ფარული ვიდეოგადაღება და ზეწოლა - რაში ადანაშაულებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის დედა სკოლას? | Allnews.Ge

ფარული ვიდეოგადაღება და ზეწოლა - რაში ადანაშაულებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის დედა სკოლას?

11 წლის ლუკა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვია, რომელიც, მისი დედის, მაკა საკანდელიძის თქმით, სპეციალური საჭიროებების გამო, მუდმივად შევიწროებასა და არასათანადო მოპყრობას განიცდის.

ლუკას დედა განმარტავს, რომ პრობლემები სკოლაში მისვლისთანავე დაიწყო. თუმცა, შვილის მიმართ ძალადობრივი დამოკიდებულების სასამართლოში გასაჩივრებას მაკა მიმდინარე წლის 31 მაისს მომხდარი ფაქტის გამო აპირებს.

"შესვენებაზე საკლასო ოთახში შევედი და ლუკამ მითხრა, რომ მისი თანაკლასელი გაკვეთილზე ვიდეოს უღებდა. ფაქტის შესახებ დამრიგებელს ვაცნობე, თუმცა მან ბავშვს ტელეფონი გამოგლიჯა და გაიქცა. მომხდარი დირექტორთან გავასაჩივრე, რაზეც მას არანაირი რეაქცია არ ჰქონია. დამრიგებელმა ფარული ჩაწერის ფაქტი მასთან საერთოდ უარყო. დავურეკე იმ ბავშვის დედას, რომელმაც ლუკას ქცევები გადაიღო. მან მითხრა, რომ მისი შვილი ძალიან ნერვიულობდა და თავის საქციელს განიცდიდა, თუმცა დამრიგებელმა გადაღების ფაქტი ბავშვის მშობელთანაც უარყო," - აღნიშნავს ლუკას დედა და იხსენებს, რომ როდესაც რეაგირებისთვის სახალხო დამცველსა და განათლების სამინისტროს საჩივრით მიმართა, მათ საკითხი შეისწავლეს, თუმცა დისციპლინური კომისიის დასკვნაში ჩაიწერა, რომ ბავშვს ფარულად გადაღება არა დამრიგებელმა, არამედ მათემატიკის მასწავლებელმა დაავალა, რომელიც სკოლაში უკვე აღარ მუშაობდა, რასაც 122-ე სკოლის დირექტორი, მედეა ქოქრაშვილი არ ადასტურებს. 

დირექტორი განმარტავს, რომ მაკა საკანდელიძის მიერ შეტანილი საჩივარი მან დისციპლინურ კომისიას გადასცა, რომელმაც ბავშვისთვის ვიდეოგადაღების მოთხოვნის ფაქტი არ დაადასტურა, - "თუმცა დადასტურდა ფაქტი, რომ მასწავლებელს თმენის ვალდებულება აქვს და შეეძლო, უფრო კორექტული ყოფილიყო", - განმარტავს მედეა ქოქრაშვილი.

მაკა საკანდელიძის თქმით კი დირექტორს, მედეა ქოქრაშვილს, უკმაყოფილება ლუკას სკოლაში მიყვანისთანავე შეამჩნია.  საქმეში განათლების სამინისტროს დისციპლინური კომისიაც ერთვებოდა, რომელიც დირექციას მითითებებს აძლევდა და ისინიც მეტნაკლებად ითვალისწინებდნენ, თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა.

"ჩემს შვილს ჰიპერაქტიურობის სინდრომი აქვს და მუდმივად სჭირდება სპეცპედაგოგთან ერთად მუშაობა, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე.

სკოლამ კი გვითხრა, რომ მას ისეთი სპეცმასწავლებლის დანიშვნის საშუალება არ ჰქონდა, რომელიც უშუალოდ ჩემს შვილთან ერთად, საკლასო ოთახში იქნებოდა" - განმარტავს მაკა საკანდელიძე.

მოგვიანებით, ლუკას დედას შესთავაზეს, რომ საგაკვეთილო პროცესს შვილთან ერთად თავად დასწრებოდა, რაზეც დათანხმდა.

