"ეს ფესტივალი არ არის, თავი უკაცრიელ კუნძულზე მგონია" - რას ყვებიან GEM Fest-ზე არსებული ობიექტების მფლობელები | Allnews.Ge

"ეს ფესტივალი არ არის, თავი უკაცრიელ კუნძულზე მგონია" - რას ყვებიან GEM Fest-ზე არსებული ობიექტების მფლობელები

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, GEM Fest-ის დახურვამდე რამდენიმე დღე დარჩა, მის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ობიექტები კი ყოველდღიურად იხურება, რის მიზეზადაც, მაღაზიების მფლობელები დამსვენებლების სიმცირეს ასახელებენ.

დაიხურა ისეთი ობიექტები, როგორებიცაა Art Café Home, Uptown, Vitamin A, ფინანსური პრობლემების გამო მუშაობა უჭირთ სხვა ობიექტებსაც.

Art café Home-ის მენეჯერის, სოფო ნიკოლაძის თქმით, ერთთვიანი ფესტივალი ჩაიშალა, რადგან ანაკლიაში ძალიან ცოტა დამსვენებელი ჩამოვიდა, რომელთა უმეტესობაც GEM Fest-ის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებში პროდუქტებს არ იძენდა.

"მხოლოდ ერთ დღეს ჩამოვიდა ირანის დაახლოებით, 4 000 მოქალაქე, რომლებიც მალევე წავიდნენ და იმ დღის შემდეგ აქ ყველაფერი ჩაკვდა. დიდი იმედი გვქონდა, რომ აგვისტოში მაინც ვიმუშავებდით, მაგრამ საერთოდ არაფერი აღარ ხდება, ძალიან დიდ ზარალში ვართ, დაახლოებით, 50 000 ლარის ოდენობით, ამიტომ ჩვენი ობიექტი დავშალეთ და წამოვედით.

პერსონალის ხელფასები საკუთარი ჯიბიდან გადავიხადეთ, ხელმძღვანელებს თანხა საერთოდ არ აგვიღია.

ინფრასტრუქტურა ჩვენ მოვაწყეთ და ძალიან საინტერესოა, რა გააკეთა აქ სიგუამ, რაში დახარჯა ფული. გიორგი სიგუა სულ სამჯერ ვნახეთ, მოვიდა დაცვით, ტელევიზიებთან კომენტარი გააკეთა, რა კარგ ფესტივალს აკეთებს და წავიდა ისე, რომ ჩვენთან კომუნიკაცია არ ჰქონია, ახლა კი აღებული ვალდებულებების გასტუმრებას გვთხოვს, რაც ვერ მოხდება, რადგან ჩვენ თვითონ ზარალში ვართ," - აღნიშნავავს სოფო ნიკოლაძე.

მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ფესტივალის ტერიტორიაზე არცერთი ორგანიზატორი არ გამოჩენილა, ისინი ობიექტების მუშაობითა და არსებული ვითარებით საერთოდ არ დაინტერესებულან.

"ფესტივალი ძალიან ცუდად იყო ორგანიზებული, მათ უნდა გაეყიდათ ბილეთები და ხალხი ჩამოეყვანათ, რომ შემდეგ ჩვენ გვემუშავა, მაგრამ დღეში ერთ 2 ლარიან წყალს რომ გაყიდი და პერსონალს ხელფასი უნდა გადაუხადო, რომელ მოგებაზეა საუბარი".

GEM Fest-ის ტერიტორიის დატოვებას გეგმავს იტალიური რესტორანი Vitamin A-ს მფლობელიც. მისი თქმით, მთელი ფესტივალის მანძილზე რესტორანში სულ 50 ადამიანი შევიდა, ანაზღაურება კი 20-მდე პირისთვის უნდა გადაეხადა, ამავდროულად, ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მას სესხის აღება მოუწია, რომლის გასასტუმრებლად შემოსავალი საერთოდ არ მიუღია.

"ეს ფესტივალი არ არის, თავი უკაცრიელ კუნძულზე მგონია.

მაგალითად, დღეს, მხოლოდ ორი დამსვენებელი შემხვდა. რაც დავხარჯე, იქიდან 1 ლარიც კი არ ამომიღია, თუმცა არც მიკვირს, რადგან რაც აქ ვარ, მუშაობა არცერთ ობიექტს არ აქვს," - განმარტა მეპატრონემ.

Maestro Gelatos მფლობელ თენგიზ გოგიას, იმედი აქვს, რომ ფესტივალის დახურვის დღეებში მაინც იქნება მუშაობა. 

"ახლა აქ ხალხი საერთოდ არ არის, ბარები და კვების ობიექტები იკეტება. პერსონალის სახით 9 ადამიანი ავიყვანე, თუმცა მათი რაოდენობა 3-მდე შევამცირე, რადგან ხელფასებს ვერ ვუხდი.

კატასტროფული ზარალი მაქვს, ჩემი თანამშრომლები ახლა უხელფასოდ მუშაობენ.

თვითონ, GEM Fest-ის მოხალისეებსაც კი არ აუღიათ ხელფასი, თანხის ნაცვლად მათ ბილეთებს ურიგებდნენ," - განმარტავს ვენდორი. მისივე თქმით, ფესტივალი ჩაშლილად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ერთი თვის განმავლობაში ხალხი მხოლოდ რამდენიმე დღეს იყო. თენგიზ გოგია ასევე დასძენს, რომ GEM Fest-ის ადმინისტრაცია არსებულ ვითარებაში თავად მფლობელებს ადანაშაულებს, მიზეზად კი მათ არაორგანიზებულობას ასახელებს.

სხვა ობიექტებთან შედარებით, Hard Rock Café-ში უფრო მეტი ხალხი შედის, რაც, პერსონალის თქმით, ბურგერების ხარჯზე ხდება, თუმცა კაფეს ისეთი მუშაობა მაინც არ აქვს, როგორსაც ელოდნენ.

"იმდენი არა, რასაც თავიდან გვპირდებოდნენ," - აღნიშნავს მენეჯერი.

დახურული ობიექტების ნაწილი ფესტივალის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს, რადგან მათი თქმით, გიორგი სიგუამ ისინი მოატყუა.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში Check In Georgia-ს ფარგლებში ტარდება, რომელსაც დაფანანსების სახით, სახელმწიფომ 1 900 000 ლარი გამოუყო.

 

 

რას საქმიანობდა გიორგი სიგუა GEM Fest-მდე

გიორგი სიგუა - გარანტიას ვაძლევთ ყველას, რომ ბოლო თეთრამდე გადავუხდით ვალს

myquiz