საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პირველი ქალი მფრინავი | Allnews.Ge

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პირველი ქალი მფრინავი

"ჩემი კურსელი ბიჭები სკეპტიკურად მიყურებდნენ, პილოტობა რა ქალის პროფესიააო, მაგრამ ეს უფრო მაძლევდა მოტივაციას, დამემტკიცებინა, რომ მფრინავი ისევე შეიძლება იყოს ქალი, როგორც კაცი," - ისხენებს 25 წლის ნადია ბენკლიანი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში პირველი ქალი მფრინავია.

ნადიას ფრენის სურვილი პირველად 14 წლის ასაკში გაუჩნდა, როდესაც რეისის შესრულების დროს პილოტის კაბინაში პირველად მოხვდა.

"მამაჩემი დაახლოებით 30 წლის განმავლობაში ბორტინჟინერი იყო, თავიდანვე საავიაციო გარემოში ვიზრდებოდი და რა თქმა უნდა, ჩემზე ზეგავლენა ამანაც მოახდინა. როდესაც მშობლებს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი, თავიდან იფიქრეს, გადაუვლისო, თუმცა როდესაც საავიაციო უნივერსიტეტეში ჩაბარება დავაპირე დიდი წინააღმდეგობა შემხვდა, განსაკუთრებით დედაჩემისგან, რადგან ცდილობდა, გადამეფიქრებინა," - იხსენებს ნადია ბენკლიანი.

ახალგაზრდა მფრინავს თანაკურსელი ბიჭებისგან გარკვეული დისკომფორტი და სტერეოტიპული დამოკიდებულება მაინც ხვდებოდა.

"სერიოზულად არ აღმიქვამდნენ, ცდილობდნენ, ეჩვენებინათ, ჩვენ ბიჭები ვართ და ეს პროფესია უფრო ჩვენიაო.

მართლაც, პილოტობა დღემდე მიიჩნევა მამაკაცურ პროფესიად, თუმცა არცერთ ბიჭს არ ჩამოვრჩებოდი სწავლით და სტიპენდიანტიც ვიყავი. ზოგადად, მიყვარს, როდესაც ჩემთვის რაღაც ადვილი არ არის და როდესაც დაბრკოლების გადალახვა მიწევს, მერე უფრო კმაყოფილი ვარ, რომ მოვინდომე, გავაკეთე და ეს ამად ღირდა," - განმარტავს ნადია.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პროფესიით მუშაობის ეტაპიც დადგა, რისთვისაც ერთ-ერთ ავიაკომპანიას მიაკითხა.

"როდესაც კომპანიაში სამუშაოდ მივედი, 23 წლის ვიყავი, ჩემამდე კომპანიას დასაქმებული ჰყავდა მფრინავი ქალი, რომელიც ქართველი არ იყო. ვერ ვიტყვი, რომ როცა მივედი, რაიმე დაბრკოლება შემხვდა და მათი იმაში დარწმუნება დამჭირდა. გამოსაცდელი პერიოდი მომცეს და საბოლოოდ, დადებითი შეფასება მივიღე. წამითაც არ ვნანობ, რომ ეს პროფესია ავირჩიე. ვიცი, რომ სწორედ იქ მოვხვდი, სადაც უნდა ვიყო," - აღნიშნავს 25 წლის მფრინავი.

ნადიას მოლოდინი პრაქტიკაში გამართლდა, ახლა ის რეისებს დამოუკიდებლად, დამხმარე ინსტრუქტორის გარეშე ასრულებს. მგზავრებს მის დანახვაზე ყოველთვის პოზიტიური რეაქცია აქვთ ხოლმე.

"ხან ისე ხდება, რომ მგზავრები მხედავენ კაბინიდან როგორ გამოვდივაარ და ყოველთვის აღფრთოვანებულები არიან ხოლმე. ბოლოს ბიზნეს-კლასის მგზავრებმა დამინახეს და სტიუარდესას ეკითხებოდნენ, მართლა მე ვიყავი თუ არა მფრინავი".

ახალგაზრდა მფრინავი რეისებს მოსკოვის, პრაღის, ვარშავისა და სხვა ქალაქების მიმართულებით თითქმის, ყოველდღე ასრულებს, გაღვიძება და სამსახურში წასვლა შუაღამისას უწევს, მაგრამ ამის გამო უკმაყოფილო არ არის.

"ძილი ძალიან მიყვარს, მაგრამ რომ ვიცი, თვითმფრინავში უნდა ჩავჯდე და რეისი შევასრულო, სამსახურში სიხარულით მივდივარ ხოლმე."

ნადიას კომპანიაში მეორე პოზიციაც აქვს, ის მფრინავთან ერთად, უსაფრთხოების მენეჯერიცაა, რაც რისკების შეფასებასა და ფრენების უსაფრთხოებას გულისხმობს.

 

myquiz