გაუჩინარებული ნიკა ბეგაძის მამა და სიძე ისლანდიაში 30 ივლისს გაემგზავრებიან | Allnews.Ge

გაუჩინარებული ნიკა ბეგაძის მამა და სიძე ისლანდიაში 30 ივლისს გაემგზავრებიან

ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერის ტერიტორიაზე გაუჩინარებული 22 წლის ნიკა ბეგაძის სამძებრო ღონისძიებები ოფიციალურმა სტრუქტურებმა ხვალიდან უნდა განაახლონ, - ამის შესახებ დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ  განაცხადა.

ისლანდიის ოფიციალურმა სტრუქტურებმა ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები 24 ივლისს, ხუთ დღიანი ძებნის შემდეგ შეწყვიტეს.

როგორც გიგი გიგიაძემ განმარტა, ამის მიზეზი სავარაუდოდ ის გონივრული ვადა იყო, რა პერიოდშიც შესაძლებლია, ამ პირობებში დაკარგული ადამიანის ცოცხლად პოვნა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ისლანდიაში 30 ივლისს გაემგზავრებიან ნიკა ბეგაძის მამა და დის ქმარი. მათ გამგზავრებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმარება.

ახლობლების ინფორმაციით, ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები დღემდე არ შეუწყვეტიათ ისლანდიაში მცხოვრებ ქართველებსა და მის მეგობრებს.

ნიკა ბეგაძე 19 ივლისს, ისლანდიაში გულფოსის ჩანჩქერის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. რუსთაველი ახალგაზარდა მეორე წელია ისლანდიაში, ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობდა.

ოჯახის ახლობლებისა და მეზობლების განცხადებით, ნიკა ბეგაძე კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი - პროგრამისტი იყო, ის ისლანდიაში ქართველ მეგობრებთან ერთად საკუთარი ბიზნესის წამოწყებას გეგმავდა და დის წაყვანასაც აპირებდა.

myquiz