გია კორკოტაშვილმა თათია დოლიძეს ბოდიში მოუხადა | Allnews.Ge

გია კორკოტაშვილმა თათია დოლიძეს ბოდიში მოუხადა

გია კორკოტაშვილმა თათია დოლიძეს ბოდიში საჯაროდ მოუხადა. მან ტელეკომპანია "იბერიას" პირდაპირ ეთერში მაშინ დარეკა, როცა გადაცემაში თათია დოლიძე საუბრობდა. კორკოტაშვილის განცხადებით, მომხდარით შეწუხებულია. მისივე თქმით, აღნიშნულ ინციდენტში ყველას თავისი წილი დანაშაული აქვს ჩადენილი.

"ქართველთა მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, მას არ ეშინია სამართლის, უბრალოდ ურთიერთობის ნორმალიზებასა და კონფლიქტის დასრულებას ცდილობს.

"ამ კონფლიქტურ სიტუაციაში ყველას თავისი დანაშაული აქვს. მე ჩემი წილი რაც მაქვს, იმაზე შემიძლია თათიას ვთხოვო პატიება. თათია თუ ვერ გრძნობს დანაშაულს თავის ქმედებაში, ეს მან უნდა დააფიქსიროს, აქედან გამომდინარე იქნება ჩვენი ურთიერთობა მომავალში. მე რაინდულად დავრეკე და როგორც წესი იყო, ასე დავაფიქსირე. აწი თათიაზეა დამოკიდებული", - აღნიშნა გია კორკოტაშვილმა.

გია კორკოტაშვილის ბოდიშზე თათია დოლიძემ კომენტარი გააკეთა. "ძალიან კარგია, რომ გული წყდება და გული სტკივა იმასთან დაკავშირებით, რომ მე მაწყენინა, მაგრამ მარტო მე არ ვარ... რა თქმა უნდა, ველოდი ცოტა სხვა ფორმით ბოდიშს და ცოტა სხვანაირს", - განაცხადა თათია დოლიძემ.

თათია დოლიძემ ე.წ "ქართველთა მარშთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში საკუთარი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, რასაც მარშის ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა ნაწილის მხრიდან ასევე "ფეისბუქში" მის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარები მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტროს თბილისის მთავარმა სამმართველომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში თათია დოლიძე და გია კორკოტაშვილი უკვე გამოიკითხნენ.

myquiz