როგორ მოქმედებს ორგანიზმზე სასუქებით მოყვანილი ბოსტნეული? - პროფესორის რჩევები | Allnews.Ge

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე სასუქებით მოყვანილი ბოსტნეული? - პროფესორის რჩევები

დღეს ვეღარავინ გაექცევა ნიტრატების მავნე გავლენას. კონკრეტულად რა შეიძლება გამოიწვიოს ამ ნივთიერებამ და რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ ნიტრატებმა ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა არ იქონიოს? ამ კითხვებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგეს, პროფესორ რამაზ გახოკიძეს მივმართეთ.

რამაზ გახოკიძის თქმით, ადამიანის ორგანიზმზე, დიდი რაოდენობით ნიტრატები ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს. არღვევს ნახშირწყლოვან და ცილოვან ცვლას, მოქმედებს სისხლის წითელ ბურთულებზე და ხელს უშლის ჟანგბადის შეთვისებას, ასევე აქვეითებს ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას. ნიტრატები ნაწლავებში ფერმენტების მონაწილეობით გარდაიქმნება ნიტრიტებად, რომლებიც, თავის მხრივ, წარმოქმნის ნიტროზამინებს - ე.ი. ავთვისებიან სიმსივნეთა გამომწვევ ნივთიერებებს.

"მიწათმოქმედებმა ქიმიური სასუქების გამოყენება მე-19-ე საუკუნიდან დაიწყეს. სასუქებს ორ ჯგუფად ყოფენ - მინერალურად და ორგანულად. მინერალური სასუქებიდან ყველაზე უფრო ტოქსიკურია ფტორის, ფოსფორისა და აზოტის ნაერთები. მინერალური სასუქების შემცველი მტვრის შესუნთქვა იწვევს ზედა სასუნთქი გზების კატარს, რინიტს, ლარინგიტს, ბრონქიტს, პნევმოკონიოზს. ხანგრძლივი კონტაქტისას კი შესაძლებელია ორგანიზმის ქრონიკული ინტოქსიკაცია. რაც შეეხება ამონიუმის ნიტრატს, მისი გამოყენება საბაღჩე კულტურათა სასუქად აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მას მაინც იყენებენ", - განმარტავს რამაზ გახოკიძე.

საკვებთან ერთად ადამიანი ნიტრატებს სასმელი წყლისგან და აზოტის ორჟანგისგანაც იღებს, რომლითაც გაჟღენთილია ქალაქის ჰაერი.

აზოტის ორჟანგი ფილტვების საშუალებით აღწევს სისხლში და ორგანიზმში წარმოქმნის ნიტრატებს. ამიტომ კვების რაციონში ნიტრატების უსაფრთხო დოზა რამაზ გახოკიძის თქმით, თითოეული ქალაქისა და რაიონისთვის ცალკე უნდა განისაზღვროს.

რა არის ჯანმრთელობისთვის მავნე? - მითები და რეალობა საკვებზე

ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე, მოსახლეობას ცალკეულ ბოსტნეულთან დაკავშირებით რჩევებსაც აძლევს. მაგალითად, გახოკიძის თქმით, ადრეული მწვანილი ხმარებამდე წყალში არანაკლებ ერთი საათით უნდა დავალბოთ, რათა მავნე ნივთიერებები ორგანიზმში დიდი რაოდენობით არ მოხვდეს:

"ბოსტნეულის მოხარშვით შესაძლებელია ნიტრატების შემცველობის შემცირება 50-80%-ით, ნახარში კი, მომზადების შემდეგ უნდა გადაღვაროთ.

ბოსტნეულის სალათებს დაამატეთ ლიმონის ან ბროწეულის წვენი; ასევე სვით მწვანე ჩაი - იგი ნიტრატების მოქმედების განეიტრალებაში გვეხმარება".

ნიტრატები ფოთლოვან ბოსტნეულში, მაგალითად, ყაბაყსა და კიტრში ძირითადად ყუნწში გროვდება. სტაფილოში, ბოლოკსა და ჭარხალში - კუდში, ხოლო კარტოფილში - გულში.

 

ნათია ჩაშინი

myquiz