სკოლებში "ვაშლების დარიგების" კამპანია განათლების სამინისტროს 90 ათასი ლარი დაუჯდება | Allnews.Ge

სკოლებში "ვაშლების დარიგების" კამპანია განათლების სამინისტროს 90 ათასი ლარი დაუჯდება

სკოლებში "ვაშლების დარიგების" კამპანია განათლების სამინისტროს პირველ ეტაპზე 90 ათასი ლარი დაუჯდება, - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის მენეჯერმა მაია მუშკუდიანმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, სკოლებში "ვაშლების დარიგების" კამპანიის პირველ ეტაპი სექტემბრიდან-დეკემბრამდე გაგრძელდება და ამ პერიოდის მანძილზე განათლების სამინისტროს დაახლოებით, 45 ტონა ვაშლი დასჭირდება.

"რაც შეეხება ხარჯებს, პირველადი მონაცემით, ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ვფიქრობთ, რომ დეკემბრამდე სკოლების ვაშლებით მომარაგებას მთლიანობაში 90 ათასი ლარი დასჭირდება," - განაცხადა მუშკუდიანმა.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე დედაქალაქის მასშტაბით არსებული დიდი სკოლები შეირჩა, კერძოდ, ვაშლები თბილისის 10 სკოლის 20 ათას ბავშვს დაურიგდება. მოსწავლეებს ვაშლებს კვირაში ერთხელ მიიღებენ.

როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნეს, კამპანია ერთჯერადი ხასიათის არ არის და პროგრამა იანვრიდან უკვე ქვეყნის მასშტაბით სხვა სკოლებსაც მოიცავს.

ამასთან, მაია მუშკუდიანის განცხადებით, განათლების სამინისტრო ვაშლის შესაძენად ტენდერს მიმდინარე კვირას გამოაცხადებს და სკოლებში "ვაშლის დარიგების" კამპანიას სექტემბრიდან, სწავლის დაწყების პირველივე კვირიდან დაიწყებს.

"ბაზრის კვლევა ჩავატარეთ და ამ კვირაში ტენდერიც გამოცხადდება. ყველა სკოლისთვის მთლიან ტენდერს ვაცხადებთ. სკოლებს და ბუფეტებს ხარჯის გაწევა აღარ დასჭირდებათ, ყველაფერს ტენდერში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს - სკოლებში გარეცხილ, გამშრალებულ, ყუთებში ჩალაგებულ ვაშლებს მიიტანს და ლარნაკებში ჩაალაგებს", - განაცხადა მუშკუდიანმა.

მისი თქმით, ტენდერში გათვალისწინებული პირობით, ვაშლის შესყიდვა ადგილობრივი ფერმერებისგან მოხდება.

myquiz