დღეიდან სამხედრო-სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა დაიწყო | Allnews.Ge

დღეიდან სამხედრო-სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა დაიწყო

საქართველოს მთავრობის №366 დადგენილების მიხედვით, მოქალაქეთა 2017 წლის საშემოდგომო გაწვევა განხორციელდება პირველი აგვისტოდან 29 დეკემბრამდე, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

დადგენილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1500-ით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1225-ით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1280-ით.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 20-ით.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება", - აღნიშნულია დადგენილებაში, რომელსაც პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს.