ქართული ისტორიული ძეგლები, რომლებიც ჩვენმა შვილებმა შესაძლოა, ვეღარ იხილონ | Allnews.Ge

ქართული ისტორიული ძეგლები, რომლებიც ჩვენმა შვილებმა შესაძლოა, ვეღარ იხილონ

"დღეს ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ ჩვენი ბიოლოგიური წინაპრები, პირველი ჰომინიდები, აფრიკაში წარმოიშვნენ და დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ამ კონტინენტზე სახლობდნენ. საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რატომ გავრცელდნენ ისინი ევროპაში, მუდმივი დავის საგანია.

დმანისში ნაპოვნი ქვის იარაღები აფრიკაში ნაპოვნი არქაული ქვის იარაღების იდენტურია, მორფოლოგიურად დმანისელი ჰომინიდი უშუალოდ უკავშირდება აფრიკის ადრეულ ჰომინიდებს. რამ აიძულა ისინი, გამოსულიყვნენ აფრიკიდან? მათი განსახლება მოხდა იმიტომ, რომ მათ შეეძლოთ და უნდოდათ ახალი ტერიტორიების ათვისება" - ნათქვამია National Geographic-ის სტატიაში.

დღეს კი, ამ ტერიტორიის მახლობლად არსებულ კულტურულ ძეგლებს შესაძლოა, განადგურების საფრთხე დაემუქროს, რასაც საყდრისის კომიტეტის წევრი, ნინო ბურჭულაძეც ადასტურებს.

46154-1-1625235401.jpg

მისი თქმით, ქვემო ქართლის რეგიონი ისტორიული ძეგლებით განსაკუთრებით მდიდარია, თუმცა ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, ბიზნეს-ინტერესებს შეეწიროს. ყურადღება ამჟამად თეთრი წყაროს რაიონში მდებარე ფიტარეთის მონასტერზე მახვილდება, რომელსაც, გარდა იმისა, რომ სასწრაფო რესტავრაცია ესაჭიროება, შესაძლოა, კერძო კომპანიის მიერ დაგეგმილი სამუშაოების გამო უფრო დიდი საფრთხე დაემუქროს.

"ფიტარეთი ბნელი ხევის ტერიტორიაზე მებარეობს, სადაც, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა ენერგეტიკის სამინისტრო, მდინარე ხრამის ხეობაში კასკადური ჰესების მშენებლობას გეგმავს.”

სამუშაოები კომპანია ”ხრამი კასკადმა” უნდა აწარმოოს. საყდრისის კომიტეტს ჰქონდა რამდენჯერმე კომუნიკაცია კომპანიასთან სადაც ჩვენი პოზიცია გაზიარებული იქნა. კომპანიაში აცხადებენ რომ მზად არიან გარკვეული კორექტირება შეიტანონ პროექტში რათა დაზიანების საფრთხე არ დაემუქროს სამშვილდის კანიონს, რომელზეც სამშვილდის ნაქალაქარი მდებარეობს, გარდა საშვილდისა საუბარია ასევე ხრამის ხეობაში სხვა კლუტურული მემკვიდროების ძეგლებსა თუ არქეოლოგიურ ობიექტებზე რომელთა უმრავლესობა არქეოლოგიურად შეუსწავლელია. საბოლოო გადაწყვეტილება ენერგეტიკის სამინიტრომ უნდა მიიღოს თუმცა ჩვენ ველოდებით გეოლოგიურ-ეკონომიკურ დასკვნას რომელიც სავარუდოდ კომპანიას უკვე 8 სექტემბერს უნდა ჰქონდეს მზად, რათა გავარკვიოთ, რამდენად გამართლებულია ხრამის ხეობაში ასეთი პროექტის განხორციელება.

ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს და ლეგენდარულ ხულუტის ციხეს საფრთხე არა მხოლოდ ჰესის მშენებლობის, არამედ კომპანია RMG GOLD-ისგანაც ემუქრება, რომელსაც ბნელი ხევის ტერიტორიაზე (ფიტარეთიც და ხულუტის ციხეც ამ ტერიტორიაზეა), ოქროს მოპოვებითი სამუშაოების დაწყება სურს. თავდაპირველად, კომპანია თანხმობას ოქროს შახტური წესით მოპოვებაზე აცხადებდა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ სამუშაოები დაწყებას ღია კარიერული წესით გეგმავს , რაც იმას ნიშნავს რომ ტერიტორიაზე არაერთი ათული აფეთქება განხორციელდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ძეგლების დაზიანების საფრთხეს. სამწუხაროდ კომპანიმ უკვე მოახდინა თვითნებურად .ე.წ საცდელი აფეთქება, ეს მაშინ როცა ჯერ კიდევ შეუსწავლელია მონასტრის საერთო მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მდგრადობა. - განმარტავს ნინო ბურჭულაძე.

მისივე თქმით, ფიტარეთის მონასტრის სახურავი, რომელიც ქვის მასალითაა დამზადებული (ლორფინი) დაზიანებული, რის გამოც მონასტერში წყალი ჩადის და მე-13 საუკუნის უნიკალური მხატვრობა ზიანდება. მონასტრის სახურავთან დაკავშირებით ჩვენ არა ერთი შეხვედრა გვქონდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში და წლის ბოლოსთვის ფიტარეთის სახურავზე გარკვეული სამუშაოები დაიწყება რაც წლის ჩადინებას შეაჩერებს კედლებზე, ხოლო მომვალი წლიდან იგეგმება მონასტრის კონსერვაციაც.

