სასარგებლო ინფორმაცია სამსახურის მაძიებელთათვის: საქართველოში ყველაზე ხშირად გამოცხადებული ვაკანსიები | Allnews.Ge

სასარგებლო ინფორმაცია სამსახურის მაძიებელთათვის: საქართველოში ყველაზე ხშირად გამოცხადებული ვაკანსიები

ვაკანსიების ვებგვერდ Jobs.ge-ზე სამსახურს ყოველკვირეულად საშუალოდ, 16 414 პირი ეძებს. როგორც წესი, სამსახურის მაძიებლები აღნიშნავენ, რომ კომპანიების სტანდარტებს შორის, ერთ-ერთი რთულად დასაკმაყოფილებელი გამოცდილების მოთხოვნაა. მართლაც, ძირითად ვაკანსიებზე კომპანიები მინიმუმ 6 თვიან და მაქსიმუმ 5 წლიან გამოცდილებას ითხოვენ, რაც ახალგაზრდებისთვის პრობლემას წარმოადგენს.

ასეთი სტანდარტები, როგორც წესი, სუპერმარკეტებსა და სხვა ტიპის მაღაზიებს არ აქვთ, სადაც ძირითადი მოთხოვნები კომუნიკაბელურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარია.

სად და რა პროფესიით შეგიძლიათ დასაქმდეთ კერძო სექტორში?

ჩვენს ქვეყანაში ძირითადი მოთხოვნა ვებ და PHP დეველოპერებზე, პროგრამისტებზე, IT მხარდამჭრებზე და გრაფიკული დიზაინის მცოდნე პირებზეა. ამ ვაკანსიებზე კომპანიების მთავარ მოთხოვნა არა გამოცდილება, არამედ, შემოქმედებითი მიდგომისა და ახალი იდეების განხორციელების უნარებია.

IT სპეციალისტები სხვადასხვა საქმიანობით დაკავებულ კომპანიებს, მაგალითად, სუპერმარკეტების ქსელებსა და ბანკებს ესაჭიროებათ. შესაბამისად, თუ ამ პროფილის მქონე ხართ, წესით, დასაქმება არ უნდა გაგიჭირდეთ.

მოთხოვნადი ასევე მერჩენდაიზერები და სუპერვაიზერებია, რომელთაც ძირითადად, სუპერმარკეტების ქსელები და პროდქტების მწარმოებელი კომპანიები ეძებენ. მათი ძირითადი მოვალეობები პროდუქციის ობიექტებზე განთავსება და კონტროლია. კომპანიები, რომელთაც ამჟამად, ვაკანსიები აქვთ განთავსებული, გამოცდილებასა და ორგანიზებულობას ითხოვენ. ანაზღაურება კომპანიების უმეტესობას მითითებული არ აქვს, თუმცა რამდენიმე მაგალითის დაყრდნობით, ამ პოზიციაზე დასაქმებულთა ხელფასი 400 ლარიდან იწყება.

მერჩენდაიზერებსა და სუპერვაიზერებს როგორც თბილისში, ისე ბათუმსა და ზუგდიდში ეძებენ. სუპერმარკეტებსა და სხვა ტიპის მაღაზიებს კონსულტანტებიც აქტიურად ესაჭიროებათ. ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს ძირითადად, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარსა და ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნას სთხოვენ. კონსულტანტების ხელფასი ვებგვერდზე დაყრდნობით, 300 ლარიდან იწყება.

ტენდენცია გვიჩვენებს, რომ გაყიდვებისა და ქოლ-ცენტრის ოპერატორების ვაკანსიებიც მოთხოვნადია. ანაზღაურება ძირითადად, მითითებული არ არის, მაგრამ ქოლ-ცენტრის ოპერატორთა საშუალო ხელფასი, დაახლოებით, 400 ლარია. ზოგიერთი კომპანია თანამშრომლებს ანაზღაურების გადახდას გამომუშავების მიხედვით სთავაზობს.

