საქალაქო სასამართლო ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს | Allnews.Ge

საქალაქო სასამართლო ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუმდგომლობა განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ მიხეილ ი.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

"საქმე ეხება, 16 აგვისტოს, თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ი.ძ-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასამართლომ მხარეთა განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი მასალების, შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა. სასამართლომ გაითვალისწინა ქმედების სპეციფიკა, გარემოებები, დამდგარი მძიმე შედეგი, ასევე, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეები და მიხეილ ი.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 5 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება.

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში",- აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

myquiz