რა ხდება ისნის ბაზრობაზე ამ წუთებში? | Allnews.Ge

რა ხდება ისნის ბაზრობაზე ამ წუთებში?

ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, სავაჭრო ჯიხურების დაზარალებულ მეპატრონეებსა და ისნის ბაზრობის ტერიტორიის მფლობელ შპს "ტრანსსერვისის" იურისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ისნის ბაზრობაზე, სადაც მეორადი ავტონაწილები იყიდება, ხანძრის შედეგად დამწვარი მაღაზიების მფლობელები არიან შეკრებილები. ბაზრობის ტერიტორიის ყველა შესასვლელი ამ დროისთვის საპატრულო პოლიციის ლენტებითაა შემოსაზღვრული, დაზარალებულებს ტერიტორიაზე შესვლა და მათი მაღაზიების დათვალიერების საშუალება არ აქვთ.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, ისინი მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ ტერიტორიაზე. მათივე ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 40-მდე სავაჭრო ობიექტი.

ჟურნალისტებთან კომენტარის გასაკეთებლად გამოვიდა ისნის ბაზრობის მფლობელი კომპანიის შპს "ტრანსსერვისის" იურისტი ავთანდილ კახნიაშვილი და მას დაუპირისპირდნენ ტერიტორიაზე მყოფი დაზარალებულები.

დაზარალებულების განცხადებით, ბაზრობას არ უვარგა დაცვის სამსახური, მათ ვერ შეამოწმეს და ვერ გააკონტროლეს ელექტროობა. იურისტის მისამართით ისინი სვამდნენ კითხვებს, თუ ვინ აუნაზღაურებს მათ ზარალს.

დაზარალებულები აცხადებენ, რომ მათ აქვთ ბანკის ვალები და ბინები იპოთეკით აქვთ დატვირთული.ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე შესასვლელი ყველა კარი, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, საპატრულო პოლიციის ლენტითაა შემოღობილი. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ბაზრობის ტერიტორიაზე არცერთ გარეშე პირს არ უშვებენ.

ამ დროისთვის ადგილზე კვლავ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

myquiz