საია თათია დოლიძესთან დაკავშირებულ საქმეზე: ეს შესაძლოა მუქარა ან წამების მუქარა იყოს | Allnews.Ge

საია თათია დოლიძესთან დაკავშირებულ საქმეზე: ეს შესაძლოა მუქარა ან წამების მუქარა იყოს

სოციალურ ქსელში, თათია დოლიძის მისამართით დაფიქსირებული კომენტარები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა მოახდინოს მისი დაუყოვნებლივი გამოძიება - განაცხადა სიას იურისტმა თამარ დეკანოსიძემ Allnews.ge-სთან საუბარში.

რაც შეეხება იმას, კონკრეტულად, სისხლის სამართლის დანაშაულის რომელ ნიშნებს შეიცავს ქმედება, აქ შესაძლოა საქმე გვქონდეს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ორ მუხლთან - ეს არის მუქარა და წამების მუქარა.

მუქარა - 151-ე მუხლი - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 180 საათამდე, ან გამოსასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

წამების მუქარა - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე

"მუქარის მუხლი ითვალისწინებს, რომ დასჯადია ჯანმრთელობის დაზიანების, სიცოცხლის მოსპობისა ან ქონების განადგურების მუქარა. ამ შემთხვევაში გაუპატიურება მინიმუმ აზიანებს პირის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას და აქედან გამომდინარე, ეს ექცევა აღნიშნული მუხლის ფარგლებში ექცევა"- აღნიშნა დეკანოსიძემ.

იურისტის თქმით, რაც შეეხება წამების მუქარას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა და ზოგადად სექსუალური ძალადობა წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას უტოლდება.

"აქედან გამომდინარე გაუპატიურების მუქარა შესაძლოა დაკვალიფიცირდეს როგორც წამების მუქარა

ანუ ამ ორი მუხლიდან რომელიმეს ფარგლებში უნდა დაიწყოს გამოძიება- თქვა საიას იურისტმა. თამარ დეკანოსიძის განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, გაუპატიურების მუქარა ცალკე გამოყოფილი დანაშაული არ არის და აქედან გამომდინარე, მისი გამოძიება ამ კონკრეტული მუხლის მიხედვით არ მოხდება.

Allnews.ge დაინტერესდა რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მუქარის ადრესატს მისი რეალური განხორციელების შიში არ გაუჩნდა? დეკანოსიძის თქმით, ამის გამორკვევა უნდა მოხდეს გამოძიების ფარგლებში და ეს საგამოძიებო ორგანოს არ ათავისუფლებს გამოძიების დაწყების ვალდებულებისგან.

"თუ გამოძიების დაწყების შემდგომ, საგამოძიებო ორგანო სავარუდო მსხვერპლის გამოკითხვისას დაადგენს რომ მან მუქარა არ აღიქვა სერიოზულად, ეს გამოძიების არ დაწყების საფუძველი ეს არ არის".

იურისტმა ის შემთხვევაც განგვიმარტა, როდესაც შეურაცხყოფა მუქარის ნიშნებს არ შეიცავს და გვითხრა, რომ თუ შეურაცხყოფას აქვს დისკრიმინაციული ქვეტექსტი ანუ შეურაცხყოფა ხდება ადამიანის სქესის, რასის, სექსუალური ორიენტაციისა ან სხვა, ადამიანს შეუძლია ამის გამო მიმართოს სასამართლოს, ან სახალხო დამცველის აპარატს.

 

თათია დოლიძე "ქართველთა მარშის" ორგანიზატორების მუქარაზე პირველ კომენტარს აკეთებს

myquiz