რას გულისხმობს "მწვანე ქალაქის" კონცეფცია, რომელზეც თბილისის მერია მუშაობს | Allnews.Ge

რას გულისხმობს "მწვანე ქალაქის" კონცეფცია, რომელზეც თბილისის მერია მუშაობს

თბილისის მერიამ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. დედაქალაქის მთავრობამ "მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის" პირველადი სამუშაო ვერსია უკვე მიიღო და ახლა საბოლოო ვერსიაზე მუშაობს.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, "მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის" განხორციელება დაახლოებით, 2030 წლამდე ვადაშია დაგეგმილი და მთლიანობაში გამწვანების მიმართულებით მაღალი სტანდარტის მიღწევას გულისხმობს.

"აქ არის როგორც ტრანსპორტის, ასევე გარემოს დაცვითი და ენერგოეფექტურობის მიმართულებები.

გარდა ამისა, გეგმის განხორციელება მოიცავს მაგალითად, წყლისა და ჰაერის სისუფთავეს, ტრანსპორტის ეკოლოგიურობას და ა.შ", - ამბობს ლექვინაძე.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარების პროგრამა MAN-ის ფირმის ავტობუსების შემოყვნით, ელექტომობილებისთვის პარკინგის გადასახადის გაუქმებითა და მათი დამტენების დამონტაჟებით უკვე დაწყებულია, სამომავლოდ კი შესაძლოა, ხელი ელექტროტაქსების განვითარებასაც შეეწყოს:

"მივესალმებით, თუ ელექტროავტომობილები ტაქსებად იქნება შემოყვანილი.

ეს შეიძლება ელექტრომობილებისთვის გასაჩერებელი ადგილებისთვის სპეციალურად გამოყოფა, ასევე დამტენი მოწყობილობების განთავსებისთვის ხელის შეწყობა და ა.შ", - განმარტავს ის და დასძენს, რომ დეტალები პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

რაც შეეხება თბილისში გახშირებული მშენებლობების საკითხს, ირაკლი ლექვინაძის თქმით, ამ ტენდენციის დასარეგულირებლად ღონისძიებების განხორციელება უკვე დაიწყო, კერძოდ, გამწვნებასთან დაკავშირებით რეგულაციები დაწესდა, - "რა თქმა უნდა, მშენებლობები, მტვრის ელემენტებს ქმნის, ამიტომ გენერალური გეგმის მიღების შემდეგ რეგულაციები კიდევ ერთხელ უფრო სტანდარტიზებული იქნება. მშენებლობის კუთხით არის სამუშაო, ჩვენ გვინდა, რომ მხარი ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით მშენებლობების განხორციელებას დავუჭიროთ", – განმარტავს ის.

ირაკლი ლექვინაძე ასევე დასძენს, რომ თბილისის მერიის პრიორიტეტი ენერგოეფექტური სახლების მშენებლობაა, რითიც კერძო სექტორიც დაინტერესებულია.

გარდა ამისა, ენერგოეფექტური მშენებლობების განხორციელებას მერია საჯარო სექტორშიც გეგმავს.

 

 

იხილეთ ინგლისურენოვანი სტატია: Tbilisi to turn into a Green City

myquiz