სპეცოპერაცია ფონიჭალაში - დაკავებულია ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულები | Allnews.Ge

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - დაკავებულია ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულები

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, ცურტაველის ქუჩაზე გუშინ, სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

მეზობლების ინფორმაციით, დაკავებულები ძმები არიან. ადგილზე სამართალდამცველები და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მეზობლების განცხადებით, დაკავებულ ძმებზე სხვა დროს მსგავს საქმეში მონაწილეობის შესახებ არაფერი სმენიათ. მათივე თქმით, ორივე მათგანი გაჭირვებული ოჯახიდანაა. სხვა დამატებით დეტალებს მეზობლები არ ფლობენ.

დაკავებულების ოჯახის წევრების განცხადებით კი, ბრალდება უსაფუძვლოა და სამართალდამცველებმა მათ ნარკოტიკები ჩაუდეს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დაკავებულების ძმამ სამრატ ჯაფაროვმა განაცხადა, სპეცდანიშნულების რაზმმა ოჯახის წევრები სახლიდან გაყარა, მოგვიანებით კი უთხრეს, რომ სახლში ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს.

ჯაფაროვის თქმით, თავდაპირველად მისი ძმები პოლიციის განყოფილებაში გამოიძახეს და როდესაც მათ სახლში სპეცრაზმი მივიდა, ძმები ისევ პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ. დაკავებულების ოჯახის წევრები შს სამინისტროსგან დაკავებულების დროულ გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე, ოჯახი ითხოვს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას.

ოჯახი ასევე არ გამორიცხავს, რომ მომხდარი ფაქტი მეზობელთან არსებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს. როგორც დაკავებულის ძმამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, გვერდით მცხოვრები მეზობელი მათ სახლის დანგრევას სთხოვდა. დაკავებულების ძმა არ გამორიცხავს, რომ მეზობელი, რომელთანაც კონფლიქტი აქვთ, სამართალდამცველებთან იყოს კავშირში.

"ვიყავით სახლში, უცებ შემოვარდნენ პოლიციელები, ოჯახის წევრები გაგვყარეს სახლიდან, არ მოგვცეს სახლში შესვლის უფლება, დალეწეს ყველაფერი და შემდეგ გაურკვეველ ნივთიერებაზე გვითხრეს, რომ ნაპოვნია ნარკოტიკული საშუალება. ეს არ არის სიმართლე. ჩვენს სახლში ნარკოტიკული საშუალება არ ინახებოდა და არ გვქონია არასდროს. თუმცა, მათ ამის განმარტების საშუალება არ მოგვცეს და დააკავეს ჩემი ორი ძმა. არასდროს არც ერთ მათგანს პოლიციასთან პრობლემები არ ჰქონია. ნებისმიერ მეზობელს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ყოველთვის პატიოსნად ვცხოვრობდით. მოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, გაათავისუფლონ ჩემი ძმები და ჩატარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომ დადგინდეს სიმართლე. მე ასევე ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩემი ძმების დაკავება უკავშირდებოდეს ჩვენსა და ერთ მეზობელს შორის კონფლიქტს. ის გვთხოვდა სახლის დანგრევას, რასაც არ ვთანხმებოდით და შეიძლება ის ამ მეთოდით შეეცადა სიტუაციის შემობრუნებას. არ გამოვრიცხავ, რომ ის იყოს პოლიციელებთან დაახლოებული ადამიანი", – განაცხადა სამრატ ჯაფაროვმა.

myquiz