პეკინის გამზირის გაცალმხრივებამ შესაძლოა, სხვა ქუჩების გაცალმხრივებაც გამოიწვიოს | Allnews.Ge

პეკინის გამზირის გაცალმხრივებამ შესაძლოა, სხვა ქუჩების გაცალმხრივებაც გამოიწვიოს

პეკინის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მოძრაობა ამჟამად ცალმხრივადაა შეზღუდული, თუმცა მძღოლებს ახლანდელი მარშრუტით გადაადგილება შესაძლოა, ქუჩის გახსნის შემდეგაც მოუწიოთ. მიზეზი თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინიციატივაა, რომელიც პეკინის გამზრირზე ცალმხრივი მოძრაობის დატოვებას გულისხმობს.

უნდა გახდეს თუ არა ცალმხრივი პეკინის გამზირი? შეკითხვაზე არც თბილისის მერიასა და არც არასამთავრობო სექტორს პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ, რადგან რეალურად, არავინ იცის, ეს ცვლილებები საცობების პრობლემას უფრო გაამწვავებს თუ განმუხტავს.

"საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი პეკინის გამზირზე ველობილიკებისა და BUS LANE-ების მოწყობის შესახებ თბილისის მერიის ინიციატივას იწონებს, თუმცა ამის მიზეზით გზის მიმართულების შეცვლაში ხარვეზებს ხედავს.

"სხვებისგან განსხვავებით, მე ამას პეკინის გაცალმხრივებას არ ვეძახი. ეს ცვლილება მთელი რაიონის გადაადგილების მიმართულებებს შეცვლის და რისი მომტანი იქნება სიახლე, დაზუსტებით არავინ იცის, რადგან თბილისის მერიას ამ საკითხზე კვლევები არ ჩაუტარებია," - განმარტავს დავით მესხიშვილი.

მისი თქმით, პეკინის გამზირზე ავტომობილების ნაკადის მხოლოდ აგვისტოში შესწავლა თბილისის მერიას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ვერ დაეხმარება, რადგან ამ დროს მცხოვრებლების დიდი ნაწილი ქალაქიდან გასულია.

"დღეს ამ ინიციატივის გამართლება არის 50/50-ზე.

მე არ მინახავს თბილისის მერიის კვლევა, რომელშიც საავტომობილო ნაკადებია დათვლილი და თუნდაც აღნიშნულია, რომ ეს ცვლილება არსებულ ვითარებას 5%-ით მაინც გააუმჯობესებს. ამავე დროს გაუგებარია, თბილისის მერია რატომ არ ითვალისწინებს იმ უცხოური კომპანიის რჩევებს, რომელმაც სააკაძის მოედანზე ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი შეიმუშავა და ასევე ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე ცვლილებები დაგეგმა. გამოდის, რომ ფული, რომელიც მერიამ ამ კომპანიას გადაუხადა, წყალშია გადაყრილი," - აღნიშნავს საგზაო სფეროს სპეციალისტი.

დავით მესხიშვილის თქმით, პეკინზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესება, შარტავასა და სხვა ქუჩებზეც მსგავსად გადაადგილების საჭიროებას შექმნის. გარდა ამისა, ცვლილებები ზეგავლენას მოახდენს დიდუბისა და ვაკის საავტომობილო ქუჩებზე.

თბილისის მერიის ინიციატივასთან დაკავშირებით, შეკითხვები "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" დირექტორს, ვასო ურუშაძესაც აქვს. მისი თქმით, ქალაქის მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ სატრანსპორტო ნაკადების ხანგრძლივი და საფუძვლიანი კვლევის შედეგად უნდა მიიღოს.

"ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ დავით ნარმანიას სურვილსა და პოლიტიკურ დონეზე არ უნდა ხდებოდეს.

თბილისის მერიამ უნდა გამოიყენოს ის ტექნიკური საშუალებები, ვიდეოკამერები, რომლებიც შუქნიშანზე თავსდება და წლის ნებისმიერ დროს სატრანსპორტო ნაკადებს ითვლის. მხოლოდ ასეთი კვლევების საფუძველზე უნდა შეიცვალოს გადაადგილების მიმართულება ისეთ გამზრზე, როგორიც პეკინია. დღეს, არც მე, არც მოქალაქეებმა და არც დავით ნარმანიამ არ ვიცით, ეს ცვლილებები რა შედეგს მოიტანს. ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, მუნიციპალური ტრანსპორტით მოძრავ თუ ადგილზე დასაქმებულ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნას. ბევრი ფაქტორია, რომლებიც მერიამ უნდა გაითვალისწინოს.

შეგახსენებთ, რომ პეკინის გამზირის რეაბილიტაცია 10 სექტემბერს დასრულდება, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის მერია ავტომობილების მოძრაობის მიმართულების შეცვლასთან დაკავშირებით. უწყებაში განმარტავენ, რომ სპეციალისტები მუშაობენ კვლევაზე, რომელიც დასკვნის დადების შესაძლებლობას მისცემთ.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz