გიორგი სიგუა - გარანტიას ვაძლევთ ყველას, რომ ბოლო თეთრამდე გადავუხდით ვალს | Allnews.Ge

გიორგი სიგუა - გარანტიას ვაძლევთ ყველას, რომ ბოლო თეთრამდე გადავუხდით ვალს

არ გამოდგა ფინანსურად წარმატებული ერთ თვიანი ფესტივალი და ეს პირველ რიგში იყო ჩემი მცდარი წარმოდგენის შედეგი, - ამის შესახებ GEM FEST-ის ორგანიზატორი გიორგი სიგუა აცხადებს.

როგორც სიგუა "ფეისბუქში" წერს, გუნდი ყველა ვალდებულებას შეასრულებს.

"არ გამოვა რომ არ ვთქვა. ისე, როგორც ბევრს აქვს ჩვენს წინაშე ფინანსური ვალდებულებები, ასევე ჩვენც გაგვაჩნია იგივე, სხვების მიმართ. არ გამოდგა ფინანსურად წარმატებული ერთ თვიანი ფესტივალი და ეს პირველ რიგში იყო ჩემი მცდარი წარმოდგენის შედეგი. ყველა სიკეთესთან ერთად დაგვემატა მრავალჯერადი ფორსმაჟორი: წვიმიანი, ქარიშხლიანი, სეტყვიან-შტორმიანი და მეხიანიც კი, (მეტეორი არ მოგვხვედრია მხოლოდ ) ივლისი. ფესტივალის გახსნიდან 16 დღის განმავლობაში, სულ სამი-ოთხი დღე იყო მზიანი. შემდეგ ტრაგედია - ადამიანის გარდაცვალება, მოწამვლები და შედეგად, საერთო ნერვული ფონი და ქმედებები.

კვების და სავაჭრო ობიექტები ვერ გვიხდიან იჯარის ფულს, იმიტომ, რომ არ აქვთ მუშაობა. ჩვენც არ გვაქვს შემოსავალი და ვერ ვიხდით ბევრ ვალს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, უცხოელ პარტნიორებთან. (სურვილის და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ გავასაჯაროოთ ნებისმიერი ინფორმაცია ჩვენი ხარჯების და ფინანსური ვალდებულებების, ასევე შემოსავლების შესახებ).

რა არის გამოსავალი? მხოლოდ ერთი, რეალობისთვის თვალის გასწორება და სამომავლო მუშაობის დაგეგმვა. რეალობა კი არის ის, რომ მე პირადად და ჩემი გუნდი, არც ერთ ვალდებულებას არ გავურბივართ. ვგეგმავთ, გავაგრძელოთ მუშაობა ეკონომიკურად გამართლებული ღონისძიებების ჩასატარებლად, საიდანაც სარგებელს მიიღებს ყველა დაწყებული, არსებული მოიჯარით, რომელმაც წელს ჩვენთან ერთად ირწმუნა, ერთ თვიანი ფესტივალის სარგებლიანობა და ჩვენთან ერთადვე იზარალა ფესტივალის განმავლობაში.

კარგად ავწონ-დავწონით და უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ თუ სად, რამდენი ხნით და რა ფორმით გაიმართება მომავალი პროექტები ისე, რომ მაქსიმალურად მომგებიანი იყოს ეს ყველაფერი ფინანსურად, როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, კომპანიებისთვის და სტრუქტურებისთვის, რომელთა წინაშეც არსებულ ვალდებულებებს არსად გავურბივართ.

გარანტიას ვაძლევთ ყველას, რომ ბოლო თეთრამდე გადავუხდით ყველა ვალს, ყველა სუბიექტს და ობიექტს, თუ, რა თქმა უნდა, ამ კრიზისის შედეგად, გამოწვეული რთული სიტუაციის ფონზე, ხელი არ შეგვეშლება მუშაობაში და მოგვეცემა შესაძლებლობა, რაც შეიძლება მალე კომერციულად მომგებიანი და მოკლევადიანი პროექტები განვახორციელოთ, არა სახელმწიფო არამედ, კერძო ინვესტიციით.

ჩვენი პარტნიორების და საზოგადოების მოლოდინები კი, რომელიც სხვადასხვა მიზეზით ვერ გამართლდა საფესტივალო დღეების განმავლობაში, აუცილებლად რეალობად იქცევა, იმ ღონისძიებებზე, რომლის გეგმაზე მუშაობაც უკვე მიდის გუნდის მიერ, თუ, რა თქმა უნდა, იქნება ნება ყველა მხრიდან, რომ იარსებოს პროექტმა, როგორც ეკონომიკური, სოციალური და ტურისტული თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონემ", - აცხადებს გიორგი სიგუა.

 

რას საქმიანობდა გიორგი სიგუა GEM Fest-მდე

myquiz