როგორ ვიკვებოთ ზაფხულში - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები | Allnews.Ge

როგორ ვიკვებოთ ზაფხულში - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები

ზაფხულის სიცხის მატებასთან ერთად, ჩვენი კვების რაციონიც იცვლება, რადგან ორგანიზმი დასვენებას და გამაგრილებელ სასმელებს გვთხოვს, მადა კი ქვეითდება.

მედიკოსების მთავარი რჩევა ზაფხულში სითხის დიდი რაოდენობით მიღებაა. ენდოკრინოლოგ ქეთევან ასათიანის თქმით, სითხის სახით წყლის მიღება ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლოა, რადგან ჩვენს ქვეყანაში ზაფხული ყველაზე ცხელია და ორგანიზმს ჯეროვანი დატენიანება ესაჭიროება.

"ყველაზე ჯანსაღი სითხე წყალია, შესაბამისად, ორგანიზმის დატენიანების, სრულფასოვანი ფუნქციონირებისა და სხვადასხვა დაავადების თავიდან ასარიდებლად, წყლის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია," - განმარტავს ქეთევან ასათიანი და დასძენს, რომ თუ საშარდე გზების ან გულსისხლძარღვთა დაავადებები არ გვაწუხებს, დღის განმავლობაში 1,5-დან 2 ლიტრამდე წყალი უნდა მივიღოთ.

რაც შეეხება კვებას, ენდოკრინოლოგის თქმით, სეზონური ხილისა და ბოსტნეულის მიღება ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ამ სეზონზე ხილის საკმაოდ ფართო არჩევანია: კენკრა, გარგარი, ატამი, ვაშლატამა, ქლიავი და სხვა ხილი, რომელიც აუცილებლად უნდა მივიღოთ. გარდა ამისა, უნდა მივირთვათ სეზონური ბოტსნეულიც," - გვირჩევს მედიკოსი და ხილისა და ბოსტნეულის მირთმევის ფორმებზე, დამატებით რეკომენდაციებს გვაძლევს:

ხილის მირთმევა არა ნახარშ, არამედ ბუნებრივ მდგომარეობაში უფრო სასარგებლოა

"ბოსტნეულ კი ბევრი ცხიმით არ უნდა მომზადდეს," - განმარტავს ქეთევან ასათიანი. ბევრი ჩვენგანი სიცხის გამო, ხორცისა და თევზის მიღებას ამცირებს, ნაწილი კი რაციონიდან საერთოდ იღებს. ენდოკრინოლოგი გვირჩევს, რომ ეს პროდუქტები ჩვენი ყოველდღიურობიდან არ ამოვიღოთ და სასურველ რაოდენობამდე შევამციროთ.

შეგვიძლია, ხორცის ულუფა ჩვეულებრივზე ცოტა უფრო ნაკლები იყოს, რადგან ყველა აუცილებელი ამინომჟავა ცხოველურ ცილაშია და ამის უგულებელყოფას რეკომენდაციას ვერ გავუწევ," - დასძენს ქეთევან ასათიანი.

ენდოკრინოლოგის თქმით, თუ არცერთი დაავადება არ გვაწუხებს, ზაფხულში კვებასთან დაკავშირებით რაიმე მნიშვნელოვანი აკრძალვა არ არსებობს, თუმცა გარკვეული პროდუქტების მიღება მაინც უნდა შევამციროთ.

"როდესაც ასე ცხელა, საკონდიტრო ნაწარმის დიდი რაოდენობით მირთმევა სასურველი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის.

პური რაციონში უნდა დარჩეს, თუმცა საკონდიტრო ნაწარმი, რაც მალფუჭებადია, მაგალითად კრემიანი ნამცხვრები, ალბათ ჯობს, რომ შევზღუდოთ ან საერთოდ არ მივირთვათ და ხილით ან ნაყინით ჩავანაცვლოთ. რაღაც განსაზღვრული დაავადების მქონე პირებს, რა თქმა უნდა, თავისი ინდივიდუალური შეზღუდვა აქვთ და კვების საკითხი მათ თავიანთ ექიმებთან უნდა გაარკვიონ," - განმარტავს ის.

გარდა ამისა, ენდოკრინოლოგი გვირჩევს, რომ სეზონურ პროდუქტებზე უარი არ ვთქვათ, რადგან ისინი ორგანიზმის გაჯანსაღებაში გვეხმარება.

myquiz