ლილოს ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძრის სავარაუდო მიზეზი მაღალი ტემპერატურაა | Allnews.Ge

ლილოს ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძრის სავარაუდო მიზეზი მაღალი ტემპერატურაა

ლილოს ნაგავსაყრელზე ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, იმ არეალში, სადაც ღია ცეცხლი იყო, ლოკალიზება დილითვე მოხდა. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი მყარი ნარჩენების ფენებს ეკიდა, რამაც სამუშაოები გაართულა. თუმცა ამ ეტაპზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სახანძრო სამუშაოებში 5 სამაშველო ჯგუფი და 2 სპეცტექნიკა იყო ჩართული.

შპს "თბილსერვის ჯგუფის" განცხადებით, ლილოს ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძრის სავარაუდო მიზეზი 4 ივლისს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურაა.

"დღეს გამთენიისას, თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელ პოლიგონზე გაჩენილი ხანძარი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს - სამაშველო ჯგუფების მიერ ლოკალიზებულია. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად გუშინდელი სიცხე - მაღალი ტემპერატურა სახელდება", - ნათქვამია შპს "თბილსერვის ჯგუფის" განცხადებაში.