თბილისის მერიაში შესაძლოა, კიდევ ერთი სტრუქტურული ერთეული შეიქმნას | Allnews.Ge

თბილისის მერიაში შესაძლოა, კიდევ ერთი სტრუქტურული ერთეული შეიქმნას

თბილისის მერიაში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განმახორციელებელი სტრუქტურის შექმნის საკითხზე მსჯელობენ, - ამის შესახებ Allnews.ge-ს გენგეგმის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მამუკა სალუქვაძემ განუცხადა.

სალუქვაძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რა სახის სტრუქტურა შეიქმნება, რისი განხილვაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

"არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს მერიასთან არსებული სსიპ-ი ან აიპ-ი ანუ დამოუკიდებელი სტრუქტურა. ყოველ შემთხვევაში ეს არქიტექტურის სამსახური არ იქნება. სტრუქტურა ჩვენი ჯგუფით დაკომპლექტდება თუ მერიის სპეციალისტები იმუშავებენ, ჯერჯერობით უცნობია. ჩვენ გეგმაში გვქონდა გათვალისწინებული, რომ აუცილებელია ამგვარი სტრუქტურის შექმნა, რათა ეს პროცესები იმართოს, რაზეც, თბილისის მერია პრინციპში თანახმაა. საუბარია, რომ მომავალი წლიდან ამგვარი სტრუქტურისთვის შეიქმნას პირობები, რათა გეგნგეგმის განხორციელება დაიწყოს. ამ სტრუქტურაში ზუსტად რამდენი ადამიანი უნდა მუშაობდეს, ჯერჯერობით არ ვიცით," - განმარტავს გენგეგმის ჯგუფის ხელმძღვანელი.

მამუკა სალუქვაძე ასევე აღნიშნავს, რომ სტრუქტურის დაკომპელქტებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად "სითი ინსტიტუტ ჯორჯიაზე" საუბარი არ ყოფილა, თუმცა, სამუშაო პროცესში შესაძლოა, გენგეგმის ჯგუფიც ჩაერთოს, - "შესაძლოა, გარკვეული თანხები ახლანდელ ბიუჯეტშიც ჩაიდოს, მანამდე სხვა დეტალებიც დაზუსტდება," - დასძენს სალუქვაძე.

myquiz