მაშინ როცა სკოლები იხურება, მშობლები კი მუშაობას აგრძელებენ | Allnews.Ge

მაშინ როცა სკოლები იხურება, მშობლები კი მუშაობას აგრძელებენ

თუკი ბავშვებისთვის ზაფხულობით სკოლები იხურება, მშობლების უმეტესობისთვის სამსახური გრძელდება. იმაზე, თუ როგორ იქცევიან ასეთ დროს მშობლები სხვადასხვა ქვეყნებში, ბი-ბი-სი-მ რუსი, ბრიტანელი, ქართველი და ჩინელი დედები ჩაწერა.

ლინ პირსონი (უელსი, დიდი ბრიტანეთი)

ლოგოპედი, საოჯახო ბლოგის Raising my autistic son-ის ავტორი

საზაფხულო არდადეგები: ექვსი კვირა, ივლისის ბოლოდან სექტემბრის დასაწყისამდე

მე ოთხი შვილის მომუშავე დედა ვარ. ბრიტანეთში მომუშავე მშობლებს ხშირად ბაგა-ბაღები და აღმზრდელები ეხმარებიან, სანამ ბავშვები სასკოლო ასაკს მიაღწევენ. თუკი არ ჩავთვლით ასტრონომიულ ხარჯებს, ეს ძალიან მოსახერხებელია. მაგრამ როგორც კი ბავშვები სკოლაში მიდიან (ბრიტანეთში ეს 4 წლის ასაკში ხდება), სულ სხვა ამბავი იწყება.

როგორ განაგრძონ მშობლებმა სასკოლო არდადეგების დროს მუშაობა? აი რამდენიმე რჩევა:

1. ნუ გაურბიხართ პრობლემას - საზაფხულო არდადეგები დაიწყება, გინდათ თქვენ ეს თუ არა. ამიტომ სჯობს ყველაფერი დროულად დაგეგმოთ.

2. თუ თქვენ არასრული კვირის გრაფიკით მუშაობთ და გყავთ მეგობრები, რომლებიც ასევე არასრული კვირა მუშაობენ, მაგრამ სხვა დღეებში - თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ერთმანეთს. მე უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ვიქცევი ასე და იმ დღეებში, როდესაც ყველა ბავშვი ჩვენთანაა - სახლში სრული ქაოსი და ბედნიერება სუფევს!

3. თუ ისე გაგიმართლათ, რომ ბაბუა-ბებიები არც ისე შორს ცხოვრობენ, ეს ყველასთვის ძალიან კარგი ვარიანტია.

4. თუ ეს შესაძლებელია, მოიწყვეთ ოჯახური შვებულება. სახლისგან მოშორებით გატარებული ერთი-ორი კვირა ყველაფრის დაბალანსებაში დაგეხმარებათ.

5. გამოიგონეთ საოჯახო რიტუალები, რომლებსაც ყველა სულმოუთმენლად დაელოდება. ჩემი შვილები უკვე თინეიჯერები არიან, მაგრამ მე ვიცი, რომ ზაფხულობით ერთი დღით ქალაქ უიტბიში გავემგზავრებით და გავატარებთ იქ დროს ისე, როგორც შარშან და შარშანწინ. პიკნიკი პლაჟზე, ზღვაში ბანაობა, ადგილობრივ წიგნის მაღაზიაში წასვლა, დღის ბოლოს კი სანაპიროზე ვახშამი - რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი!

6. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ვერც კი შეამჩნევთ, თუ რა სწრაფად ჩაივლის არდადეგები და ისევ დაიწყება სწავლა!

დუნ ნა (პეკინი, ჩინეთი)

საავტორო უფლებების სფეროს მენეჯერი

საზაფხულო არდადეგები: დაახლოებით ორი თვე, ივლისი-აგვისტო

ჩემი შვილები სკოლაში ჯერ არ დადიან, გოგონა 3, ბიჭუნა კი 1 წლისაა და მე ჩემი მშობლები მეხმარებიან. მაგრამ მათაც უჭირთ და ჩვენ სკოლამდელი სწავლის დაწყებას ველოდებით.

