საქართველოს რომელ ქალაქებში ღირს ბინები ყველაზე იაფი? | Allnews.Ge

საქართველოს რომელ ქალაქებში ღირს ბინები ყველაზე იაფი?

უძრავი ქონების სააგენტოების თანახმად, დაბალი ფასების მიხედვით, ლიდერი იმერეთია. მაგალითად, ქალაქ ტყიბულში, ერთოთახიანი გასარემონტებელი ბინის ფასი 2 500 ლარიდან იწყება. თუმცა, ქალაქში დაბალი ფასი მხოლოდ ერთოთახიან ბინებს არ აქვს, რადგან ოროთახიანი, ძველი რემონტის მქონე ბინა 4 000 ლარი ღირს, და თუ ამ თანხას 2 000 ლარსაც დაამატებთ, უკვე 4 ოთახიან საცხოვრებელსაც შეიძენთ. ტყიბულში უძრავ ქონებაზე ასეთი დაბალი ფასები, შესაძლოა, შახტის გამო დაბინძურებულმა ჰაერმა განაპირობა, რის გამოც მოქალაქეების ნაწილს ქალაქში ცხოვრება არ სურს.

ბინებზე დაბალი ფასებია იმერეთის ქალაქ ჭიათურაშიც. აქ 1 ან 2 ოთახიან საცხოვრებელს 5 000 ლარიდან შეიძენთ. რაც შეეხება ზესტაფონს, იქ უძრავი ქონების ფასები 10 000 ლარიდან იწყება.

კახეთის რეგიონიდან თბილისში მიგრაციის მაღალი მაჩვენებლები არ ფიქსირდება, თუმცა მაგალითად, გურჯაანში ბინებს მაინც დაბალი ფასები აქვს. ამ რაიონში ოროთახიან, ძველი რემონტის მქონე ბინას 8 400 ლარად შეიძენთ, თუმცა ამავე ფართობის მქონე საცხოვრებელი ქალაქის ცენტრში დაახლოებით, 14 000 ლარი ღირს. აღსანიშნავია, რომ გურჯაანში კერძო სახლები გაცილებით ძვირია.

ბინები შედარებით იაფია ქუთაისშიც. მაგალითად, 1-ოთახიანი გარემონტებული საცხოვრებელი 11 000 ლარი ღირს, ხოლო სამოთახიან გასარემონტებელ ბინას 16 000-ად შეიძენთ. ქალაქში კეთილმოწყობილი ბინები შედარებით ძვირია, მაგალითად, 2-ოთახიანი გარემონტებული, ავტოფარეხისა კეთილმოწყობილი ეზოს მქონე ბინა 48 000 ლარი ღირს.

უძრავი ქონება შედარებით იაფია შიდა ქართლშიც, კერძოდ გორში. ვებგვერდებზე დაყრდნობით, ერთოთახიანი ბინების ფასი ქალაქში 11 000 ლარიდან იწყება და მდგომარეობის, მდებარეობისა და ფართობის მიხედვით იზრდება. მაგალითად, 3-ოთახიანი ბინის ფასი, რომელსაც სათავსო და სარდაფიც აქვს 22 000 ლარი ღირს.

უძრავ ქონებაზე დაბალი ფასებით სამეგრელო-ზემო სვანეთიც, კერძოდ ფოთი გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ფოთი საპორტო ქალაქია, აქ ბინების ფასი 12 000 ლარიდან იწყება, თუმცა ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის მიხედვით ფასი აქაც იმატებს.

ბინები დედაქალაქთან შედარებით იაფია ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში. 1 ოთახიანი, ძველი რემონტის მქონე საცხოვრებლის ფასები აქ 12 500 ლარიდან იწყება.

როგორც უძრავი ქონების სააგენტოების მიერ განთავსებული ინფორმაციიდან ჩანს, საქართველოს რეგიონებში თბილისთან შედარებით მკვეთრად დაბალი ფასებია, რაც შესაძლოა, მაღალი შიდა მიგრაციით იყოს განპირობებული.

 

 

 

 

myquiz