რას საქმიანობდა გიორგი სიგუა GEM Fest-მდე | Allnews.Ge

რას საქმიანობდა გიორგი სიგუა GEM Fest-მდე

GEM Fest-ის დამფუძნებლის, გიორგი სიგუას საქმიანობით საზოგადოება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაინტერესდა, რადგან ოპონენტების მხრიდან მისი მისამართით არაერთი ბრალდება გამოითქვა. გიორგი სიგუას ქმედება საზოგადოების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მანამდეც გამოუწვევია, გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს მისი თანამდებობაც შეეწირა.

გიორგი სიგუა 1981 წლის 22 სექტემბერს თბილისში დაიბადა. გავრცელებული ინფორმაციით, სიგუა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის აქტიური სტუდენტი იყო და რექტორის არჩევნების პერიოდში განსაკუთრებულ ინიციატივას იჩენდა, თუმცა, როგორც მედია იტყობინება, მას საუნივერსიტეტო სივრცის დატოვება ვარდების რევოლუციის შემდეგ მოუწია.

რექტორის არჩევნების შემდეგ სიგუამ საქართველო დატოვა, რის მიზეზადაც ის ძმები ახალაიების, გივი თარგამაძისა და ლადო ვარძელაშვილის მუქარას ასახელებდა.

"მოვიდნენ უნივერსიტეტში და ლექტორებს უთხრეს, თუ გიული ალასანიას დაქალს, რუსუდან ლორთქიფანიძეს ხმას არ მისცემდნენ, ყველას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. ეს საქმე ამოწიონ და ერთ-ერთი მთავარი მოწმე ივქნები. მომკლავდნენ, აქედან რომ არ წავსულიყავი. გერმანიაში გავიქეცი თავის საშველად. ცოტა ხანს ნათესავის სახლში ვცხოვრობდი, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი ისტორიის მქონე პირისთვის იმ ქვეყანაში დარჩენა არ ივარგებდა, ამიტომ ჯობდა, ბელგიაში წავსულიყავი და პოლიტიკური თავშესაფარი მომეთხოვა. ასეც მოვიქეცი," - აღნიშნავს გიორგი "სარკესთან" ინტერვიუში..

მისივე თქმით, ბელგიაში, ლტოლვილთა ბანაკში 2 წელი გაატარა, სადაც ყვავილებისა და მარწყვის ბაღში, ასევე რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა, სადაც 8 ევროს უხდიდნენ. ამის შემდეგ ის უკრაინაში წავიდა, თუმცა საცხოვრებელი ადგილი კიდევ რამდენჯერმე შეიცვალა.

გიორგი სიგუა საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიურად "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოჩნდა, როდესაც 2013 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ-ის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, მანამდე კი საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობდა.

ამ პერიოდში, მისი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი სიგუა 2001 წელს გამოშვებული Mercedes-Benz S Class-ის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა. მისი ყველაზე მაღალი ანგარიში  "ბაზის ბანკში" 2 000 ლარს შეადგენდა, ხოლო ნაღდი ფულის სახით, დეკლარაციაში 1 400 ლარი ჰქონდა მითითებული.

2013 წელს გიორგი სიგუამ ტურიზმის ადმისტრაციის თანამდებობაზე ხელფასის სახით 30 620 ლარი მიიღო, თუმცა მომდევნო, 2014 წელს თანამდებობის სკანდალურად დატოვება მოუწია. კერძოდ, მას საზოგადოება "კაზანტიპის" ჩატარების გამო აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ ამ ტიპის გართობა "ქართულ ნორმაში არ ჯდება". გამოთქმული მოსაზრების ავტორს სიგუამ ჰქკითხა, ჰქონია თუ არა მას სექსი პლაჟზე, რასაც მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უმსგავსო საქციელი უწოდა და მოქალაქეს ბოდიში მოუხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი სიგუას თანამდებობა სწორედ ამ ფაქტის გამო დაატოვებინეს, თუმცა უწყების ცნობით, "თანამდებობისთვის შეუფერებელი ქმედების გამო მან გაფრთხილება არაერთხელ მიიღო." თავად გიორგი სიგუა მისი განთავისუფლების მიზეზად საქართველოში პროექტ KaZantip-ის ორგანიზებას ასახელებდა.

2015 წელს გიორგი სიგუამ მუშაობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ამ დროს მისი მაქსიმალური ანგარიში "საქართველოს ბანკში" 6 000 ლარი იყო, ნაღდი ფულის სახით კი 5 000 ლარს ფლობდა, თუმცა ეს თანამდებობაც დატოვა და საბოლოოდ, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, GEM Fest-ის ორგანიზება დაიწყო.

გიორგი სიგუას ცოლად ჰყავს ეკატერინე სიგუა და ორი შვილი, ნიკოლას ჯორჯ და ალექსანდრე სიგუები ჰყავს.

 

 

 

 

myquiz