"რეზონანსი" - საზამთროში ნიტრატების შემცველობა დასაშვებს სამჯერ აღემატება | Allnews.Ge

"რეზონანსი" - საზამთროში ნიტრატების შემცველობა დასაშვებს სამჯერ აღემატება

ქართულ ბაზარზე ნიტრატებით გაჯერებული ხილ-ბოსტნეული იყიდება.

მომხმარებელთა უფლებადამცველი ერთ-ერთი ორგანიზაციის კვლევით დადასტურდა, რომ პროდუქტში ნიტრატების დონე საშიშ ზღვარზეა. როგორც აღმოჩნდა, ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქტების თითქმის ნახევარი ნიტრატების საშიშ რაოდენობას შეიცავს, საზამთრო და ვაშლატამა ქიმიკატებით არის გაჯერებული. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია საზამთრო, რომელშიც ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას სამჯერ აღემატება. დაახლოებით ამდენივეა შხამქიმიკატის რაოდენობა ვაშლატამაში. რაც შეეხება ბოსტნეულს, ამ მხრივ საფრთხე განსაკუთრებით პომიდორს უკავშირდება, ხოლო კარტოფილსა და ხახვში ნიტრატების შემცველობა ნორმის ფარგლებშია.

ასეთია კვლევის შედეგი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "ეტიკმა" განახორციელა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამირან შენგელია ამბობს, რომ ხილ-ბოსტნეულის ხარისხის კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან გასაძლიერებელია.

"იმპორტული და ადგილობრივი ხილ-ბოსტნეული ნიტრატებით არის გაჯერებული, განსაკუთრებით საზამთრო და ვაშლატამა, რომლებიც მასობრივად სხვადასხვა სახის ნიტრატს საშიში დოზით შეიცავს. როდესაც ჩავატარეთ კვლევა და ხილ-ბოსტნეულში ნიტრატების დონე გავარკვიეთ (დასაშვებზე 3-ჯერ მეტი), სასწრაფოდ მივმართეთ საავადმყოფოებს, რათა გაგვერკვია, არის თუ არა მოწამვლის ფაქტები. სიმართლე გითხრათ, გავოგნდით, როცა შევიტყვეთ, რომ მიმდინარე პერიოდში მსგავსი შემთხვევები ნაკლებადაა. ჩემი აზრით, ადამიანები თვითნებურად მკურნალობენ. სანამ ძალიან ცუდად არ გახდება, ექიმთან არავინ მიდის.

სამომხმარებლო ბაზრებზე რეალობა ძალიან მძიმეა. როგორც წესი, ნიტრატებიანი პროდუქტი ძალიან მალე ლპება და მოვაჭრეებიც ხილის სწრაფად ამოყიდვასა და თავიდან მოშორებას ცდილობენ. თუკი ბუნებრივად პროდუქტის დამწიფებას 1 კვირა სჭირდება, სპეციალური ქიმიკატების საშუალებით 2 დღეში ამწიფებენ. ჩვენ მიერ გამოკვლეული ხილ-ბოსტნეულიდან ნიტრატების გადაჭარბებული დოზა აღმოჩნდა საზამთროში, ვაშლატამაში, ატამსა და პომიდორში. ხახვი და კარტოფილი ამ თვალსაზრისით შედარებით უსაფრთხოა. ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქტების თითქმის ნახევარი ნიტრატების საშიშ რაოდენობას შეიცავს, საზამთრო და ვაშლატამა ქიმიკატებით არის გაჯერებული. წინა კვირას ქუთაისსა და გარდაბნის რაიონში შევამოწმეთ პროდუქტი. აბსოლუტურად ყველგან ერთი და იგივე სიტუაციაა", - აცხადებს შენგელია და რეალიზაციის წესებთან დაკავშირებულ დარღვევებზეც საუბრობს.

"კატეგორიულად არ შეიძლება, ხილ-ბოსტნეული მანქანის სავალ ნაწილზე იყიდებოდეს. მომსწრე ვართ, რომ საზამთროსა და ნესვს პირდაპირ გზის ნაწილზე ყიდიან. რეალიზაციასაც თავისი წესები აქვს. ყველა უყურებს, როგორ გამოიყურება ხილი ვიზუალურად და შემცველობაზე ნაკლებად ფიქრობენ. ამასობაში კი ადამიანები იწამლებიან. შეიძლება ადამიანი საკვების მიღების დროს არ მოიწამლოს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში საფრთხე განსაკუთრებით დიდია. ნიტრატების შემცველობა ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს. ამიტომ ბაზრის ტერიტორიებზე უკლებლივ ყველა პროდუქტი უნდა მოწმდებოდეს", - ამბობს შენგელია.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ნიტრატების მაღალი შემცველობა აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას - შლის იმუნურ სისტემას, რის შედაგადაც ორგანიზმში მთელი რიგი დაავადებები ვითარდება.

ნიტრატებით გაჯერებული პროდუქტის მავნებლობაზე საუბრობს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია კვარაცხელია.

"საფთრხე ძალიან დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად არის ეს პრობლემა მარეგულირებელი ორგანოების მიერ შესწავლილი. რამდენადაც ვიცი, ხილისა და ბოსტნულის ხარისხის შესწავლა არ ხდება. ამასობაში კი ნიტრატების მაღალი შემცველობის გამო ორგანიზმში მთელი რიგი დაავადებები ვითარდება. აღსანიშნავია, რომ ხშირად მათ სოციალურ დაავადებად მოიხსენიებენ. ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხს ძალიან ფრთხილად უნდა მიუდგეს. პრობლემა მარტო ნიტრატების მაღალი შემცველობა არ არის. დაბინძურებულია ჰაერი და არა ერთხელ დადასტურდა, რომ ჰაერში დიდია ტყვიის შემცველობა მანქანების გამონაბოლქვის შედეგად.

ამიტომაა, რომ ხეხილის ბაღების გაშენება რეკომენდებულია მანქანის სავალი ნაწილიდან 300 მეტრის რადიუსით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რაშია საქმე, რა პროდუქტებს მივირთმევთ და დასაშვებ ნორმას მათი დაბინძურება რამდენით აღემატება. სახელმწიფოს მხრიდან ამ პრობლემების მიმართ ზერელე დამოკიდებულებაა. ამასობაში პროვოცირება ხდება ისეთი დაავადებებისა, როგორიცაა ალერგია, იმუნური სისტემის მოშლა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მათ სოციალურად საშიშ დაავადებებს უწოდებს, რადგან საკვებიდან, ჰაერიდან, არასრულფასოვანი გარემო პირობებიდან გამომდინარეობს. სახელმწიფოს, კერძოდ, ჯანდაცვის სისტემას ამ კუთხით ბევრი აქვს გასაკეთებელი", - აცხადებს ლია კვარაცხელია.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"

myquiz