პირველი სექტემბრიდან დრონებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება | Allnews.Ge

პირველი სექტემბრიდან დრონებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია კატეგორიაში ექსპლუატაციისა და საჰაერო ხომალდის მოდელის ოპერირების მარეგულირებელი ნორმები 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. აღნიშნული ინფორმაცია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. არსებული ცნობის თანახმად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის, ასევე სპეციფიკურ კატეგორიაში ფრენის მოთხოვნები ძალაში მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან შევა.

უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის დაშვებულ სიმაღლედ 400 ფუტი განისაზღვრა, 400 ფუტზე მაღლა ექსპლუატაცია დაშვებული იქნება მხოლოდ სააგენტოს თანხობის საფუძველზე.

ვებ-გვერდზე გავრცელებული ცნობის თანახმად, მარეგულირებელი ნორმების ამოქმედებამდე, იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირებამ არ შეუქმნას საფრთხე ადამიანთა სიცოცხლეს, მათ პირად ცხოვრებასა და საკუთრებას, ასევე სამოქალაქო საჰაერო ხომალდების უსაფრთხოებას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შეიმუშავა მარტივი, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელებისა და ოპერატორებისათვის:

• უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენებამდე, დარწმუნდით რომ მისი შემადგენელი ყველა მოწყობილობა მწყობრშია. უზრუნველყავით აპარატის გამართული მუშაობა მწარმოებლის მიერ მოწოდებული სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად;

• დრონით ოპერირების წინ, გაეცანით ამინდის პროგნოზს. რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ოპერირება საფრთხისშემცველია როგორც თქვენთვის და გარშემომყოფებისთვის, ისე თქვენი აპარატისთვის;

• მოერიდეთ უპილოტო საჰაერო ოპერირებას ქალაქებში, ქუჩებში, სკვერებში, საჰაერო სივრცის იმ მონაკვეთებში სადაც დრონების ოპერირებაზე მოქმედებს წინასწარ დადგენილი შეზღუდვა. მჭიდროდ დასახლებულ და ხალხმრავალ ადგილებში;

• მოერიდეთ დრონის გამოყენებას შენობა-ნაგებობებისა და სტადიონების თავზე, სატრანსპორტო საშუალებების, მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძებისა და რადარების სიახლოვეს;

• მოერიდეთ უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირებას საჰაერო ხომალდების, აეროპორტებისა და აეროდრომების სიახლოვეს. ჰორიზონტალური დისტანცია შეზღუდული დაშვების კონტროლირებად აეროდრომებთან უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6000 მეტრს;

• მუდმივად შეინარჩუნეთ ვიზუალური კონტაქტი უპილოტო საჰაერო ხომალდთან, ყოველგვარი დამატებითი დამხმარე საშუალებების გარეშე (ტელესკოპი, ბინოკლი, ხედვის გამაძიერებელი ელექტრო-ოპტიკური საშუალებები), მოერიდეთ დრონის გამოყენებას ღამის საათებში. მოერიდეთ დრონების ოპერირებას 400 ფუტ სიმაღლეზე ზემოთ ხმელეთის და წყლის ზედაპირიდან;

• მოერიდეთ დრონების გამოყენებას მართლსაწინააღმდეგო მიზნებით. მოერიდეთ პირადი ცხოვრებისა და კერძო საკუთრების ამსახველ უკანონო აეროგადაღების წარმოებას უპილოტო საჰაერო ხომალდის მეშვეობით. გახსოვდეთ, რომ პირადი ცხოვრებისა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა გარანტირებული და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.

• გახსოვდეთ, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხომალდის მფლობელს/ოპერატორს.

myquiz