სამშვილდის ნაქალაქარი, რომელიც ქვემო ქართლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული ძეგლია, რეაბილიტაციას საჭიროებს. ამჟამად სამშვილდე შემორჩენილია ნანგრევების სახით. ეს ციხე-ქალაქი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი იყო. ძვ.წ მე-4 ათასწლეულში ის ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ლაშქრობასთან დაკავშირებითაც იხსენიება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ყოველწლიურად 200-მდე ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია ხდება, თუმცა ბევრი ძეგლი სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რჩება.

"აქ ჰესის მშენებლობის საკითხს კონკრეტულად ვერ დავადასტურებ, თუმცა სამშვილდის ნაქალაქარი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია, რომელსაც რეაბილიტაცია ესაჭიროება," - განმარტავს ანთიძე.

როგორც ნინო ბურჭულაძე, ისე ნიკოლოზ ანთიძე აღნიშნავენ, რომ სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებს სათხის მონასტერი, რომელიც ასევე ქვემო ქართლში მდებარეობს და მე-10-მე-17 საუკუნით თარიღდება.

"ეს მონასტერი კაზრეთის ტყეში მდებარეობს და როგორც ცნობილია, ეს ერთადერთი ადგილია სადაც ამოტვიფრულია თამარ მეფის შვილის, ლაშა-გიორგის ხელწერა. ახლა მონასტერს გუმბათი არ აქვს, ათოვს და აწვიმს, ზიანდება უნიკალური მხატვრობა, რადგან შიგნით კედლებმა უკვე ხავსი მოიკიდა, არადა მისი რესტავრაციით აქ კარგი ტურისტული მარშრუტის გაკეთებაა შესაძლებელი" - აღნიშნავს ნინო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ლოგო სწორედ სათხის მონასტერზე ამოტვიფრული.

არანაკლები საფრთხის წინაშე დგას ხუჯაბის მონასტერი, რომელიც დემარკაციის შედეგად სომხეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ისტორიულ დოკუმენტებში ხუჯაბის ანუ ჰუჯაბის მონასტერი მე-18 საუკუნიდან გამოჩნდა.

"არც ამ მონასტერს აქვს გუმბათი, შესაბამისად, წვიმა და თოვლი უნიკალურ მხატვრობას აზიანებს. თავდაპირველად, მონასტრის რეაბილიტაციაზე სომხური მხარე თანახმა იყო, რის სანაცვლოდაც ჩვენს ქვეყანაში სომხური ეკლესიის აღდგენას ითხოვდა, თუმცა შემდეგ შეთანხმება ვერ შედგა," - განმარტავს საყრდისის კომიტეტის წევრი.

მძიმე მდგომარეობაშია ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე ლამისყანაში. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, შენობაში ჩადის წყალი, ხის აივნები დეფორმირებულია და შეიძლება, ნებისმიერ დროს ჩამოცვივდეს.

"მისი რეაბილიტაციისთვის საჭიროა ფინანსების მობილიზება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავისი სახსრებით აივნების ნაწილი დროებით გაამაგრა, მაგრამ პრობლემა ქონგურებს აქვს და მთლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაა საჭირო".

მისივე თქმით, რეაბილიტაციას საჭიროებს სვანეთსა და ხევსურეთში მდებარე 160-მდე ისტორიული ძეგლი, რომლებიც სიძველისა თუ დაუდევრობისა და უყურადღებობის გამო ნადგურდება.

"მაგალითად, შატილსა და უშგულში ჩამოინგრა კოშკები, რაც შეიძლება ნებისმიერ დროს განმეორდეს," - დასძენს ნიკოლოზ ანთიძე.

მძიმე პირობებშია ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ნაქალაქარი საბუე, იგივე "ფიქალები".

"ეს არის დიდი კონსტრუქცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან გზაზე მდებარეობს, კერძოდ, ჩრდილოეთში კავკასიონიდან ყველაზე დაბალ გადასასვლელზე. გზად გვხვდება ყადორის ციხე. ეს მონაკვეთი კახეთს ლეკიანობის დროს იცავდა, ახლა კი სავალალო მდგომარეობაშია. აქ არის კედლის მხატვრობა და გალავნის კომპლექსიც. მცირე სამუშაოები ჩვენ ჩავატარეთ, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო წელს სამუშაოები ვეღარ განვაახლეთ," - განმარტავს ნიკოლოზ ანთიძე.

გარდა ჩამოთვლილი ძეგლებისა, რეაბილიტაცია ესაჭიროება გორისა და აგურის ციხეს, რომელიც ციკლოპურ ძეგლს წარმოადგენს და სამცხე ჯავახეთში მდებარეობს. სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს ბოჭორმის რეაბილიტაციაც, სადაც მისასვლელი გზა, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, არ არსებობს, ამიტომ ძეგლი განადგურების პირასაა. რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს შორაპნის ციხესაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ისტორიული ძეგლები, შესაძლოა, ჩვენმა შვილებმა ვეღარ იხილონ.

myquiz