"ამბობდნენ, რომ ჩემი შვილი აგრესიას ავლენდა, თუმცა როდესაც გაკვეთილებს ვესწრებოდი, მივხვდი, რომ ის მართვადია და თუ რაიმე მაპროვოცირებელი არ აქვს, ასე არ იქცევა. გარდა ამისა, მასწავლებლები მეუბნებოდნენ, "შენი შვილი იღლება, გაკვეთილებზე ვერ ჩერდება," თუმცა ასე არ ყოფილა, რადგან ლუკა მე-5 გაკვეთილის ჩათვლით, აქტიური, დაინტერესებული და მონდომებული იყო," - იხსენებს მაკა და დასძენს, რომ სპეცპედაგოგის აყვანას საკუთარი ფინანსებით სთხოვდნენ, თუმცა, მისი თქმით, ეს მშობლის მოვალეობა არ არის, შესაბამისად, შეთავაზებაზე უარი თქვა.

საბოლოოდ სკოლამ სპეცმასწავლებელი აუყვანა, რომელიც ლუკასთან დროს კვირაში 2 დღის განმავლობაში ატარებდა, რაზეც სკოლის დირექტორი განმარტავს, რომ სპეცპედაგოგის ასეთი გრაფიკით დანიშვნა თავად მაკა საკანდელიძის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა:

"აპლიკანტები ერთად შევარჩიეთ, გასაუბრების შემდეგ კონტრაქტი ერთი ბიჭისთვის უნდა გაგვეფორმებინა, რაზეც მოგვიანებით თავად ქალბატონმა მაკამ თქვა უარი და შეარჩია გოგონა, რომელსაც 5-ის ნაცვლად 2 დღის განმავლობაში შეეძლო მუშაობა. ის ამ პირობებზე დათანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ მე თანხა 5 დღისთვის მქონდა გამოყოფილი".

11 წლის ლუკას დედა ასევე იხსენებს შემთხვევას, როდესაც მისი შვილი უსამართლოდ დაადანაშაულეს, -"მეხუთე კლასში ბავშვი ამავე სკოლაში მივიყვანე და დირექტორი ძალიან უკმაყოფილო იყო, რომ ბავშვი არ გადავიყვანე და ალბათ მიზეზებს ეძებდა, რასაც შემდეგ ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენებდა. სექტემბრის ბოლოს დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემმა შვილმა იჩხუბა და თანაკლასელს კბილი მოამტვრია. სკოლაში რომ მივედი, ბავშვი მანდატურის კაბინეტში დამხვდა და შესვლისთანავე მკითხა, რაღაც ორგანიზაციაში მართლა წაიყვანდნენ თუ არა, რადგან სანამ მივიდოდი, ლუკა ამით შეუშინებიათ.

შემდეგ ფსიქოლოგი და დირექტორიც შემოვიდნენ, რომელმაც დამიწყო ყვირილი, შენი შვილის გამო მთელი სკოლა სტრესშია და ბავშვები მის დანახვაზე შიშისგან კანკალებენო. ფაქტობრივად, არც ამიხსნეს რა მოხდა.

ლუკას სენსორული დარღვევები აქვს და ძალიან ხშირად ადამიანებთან მიდის და ეხუტება, რათა მათ მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატოს.

სწორედ ასე მოხდა მისი თანაკლასელის შემთხვევაშიც, ლუკა მას ჩაეხუტა, ბავშვმა უკან გაწია, რა დროსაც ლუკამ შემთხვევით იდაყვი გაკრა და მის თანაკლასელს სარძევე კბილი ჩამოსძვრა". მაკა იხსენებს, რომ დერეფანში მომხდარის ჩანაწერები  თავად ნახა, თუმცა როცა ეს ვიდეომასალა გამოითხოვა, რატომღაც აღარ მიაწოდეს.

ფაქტს, რომ ლუკამ თანაკლასელს კბილი შემთხვევით მოამტვრია, სკოლის დირექტორიც ადასტურებს და სიტუაციის გამწვავებაში მაკა საკანდელიძეს ადანაშაულებს, - "მშობლები მომხდარიდან საათნახევრის შემდეგ მოვიდნენ და ქალბატონი მაკას პირველივე განცხადება იყო, რომ ჩვენ არაპროფესიონალები ვართ, რაზეც ვუპასუხე, რომ მაშინ ბავშვი იქ გადაეყვანა, სადაც პროფესიონალები ასწავლიან,” - განმარტავს მედეა ქოქრაშვილი და დასძენს, რომ მაკა საკანდელიძეს ვიდეომასალა არ უნახავს.