კომპანიების ნაწილი ქოლ-ცენტრის ოპერატორებს არამხოლოდ შემოსული ზარების საპასუხოდ, არამედ სატელეფონო გაყიდვებისთვისაც იწვევს. ამ შემთხვევაში დასაქმებულების ვალდებულება მომხმარებლებთან დარეკვა და პროდუქციის შეთავაზებაა, მათ შორის, წიგნების, კოსმეტიკური ნაწარმის, ტექნიკის, მასაჟორების, დაზღვევის სერვისისა და ა.შ. ასეთ ფუნქციებს გაყიდვების ოპერატორებიც ითავსებენ, თუმცა მათ ნაწილს კლიენტებთან პირდაპირი კომუნიკაციაც ევალება.

მოთხოვნა მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერებზეც არის. ამ პოზიციებზე კომპანიები უპირატესობას გამოცდილების მქონე პირებს ანიჭებენ, მოვალეობებში ძირითადად, ბაზრის მოთხოვნების შესწავლა და ბრენდის მარკეტინგული გეგმის განხორციელებაა. მარკეტინგის მენეჯერებს სადაზღვეო და სარეკლამო კომპანიებში, კაფეებსა და სხვადასხვა საწარმოებში ეძებენ. თანამშრომელთა ანაზღაურება და ასაკი როგორც წესი, მითითებული არ არის.

იმ შემთხვევაში თუ საბანკო ან საფინანსო საქმიანობაში მუშაობის გამოცდილება გაქვთ, მაშინ Jobs.ge-ზე თქვენთვის ვაკანსიების ფართო არჩევანია და დასაქმება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებშიც შეგიძლიათ.

ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები დაკრედიტების ექსპერტს, პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტებს, ფინანსურ ანალიტიკოსებსა და მენეჯერებს, საკრედიტო ადმინისტრატორებს, სესხის ოფიცრებსა და მიკროდაკრედიტების ექსპერტებს აქტიურად ეძებენ. ცხადია, ამ პოზიციებზე დასაქმების მსურველ პირებს უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეთ. კომპანიებს მოთხოვნების ველში მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება აქვთ მითითებული.

გარდა ფინანსისტებისა, დასაქმება მედიკოსებსაც შეუძლიათ. ამბულატორიული მომსახურების მქონე კლინიკები სამედიცინო წარმომადგენლებს როგორც თბილისში, ისე თელავში, ზუგდიდში, ბათუმსა და სხვა რეგიონებში ეძებენ. სამედიცინო სფეროში ასაკი ძირითადი მოთხოვნა არ არის, თუმცა რამდენიმე ფარმაცევტულ კომპანიას თანამშრომელთა მიღება 25 წლიდან აქვს მითითებული. გარდა ამისა, სამედიცინო კომპანიები მინიმუმ ერთწლიან სამუშაო გამოცდლებას ითხოვენ.

ჩამოთვლილი პროფესიების გარდა, საქართველოში მზარეულებს, მიმტანებს, დიასახლისებს, პრომო აგენტებსა და იურისტებს ეძებენ. პრომო აგენტების შემთხვევაში, 18 წლიდან ზემოთ, სასიამოვნო გარეგნობის გოგონებს ეძებენ, რომელთა ანაზღაურებაც ძირითადად, გამომუშავებაზეა.

რაც შეეხება იურსიტებს, სამართლის სპცეიალისტებს ძირითადად, გამოცდილებასა და მაღალ კვალიფიკაციას სთხოვენ. ვაკანსიების მაძიებელთათვის ძირითად პრობლემად ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის არქონა შეიძლება ჩაითვალოს, რადგან კომპანიები განცხადებაში ამ ველს, როგორც წესი, არ ავსებენ.

ამჟამინდელი ტენდენციის მიხედვით, კომპანიები თანამშრომლებს სქესის მიხედვით არ იყვანენ, გარდა რამდენიმე მათგანისა, მაგალითად, ერთ-ერთ კომპანიას, რომელმაც Jobs.ge-ზე ვაკანსია განათავსა, მერჩენდაიზერად მხოლოდ ქალი ესაჭიროება.

 

 

myquiz