გვესმის, რომ ფორმალური განათლების ძალიან ადრე დაწყება არაა კარგი, მაგრამ ვგრძნობთ, რომ იძულებულები ვართ დაუწერელ წესებს დავემორჩილოთ, რათა ბავშვებს არ ვუღალატოთ. ყველაზე გრძელი სასკოლო არდადეგები საზაფხულოა და ორ თვემდე გრძელდება. თუმცა, არსებობს უამრავი სხვადასხვა ჯგუფი და წრე საგანმანათლებლო განხრით - ისინი 3 თვის ასაკიდან იწყება და სასკოლო ასაკშიც გრძელდება.

დღევანდელ მსოფლიოში იმდენად მაღალი კონკურენციაა, რომ მთელი განათლების სისტემა ზარალდება და ყველას ჰგონია, რომ საჭიროა დაიცვა ეს დაუწერელი წესები, რომ სხვებს არ ჩამორჩე.

ნინო ქოქოლია-არუნაშვილი (თბილისი, საქართველო)

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის რეფერენტი

საზაფხულო არდადეგები: სამი თვე, ივნისი-სექტემბერი

მე სამი ბავშვის მომუშავე დედა ვარ - 13, 12 და 6 წლის. ჩემი სამსახური ძალიან საპასუხისმგელო და დაძაბულია. მიუხედავად იმისა, რომ 24-დღიანი შვებულება გვეკუთვნის, მისი ერთიანად აღება არ გამოდის.

ამიტომ ზაფხულში ბავშვების რამით დაკავება ძალიან აქტუალური საკითხია. როგორც წესი, ბავშვები საზაფხულო გაკვეთილებზე დამყავს - მაგალითად, ინფორმატიკასა და რომელიმე უცხოურ ენაზე. სამსახურის შემდეგ ბავშვები პარკში, აკვაპარკში ან ტბაზე გამყავს. უქმე დღეებში - ბუნებაში ან მდინარეზე.

ამასთან, ძალიან მეხმარებიან ბებიები, რომელთაც ერთი-ორი კვირით ბავშვების ქალაქიდან გაყვანა შეუძლიათ. შვებულების დროს ბავშვები დაახლოებით 10 დღით ზღვაზე მიგვყავს.

ნატალია ნოვიკოვა (მოსკოვი, რუსეთი)

ექიმი-ოსტეოპათი

საზაფხულო არდადეგები: სამი თვე, ივნისი-სექტემბერი

მარტო ვცხოვრობ ორ ქალიშვილთან ერთად - 10 და 4 წლის. ჩემი სამუშაო გრაფიკი თავისუფალია, მე თვითონ ვადგენ მას, ამიტომ, რაღაც კუთხით, ჩემთვის ამ საკითხის მოგვარება უფრო მარტივია.

იმ დღეებში, როდესაც ვმუშაობ, წინასწარ ვუთანხმდები ძიძას, რომელიც მე და ჩემს დაქალს საერთო გვყავს, ან ბებია-ბაბუებს. უფროსი ქალიშვილი სახლში მარტო რჩება, უმცროსს კი ჯერჯერობით ვიღაც უნდა ახლდეს თან. ისე ხდება, რომ ვიღაც ამისთვის დროს ყოველთვის ნახულობს.

ცოტა ხნის წინ, უფროსი ქალიშვილი ორი კვირით საქალაქო ბანაკში იყო, 9-დან 19 საათამდე ისინი მეცადინეობდნენ, კინოს იღებდნენ. მე დავიქირავე გოგონა, რომელსაც ის მიჰყავდა მეცადინეობებზე, ვინაიდან გზას სადღაც ერთი საათი სჭირდებოდა და გზის ნაწილი მეტროზე გადიოდა.

უმცროსი გოგონა მამამისმა ერთი კვირით აგარაკზე წაიყვანა. ახლა კი მე ორივე შვილთან ერთად ვარ აგარაკზე და კვირაში რამდენიმეჯერ მოსკოვში დავდივარ სამუშაოდ, ამ დროს მათთან დედაჩემი რჩება, რომელმაც ერთკვირიანი შვებულება აიღო.

myquiz