ნარკოლოგები საქართველოში გავრცელებულ ნარკოტიკულ საშუალებებსა და მათ შედეგებზე საუბრობენ | Allnews.Ge

ნარკოლოგები საქართველოში გავრცელებულ ნარკოტიკულ საშუალებებსა და მათ შედეგებზე საუბრობენ

ოპიუმი, უპრენორფინი, მეტადონი, ბიო კანაბინოიდები, ჰეროინი, LDS, ამფეტამინი - ეს იმ ძირითადი ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალია, რასაც ნარკოლოგების თქმით, საქართველოში მოიხმარენ. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ბიო კანაბინოიდების მოხმარება გაიზარდა, მისი უკუჩვენებების გამო  სამედიცინო დაწესებულებებს არაერთი ახალგაზრდა მიმართავს.

ნარკოლოგ დავით ვადაჭკორიას თქმით, ნარკომანიის პრობლემით ჩვენს ქვეყანაში ძირითადად, 16-17 წლიდან 55-60 წლამდე ასაკის ადამიანები არიან შეპყრობილები. ზემოთ ჩამოთვლილი ნარკოტიკულ საშუალებების გარდა, ქვეყანაში გავრცელებულია სააფთიაქო ნარკომანია და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების, კერძოდ, სტიმულატორების, ჰალუცინოგენებსა და ექსტაზის გამოყენება.

"კლუბური ნარკოტიკებისა და ბიო კანაბინოიდების მომხმარებლები ძირითადად, ახალგაზრდები არიან, მათი ასაკი 15-16 წლიდან იწყება. ეს ნარკოტიკები მოზარდებში სამწუხაროდ, მძიმე შედეგებს იწვევს. გახშირდა მოწამვლის ფაქტები, გარკვეული ფსიქოზური აშლილობები," - განმარტავს დავით ვადაჭკორია.

კლუბური ნარკოტიკებისა და ბიოს მოხმარების გახშირებას ნარკოლოგი ზურაბ ჭანტურიძეც ადასტურებს. მისი თქმით, საქართველოში უცხოეთიდან ძირითადად სუბოტექსი შემოდის, უცხოელი პაციენტები კი ყველაზე ხშირად, კოკაინისა და ჰეროინის დამოკიდებულებისგან ცდილობენ გათავისუფლებას.

"აფხაზეთიდან აქტიურად შემოდის მეტადონი, სადაც ის ძალიან გავრცელებული და ხელმისაწვდომია," - განმარტავს ნარკოლოგი.

ზურაბ ჭანტურიძის თქმით, გარდა იმისა, რომ ნარკოტიკების მოხმარებას ადამიანის ლეტალურ შედეგამდე მიყვანა შეუძლია, ისინი იწვევენ ფსიქიკურ აშლილობას, ძლიერ დეპრესიას, - "ფაქტობრივად, ამ დროს ადამიანი მთლიანად იცვლება."

განსაკუთრებით საშიშია ნარკოტიკის პირველად მოხმარება, რადგან ამ დროს ორგანიზმი შედარებით მოუმზადებელია.

ნარკოლოგ დავით ვადაჭკორიას თქმით, ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ნარკოტიკული საშუალების პირველადი მოხმარების შემთხვევაში ლეტალური შედეგიც დადგეს.

"ეს განსაკუთრებით საშიშია ბიოს შემთხვევაში. მისი ზემოქმედება ორგანიზმზე სხვა ნარკოტიკის ზეგავლენას 10-20-ჯერ აღემატება, შესაბამისად, მოხმარებას შეიძლება მძიმე შედეგები მოყვეს. ამ ნარკოტიკულმა საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს გულსისხლძარღვთა უკმარისობა, კომატოზური მდგომარეობა, ფსიქიკური პრობლემები," - განმარტავს ექიმი და დასძენს, რომ ბიო ნარკოტიკიც სწორედ ისეთივე დამოკიდებულებას იწვევს, როგორც სხვა ნარკოტიკული საშუალებები.

ორივე ნარკოლოგი აღნიშნავს, რომ ლეტალური შედეგის დადგომა ან სხვა გვერდითი მოვლენები შესაძლოა, ნარკოტიკის ნებისმიერი დოზით გამოყენების შემთხვევაში დადგეს, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ პირზე, ამიტომ მისი მოხმარება, რა დოზითაც არ უნდა იყოს ის, ყოველთვის სარისკოა.

რითი განსხვავდება ე.წ კლუბური ნარკოტიკი უფრო მძიმედ მოქმედი ნარკოტიკული საშუალებებისგან?

ნარკოლოგები აღნიშნავენ, რომ ნარკოდამოკიდებულებას ორივე მათგანი იწვევს, თუმცა განსხვავება მოქმედების სიძლიერეშია.

"ცხადია, კლუბური ნარკოტიკები, იქნება ეს LDS თუ ექსტაზი ჰეროინთან შედარებით, ნაკლები სიძლიერით ხასიათდება, თუმცა შეიძლება, მათაც მძიმე შედეგები მოიტანონ," - განმარტავს ზურაბ ჭანტურიძე.

დავით ვადაჭკორია დასძენს, რომ კლუბური ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში გართულებები ძალიან ხშირია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ ალკოჰოლთან ერთად მოიხმარენ.

"ალკოჰოლის მოხმარება ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მიღების შემთხვევაში, ძლიერ გართულებებს იწვევს

მათი მოქმედება უფრო ძლიერდება. გარდა ამისა, იზრდება ლეტალური შედეგის დადგომის საფრთხე," - განმარტავს ექიმი.

ნარკოტიკების მოხმარება ასევე მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება იყოს საძილე აბებთან ერთად.

"ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად საძილე აბების მიღება ძალიან საშიშია, რადგან ისინი სუნთქვის ცენტრზე ისედაც საკმაოდ ძლიერად მოქმედებენ, მათმა ნარკოტიკულ საშუალებასთან ერთად მოხმარებამ, შესაძლოა, დათრგუნოს სუნთქვა და მძიმე შედეგი მივიღოთ," - აღნიშნავს დავით ვადაჭკორია.

როგორ მოვიქცეთ თუ პირი, რომელმაც ნარკოტიკული საშუალება მიიღო, ცუდად გახდა?

ნარკოლოგების რეკომენდაცია ასეთია: გვერდით მყოფმა პირმა თავდაპირველად სასწრაფო დახმარების ბრიგადას უნდა გამოუძახოს და მოწამლული ადამიანის მაქსიმალურად გამოფხიზლება სცადოს, რათა ის ღრმა ძილში არ გადავიდეს. ასეთი ადამიანი აუცილებლად უნდა გავათავისუფლოთ ტანსაცმლისგან, რომელიც მას სუნთქვაში უშლის ხელს, შესაძლოა, ცივი წყლის შესხმაც, ხოლო თუ უფრო კრიტიკულადაა საქმე, გულის არაპირდაპირი მასაჟიც უნდა მოხდეს.

ნარკოლოგების, დავით ვადაჭკორიასა და ზურაბ ჭანტურიძის თქმით, ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლება მონდომებისა და შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემთხვევაში, შესაძლებელია, თუმცა ამის შემდეგ თუ ნარკოტიკული საშუალების კიდევ ერთხელ გასინჯვა მოხდება, დამოკიდებულება გაძლიერდება.

 

რა არის ე.წ. ბიო ნარკოტიკი? - თემაზე ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია საუბრობს

myquiz