რა იციან მეზობლებმა უზნაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ | Allnews.Ge

რა იციან მეზობლებმა უზნაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ

მეზობლების ინფორმაციით, უზნაძის ქუჩაზე მოკლულ 19 წლის გოგონას მის ბიძაშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რამდენიმე მეზობელმა განუცხადა, გოგონასა და მისი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბიძაშვილს შორის რაიმე სახის უთანხმოების შესახებ არ სმენიათ.

მეზობლების ცნობით, სტუდენტები, რომლებიც ერთმანეთისთვის ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ, უზნაძის ქუჩაზე ახლო ნათესავთან - აზა ახალაიასთან ცხოვრობდნენ, რომელიც 4 დღის წინ ფოთში დასასვენებლად წავიდა.

"აზა ახალაია გოგონას დეიდაა, ხოლო ბიჭის მამიდა

აზას ორი შვილი ჰყავს, ისინი 4 დღის წინ ფოთში წავიდნენ დასასვენებლად. ანას და რობერტის, როგორც ვიცი გამოცდები ჰქონდათ და თბილისში დარჩნენ. ამ 4 დღის განმავლობაში ხმაურის, ჩხუბის, ან რაიმე დაპირისპირების ხმა არ გაგვიგია. ორივე ახალგაზრდა ყოველთვის ძალიან მოწესრიგებული იყო და არასდროს მიუქცევიათ რაიმე განსაკუთრებული ყურადღება", - აცხადებენ მეზობლები.

მეზობლებისვე ინფორმაციით, გუშინ ერთ-ერთ სტუდენტს გამოცდა ჰქონდა და იმის გამო, რომ ვერც ერთს და ვერც მეორეს ოჯახის წევრები ტელეფონით ვერ დაუკავშირდნენ, მეზობლებს სთხოვეს კარზე დაკაკუნება, თუმცა კარი არავინ გააღო.

"კარს არავინ აღებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდნენ ნათესავებიც. აქვე მშენებლობა მიმდინარეობს და მშენებლებს კიბე სთხოვეს. კიბის მეშვეობით ახალგაზრდა ბიჭი მეორე სართულის აივნიდან შევიდა ბინაში, მაგრამ მალევე უკან ყვირილით გამოვარდა - ანა სისხლში სცურავს, ყელი აქვს გამოჭრილიო. შოკში ვიყავით, დავრეკეთ სასწრაფოში, პოლიციაში", - განაცხადეს მეზობლებმა.

19 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ფოთში გუშინვე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია მოკლული გოგონას, ანა ხელაძის ბიძაშვილი.

საქმეზე შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

myquiz