განათლების სამინისტროს კომენტარი სკოლაში ორი ახალი საგნის დამატების შესახებ | Allnews.Ge

განათლების სამინისტროს კომენტარი სკოლაში ორი ახალი საგნის დამატების შესახებ

გენდერი და ლგბტ თემი არც ნახსენებია, არც იგულისხმება იმ სტანდარტში, რომელზე დაფუძნებითაც მომზადდება სახელმძღვანელო, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა, მარიამ ჩიქობავამ "ინტერპრესნიუსს" სასკოლო საგანზე "მე და საზოგადოება" საუბრისას განუცხადა.

მისივე მტკიცებით, აღნიშნული საგანი არის ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების ინტეგრირებული კურსი.

"ჩვენ ძალიან ბევრი განხილვა მოვაწყვეთ პედაგოგებთან, დაინტერესებულ ჯგუფებთან. ეს საგანი არის ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების ინტეგრირებული კურსი.

სამოქალაქო განათლების კომპონენტი უფრო წინ არის წამოწეული.

იგეგმება, რომ მე-3-მე-4 კლასებში შევიდეს. ეს საგანი მოიცავს შემდეგ თემებს: ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულება, მათ შორის ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობები; გარემოს დაცვის მიმართულება; კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება; ინიციატივა და მეწარმეობა, ეს გულისხმობს ელემენტარული ეკონომიკური უნარების გამომუშავებას", - განაცხადა ჩიქობავამ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საგანში არის 6 თემა, სამ მათგანს მესამე კლასში ისწავლიან, ხოლო სამს - მეოთხეში.

"პირველი სამი თემაა: 1. ჩემი ოჯახი, 2. სასკოლო გარემო - მეგობრები და თანატოლები, 3. გარემო, რომელშიც ცხოვრობ. მეოთხე კლასში შემოდის შემდეგი თემები: 4. სად და როგორ ვიღებთ განათლებას, 5. მედია და ინფორმაცია, 6. მე და ჩემი ქვეყანა", - განაცხადა ჩიქობავამ.

მარიამ ჩიქობავას განმარტებით, ტერმინი გენდერი ნახსენები არ არის, მხოლოდ რამდენიმე ისეთი კითხვაა დასმული, რომლებიც თანასწორობას ეხება.

"გენდერი ტერმინი ნახსენები არ არის. არის კითხვები მაგალითად:

რატომ და როგორ უნდა დავაფასოთ ოჯახის ყველა წევრის შრომა?

რატომ უნდა იყოს სკოლაში ყველა გოგოსა და ბიჭის განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობები და პირობები? რატომ არის განათლება ყველა ბავშვის უფლება?", - განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

მისივე ინფორმაციით, სახელმძღვანელოს პირველ ვერსიაშიც არ იყო აღნიშნულ საკითხებზე საუბარი. როგორც ჩიქობავამ აღნიშნა, სახელმძღვანელოს სტანდარტი საპატრიარქოსთან ერთად სიტყვა-სიტყვით არის გავლილი.

"ძალიან ბევრი შეხვედრა შედგა საპატრიარქოსთანაც. ჰკითხეთ საპატრიარქოს ოდესმე ლგბტ თემთან დაკავშირებით იყო თუ არა ამ სტანდარტში რაიმე, ან თუნდაც სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებით. საპატრიარქოსთან ერთად სიტყვა-სიტყვით არის ეს სტანდარტი გავლილი. დაუსვით კონკრეტული კითხვა საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელს მეუფე იოანეს, რომელიც საპატრიარქოს სახელით გამოდიოდა, იყო თუ არა რომელიმე ვერსიაში ან ლგბტ თემთან ან სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებით რაიმე", - განაცხადა ჩიქობავამ.

ჩიქობავას განმარტებით, აღნიშნული საგნის სახელმძღვანელოების პირველადი ვერსია განსახილველად განათლების სამინისტროში შემოდგომაზე შევა, ხოლო სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან.

"მომდევნო სასწავლო წლიდან შევა სკოლებში.

ახლა სახელმძღვანელოებზე მიმდინარეობს მუშაობა. როგორც კი სახელმძღვანელოების პირველად ვერსიები იქნება, საჯარო გახდება. სახელმძღვანელოების პირველადი ვერსიები შემოდგომაზე შემოვა სამინისტროში განსახილველად, სამინისტრო ამას გაასაჯაროებს და ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი", - განაცხადა ჩიქობავამ.

საზოგადოების გარკვეული ნაწილი საგნების - "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველოს" სკოლებში შეტანის იდეას ეწინააღმდეგება და პერიოდულად განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავს. როგორც მოქალაქეთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, აღნიშნული საგნები "შეკვეთილია ლგბტ თემის მიერ".

myquiz