოზრდილები არიან.

ხანძარს სამი კერა აქვს, ასევე, სამწუხაროდ, აქ საკმაოდ რთული დაქანების ფერდობები გვხვდება და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ კერებს შორის ცხოველებმა იპოვნეს დერეფნები, რომელთა მეშვეობითაც ცეცხლს თავი დააღწიეს, თუმცა ეჭვი მაქვს, მაგალითად, ციყვებსა და კურდღლებს ამის დიდი შანსი ჰქონოდათ," – დასძინა კარლო ამირგულაშვილმა.

გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ასევე განმარტავს, რომ ტყეში 20–მდე სახეობის ღამურაა გავრცელებული, რომლებიც დღისით აქტიურ მდგომარეობაში არ არიან და უნდა ვივარუდოთ, რომ მათ ტერიტორიის დატოვება ვერ მოასწრეს.

"ალბათ ცეცხლს ვერ გადაურჩნენ კავკასიური გველგესლები, ბაყაყები, რეპტილიები და აქ გავრცელებული სასარგებლო თუ მავნე მწერები," – განმარტავს სპეციალისტი.

კარლო ამირგულაშვილის თქმით, ძნელი სათქმელია, ხანძრის შემდეგ ეს ცხოველები და ფრინველები არსებულ ტერიტორიებს დაუბრუნდებიან თუ არა, მაგრამ მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში ასე ხდება ხოლმე.

"იმედი მაქვს, ისინი ბუდეებს მომიჯნავე ტერიტორიებზე დაიდებენ და შემდეგ უკან დაბრუნდებიან"

ხანძარი ტყის მასივშია გაჩენილი, შესაბამისად, აქ განადგურდა იშვიათი სახეობის ხე–მცენარეები, რომლებიც ბორჯომის ხეობაში მრავლადაა წარმოდგენილი.

"ძირითადი სახეობებია აღმოსავლური ნაძვი, კავკასიური სოჭი, რომლის განადგურებაც ძალიან არასაასიამოვნო ფაქტია, რადგან მისი გირჩისა და თესლის ექსპორტი ხდებოდა. ქართული მუხა, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი, წიფელი, რცხილა, ნეკერჩხალი და წითელი ნუსხის ბუჩქოვანი მცენარეები, მაგალითად, სელი, იელი. მათ აღდგენა, რა თქმა უნდა შესაძლებელია, თუმცა ჯერ უნდა გაირკვეს, ჰუმუსის რა ნაწილია დამწვარი და განადგურებული და სამუშაოები შემდეგ ჩატარდეს," – აღნიშნავს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.

კარლო ამირგულაშვილს მიაჩნია, რომ ხანძრის შედეგა, სრულად, არცერთი პოპულაცია არ გადაშენებულა და მათმა ნაწილმა თავის გადარჩენა შეძლო, ტყის განადგურებული ბინადრების რაოდენობას კი მხოლოდ ხანძრის ჩაქრობისა და კვლევის ჩატარების შემდეგ გავიგებთ.

 

 

იხილეთ, მსოფლიოში ყველაზე დიდი სახანძრო თვითმფრინავი

myquiz