მშობლის თქმით, მისი შვილის შევიწროება მუდმივად ხდება. ერთ-ერთ გაკვეთილზე, კლასის დამრიგებელმა ბავშვს დაუყვირა, რის შემდეგაც ლუკა მერხის ქვეშ შეძვრა და ტირილი დაიწყო, თუმცა, მასწავლებელმა საგაკვეთილო პროცესი მაინც არ შეწყვიტა.

"ახლა ასეთი ვითარებაა: მშობლები დამიპირისპირდნენ, სიტუაცია ძალიან დაძაბულია, რადგან დამრიგებლის წინააღმდეგ საჩივარი დავწერე. თანაკლასელების მშობლებმა კი დაწერეს განცხადებები, რომ ეს მასწავლებელი ძალიან მოსწონთ და მისი სკოლიდან გაშვება არ უნდათ. ერთ-ერთმა კი განცხადება ლუკას კლასიდან გადაყვანის მოთხოვნითაც შეიტანა. ასევე მასწავლებლებს, რომლებიც დამრიგებლის ქცევას ხედავდნენ, წესით ფსიქოლოგი ან სპეცმასწავლებელი უნდა გამოეძახებინათ, თუმცა ასე არ მოხდა. მაგალითად, მე რომ სკოლაში არ ვყოფილიყავი, არ ვიცი, ატირებული ბავშვი მერხის ქვეშ რამდენი ხანი ეჯდებოდათ.”

გარდა ამისა, მაკა საკანდელიძე აღნიშნავს, რომ დამრიგებელი ბავშვებს მოუწოდებდა, თუ ლუკა აგრესიას გამოავლენდა, მათაც აგრესიით ეპასუხათ, - "მაგალითად, თუ დაგარტყამთ, თქვენც დაარტყით." ჩემი აზრით, ეს ადამიანი სკოლაში არ უნდა ასწავლიდეს, რადგან ბავშვებს ერთმანეთის მხარდაჭერას კი არა ფარულ გადაღებას, დაბეზღებასა და აგრესიით პასუხს აჩვევს. მიმაჩნია, რომ ჩემმა შვილმა ამის გამო ეს სკოლა არ უნდა დატოვოს, ჩვენ უბრალოდ კვალიფიციური მასწავლებლები გვჭირდება, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვებისთვის შესაბამის გარემოს შექმნიან."

საჩივრის საპასუხოდ, 122-ე სკოლის დირექტორი, მედეა ქოქრაშვილი განმარტავს, რომ იურიდიულად რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი მოაგვარა და კლასის დამრიგებელთან დაკავშირებით, შესაბამისი ზომებიც მიიღო, - "ფაქტი, რომ დამრიგებელი ყვიროდა და სკამი ისროლა, არ დადასტურდა, რადგან მაშინ მან ბოდიში მოიხადა და საკლასო ოთახიდან გავიდა. გარდა ამისა, ზომები უკვე მივიღეთ და ქალბატონი თინათინი დამრიგებლის პოზიციას დატოვებს", - აღნიშნავს მედეა ქოქრაშვილი და დასძენს, რომ ლუკას აგრესიული ქცევების გამო, რაც ბავშვებისთვის სხვადასხვა საგნის ჩარტყმაში გამოიხატებოდა, მშობლებმა შვილები სკოლიდან გადაიყვანეს, რის გამოც კლასი დაიშალა.

მაკა საკანდელიძეს სასამართლოში საჩივარი ჯერჯერობით არ შეუტანია.

იგი განმარტავს, რომ მის შვილს სექტემბერში, სკოლაში ძალიან დაძაბული გარემო ელოდება, თუმცა იმედოვნებს, რომ ლუკა ჩვეულებრივ კლასში მეგობრებთან ერთად სრულფასოვან განათლებას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ "გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის" მიხედვით, "შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვს უფლება აქვს, მიიღოს სპეციალური განათლება, რათა შეძლოს ღირსეულად ცხოვრება. ასეთ ბავშვებზე სახელმწიფო განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეს," თუმცა, ჩვენს ქვეყანაში კონვენციის ეს მუხლი, როგორც ჩანს, სრულყოფილად ჯერ კიდევ ვერ სრულდება.

myquiz