რა უნდა ვიცოდეთ კოქსაკის ვირუსზე თუ თურქეთში ვაპირებთ წასვლას | Allnews.Ge

რა უნდა ვიცოდეთ კოქსაკის ვირუსზე თუ თურქეთში ვაპირებთ წასვლას

კოქსაკი აშშ-ის ქალაქის სახელწოდებაა, სადაც პოლიომიელიტისმაგვარი დაავადების ეპიდემია აღირიცხა. თურქეთის ტერიტორიაზე გავრცელებული კოქსაკის ვირუსი ენტეროვირუსული ინფექციების რიცხვს განეკუთვნება. ენტეროვირუსები კარგად უძლებენ დაბალ ტემპერატურას და არსებობას წყალშიც განაგრძობენ. ინფექციის წყარო შეიძლება გახდეს მხოლოდ ადამიანი. ვირუსი განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში ვრცელდება, რისთვისაც წყალში, საკვებში, სათამაშოებზე და ხელებზე მცირეოდენი დოზის მოხვედრა სავსებით საკმარისია.

ამ ინფექციის ერთ-ერთი თავისებურება ჯანმრთელი ვირუსმატარებლობაა, რაც სპორადული ფორმების მუდმივ აღმოცენებას და მასობრივ დაავადებებს განაპირობებს. ცნობილია ინფექციის გავრცელების ვერტიკალური გზაც, ანუ დედისგან ნაყოფზე გადაცემა. დამტკიცებულია, რომ თუ ქალს ორსულობის დროს ენტეროვირუსი შეეყარა, თანდაყოლილი ინფექციით ბავშვის დაბადების რისკი საკმაოდ მაღალია. ენტეროვირუსებისთვის ორგანიზმის კარიბჭეა ზედა სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსი. აქ მოხვედრისას ვირუსი მრავლდება და ადგილობრივად იწვევს ანთების სიმპტომებს: მწვავე რესპირატორულ დაავადებას, ფარინგიტს, ნაწლავის დისფუნქციას. მოგვიანებით გამომწვევი აღწევს სისხლში, რომლის მეშვეობითაც მთელ ორგანიზმში ვრცელდება.

პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია დაიცვათ შემდეგი წესები:

- დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები, საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები ჭამის წინ, საპირფარეშოს შემდეგ და სეირნობიდან დაბრუნებისთანავე;

- სასმელად გამოიყენეთ მხოლოდ ბუტილირებული ან ადუღებული წყალი;

- დაიცავით საკვების შენახვის ტემპერატურული პირობები, მიირთვით მხოლოდ ისეთი პროდუქტები, რომელთა შენახვის ვადაც ცნობილია;

- საგულდაგულოდ გარეცხეთ ხილი, კენკრა და ბოსტნეული;

- ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილიზაციამდე შეუზღუდეთ ბავშვებს აუზში შესვლა.

დაავადება იწვევს სიმპტომებს მაღალი სიცხის, გულისრევის, ფაღარათის, პირის ღრუს ლორწოვან გარსზე პატარა იარების სახით. კოკსაკის ვირუსით გამოწვეული დაავადება მარტივად შეიძლება სტომატიტში ან ჩუტყვავილაში შეგეშალოთ. უმეტეს შემთხვევებში, დაავადებას სიმძიმის ხარისხის მიხედვით, მარტივი და საშუალო ფორმა აქვს. კოკსაკის ვირუსით ინფიცირების ფაქტის დადგენა მხოლოდ ლაბორატორიული გამოკვლევების საშუალებითაა შესაძლებელი.

myquiz