რა სიახლეები ელის სექტემბრიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს | Allnews.Ge

რა სიახლეები ელის სექტემბრიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს

თუ რა ცვლილებებია დაგეგმილი თბილისის სატრანსპორტო სისტემაში და როდიდან ამოქმედდება ეს ცვლილებები, Allnews.ge თბილისის მერის მოადგილეს, ირაკლი ლექვინაძეს ესაუბრა.

-ამ დროისათვის დასრულებულია თბილისში 143 ერთეული ახალი ავტობუსის შემოყვანა, ავტობუსები ზაფხულის რეჟიმის შესაბამისად 12 მარშრუტზე მუშაობს. პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კიდე ერთი ახალი მარშრუტის (#150) დამატება მოხდება. დასრულებულია და ექპლუატაციაშია ახალი ავტობაზა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე გაზგასამართი და სამრეცხაო სისტემებით, ასევე მანის ავტორიზებული სერვის ცენტრით.

დაწყებულია ახალი მოდერნიზებული გადახდის სისტემების დანერგვის პროცესი და მომავალი წლის ზაფხულიდან მგზავრები უკვე შეძლებენ როგორც სამგზავრო, ასევე ყველა ტიპის საბანკო ბარათის საშუალებით გადახდების განხორციელებას. გარდა ამისა, დაიხვეწება ავტობუსების პარკის მართვისა და კონტროლის სისტემები.

აქტიურად მიმდინარებს მეტროს ვაგონების კაპიტალური შეკეთებებისა და მოდერნიზაციის მიმართულებით მუშაობა. იქნება ახალი ტიპის და დიზაინის ვაგონი (დასრულდება სექტემბერში). აგვისტო-სექტემბერში დასრულდება 2 მეტრო სადგურის "ახმეტელის თეატრის" და "ვარკეთილის" რეკონსტრუქცია. შემოდგომაზე აქტიური სამუშაოები დაიწყება სამგორის, ავლაბარის, მარჯანიშვილის, ნაძალადევის, გოცირიძის და გურამიშვილის მეტროსადგურების რეკონსტრუქციის მიმართულებით.

-პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია რა ეტაპზეა?

-პეკინის ქუჩაზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმშია და დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ამ დროისთვის დასრულებულია გზის ერთ მხარეს მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლის პროცესი და დაგებულია გზის საფარის პირველი პირი. ამ ეტაპზე, სამუშაოები მიმდინარეობს გზის მეორე მხარეს, სადაც ასევე იცვლება კომინიკაციები, მიმდინარეობს მიმდებარე გზების დაერთების და გზაჯვარედინების მოწყობის სამუშაოები. აქტიურ განხილვაშია პეკინის და შარტავას ქუჩის გაცალმხრივების საკითხი, მიმდინარეობს დაკვირვება-შესწავლა, ჩართულია გერმანელი სპეციალისტების ჯგუფიც.

გაცალმხრივება საშუალებას იძლევა ამ ორ ქუჩაზე მოეწყოს სპეციალური საავტობუსე ხაზები და ველობილიკები.

პროექტის დასრულება დაგეგმილია 15 სექტემბერს და ვფიქრობ, თბილისში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ინფრასტრუქტურულ პროექტს მივიღებთ.

არ დაელოდოთ სექტემბერს: მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" ექსკლუზიური ვიდეოკადრები

-ახალი მეტროსადგურის, "უნივერსიტეტის" სამუშაოები როდის დასრულდება და როდიდან მოემსახურება ახალი მეტრო მგზავრებს?

-ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს სატესტო პროცესები.

ახალი მეტროსადგური სექტემბერ-ოქტომბერში გაიხსნება.

-რამდენიმე თვის წინ, ჩვენთან საუბარში განაცხადეთ, რომ იგეგმება ავტოგასამართი სადგურების გადატანა, შემოდგომაზე ხომ არ აპირებთ ამ მიმართულებით რამეს?

-ეს საკითხი აქტუალურია, განსაკუთრებით "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბენზიგასამართ სადგურებთან მიმართებაში, სადაც დგას გზის გაფართოების საჭიროება, მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი.

დიდუბის მეტრო შესაძლოა, დიდ დიღომს დაუკავშირდეს

მალე თბილისიდან რუსთავში ტრამვაით ან მიწისზედა მეტროთი ჩავალთ

-მიწისზედა მეტრო, რომელიც თბილისსა და რუსთავს დააკავშირებს, ეს ინფორმაცია მედიაში გაჟღერდა, რამდენად სწორია და რა დეტალებს გვეტყვით ამ საკითხზე?

-ჯერჯერობით ეს მხოლოდ იდეა და შესაძლებლობის განხილვაა, რომელსაც სჭირდება შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ეს ეხება ასევე მეტროს განვითარების სხვა მიმართულებებსაც.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz