1-ელი იანვრიდან პატიმართა ნაწილი სპეციალური სამაჯურებით სასჯელს სახლში მოიხდის | Allnews.Ge

1-ელი იანვრიდან პატიმართა ნაწილი სპეციალური სამაჯურებით სასჯელს სახლში მოიხდის

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შესაბამისად, სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა ინერგება. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა სამივე მოსმენით უკვე დაამტკიცა.

შინაპატიმრობა სრულწლოვან მსჯავრდებულებზე გავრცელდება. როგორც სასჯელის სახე ის 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ამ დრომდე შინაპატიმრობა, მხოლოდ არასრულწლოვანთა მიმართ გამოიყენებოდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, შინაპატიმრობა არასაპატიმრო სასჯელის სახეა და მსჯავრდებულისთვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულებას ითვალისწინებს.

"შინაპატიმრობა, მოსამართლის მიერ შესაძლოა, დაენიშნოს ნასამართლობის არმქონე პირს ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით;

შინაპატიმრობა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად; პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს კი, სასჯელი შინაპატიმრობით შეიძლება შეუცვალოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ", - განმარტეს უწყებაში.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, შინაპატიმრობა, როგორც წესი, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებების გამოყენებით აღსრულდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ.

უწყების ინფორმაციით, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მონიტორინგის ცენტრი. პირს, რომელსაც სასჯელის სახედ შინაპატიმრობა აქვს განსაზღვრული, როგორც წესი, ფეხზე სპეციალური სამაჯური უმაგრდება, რომელიც ელექტრონულად დაკავშირებულია მონიტორინგის ცენტრთან. განსაზღვრული დღის განრიგის, პერიმეტრის დარღვევის ან სამაჯურის დაზიანების შემთხვევაში, სიგნალი ელექტრონული მონიტორინგის ცენტრს გადაეცემა. სწორედ ამის შემდეგ იწყება შესაბამისი რეაგირება დარღვევაზე.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განმარტავენ, რომ შინაპატიმრობა არ დაენიშნება გაწვეულ სამხედრო მოსამსახურესა და ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს.

შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულს საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ეკრძალება.

შინაპატიმრობის ელექტრონული ფორმით აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით გაიწერება.

myquiz