ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბოლო დეტალები | Allnews.Ge

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბოლო დეტალები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა იწყება.

ბრალდებულის, მიხეილ იაშვილის ადვოკატის დავით ცინცქილაძის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღნიშნულ მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვის.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს სასამართლოს დაწყებამდე განუცხადა, ბრალდებული მიხეილ იაშვილი გარდაცვლილი კახა ძნელაძის მკვლელობას არ აღიარებს და აღნიშნულ საქმეში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარეს დღეს გადმოეცა ის მტკიცებულებები, რომელზეც ბრალდება თავის პოზიციას ამყარებს.

დავით ცინცქილაძის განცხადებით, ამ წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულ იაშვილის დანაშაული ვერ დასტურდება. შესაბამისად, ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე აპირებს სასამართლოს მიმართოს, საერთოდ არ გამოიყენოს აღკვეთის ღონისძიება ან სხვა შემთხვევაში აღკვეთის მსუბუქი ფორმით ისარგებლოს, რაც გირაოს შეფარდებას გულისხმობს.

"ამ მტკიცებულებებიდან ნათლად ჩანს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, არსებობს მხოლოდ ორი სახის ოპერატიული ინფორმაცია და მე მას ცრუ ოპერატიულ ინფორმაციას ვუწოდებ. საქმეში არის გარდაცვლილი კახა ძნელაძის მეუღლის პირდაპირი ჩვენება, სადაც იგი უთითებს, რომ თითქოს მისი მეუღლის, კახა ძნელაძის მკვლელობა მიხეილ იაშვილმა განახორციელა. ამასთან, მეუღლე ამბობს, რომ ის ამოიცნო მოტოციკლეტის ჩაფხუტში. მეეჭვება, რომ ჩაფხუტში მყოფი პიროვნების ამოცნობა ასე იოლი იყოს საკმაოდ შორი მანძილიდან", - განაცხადა ადვოკატმა დავით ცინცქილაძემ.

გარდა ამისა, როგორც ადვოკატი ამბობს, ბრალდებული მიხეილ იაშვილი მკვლელობის დროს სახლოში იმყოფებოდა.

მისივე თქმით, როდესაც სამართალდამცველები იაშვილს სახლში ესტუმრნენ, მას ეძინა. ამის დადასტურება კი ადვოკატის თქმით, ოჯახის წევრებს და რამდენიმე მოწმესაც შეუძლია. ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ იაშვილის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა განუცხადა, არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომელიც ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მიხეილ იაშვილის ბრალეულობას დაამტკიცებს.

"წარმოდგენილი გვაქვს შუამდგომლობა და ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ვითხოვთ. ამისთვის საკმარისი მტკიცებულებები არსებობს, რომელიც აღნიშნულ ქმედებაში მიხეილ იაშვილის მონაწილეობას დაადასტურებს", - განაცხადა პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან ბრალდებულის ოჯახის წევრები და ნათესავები.

myquiz