ვარკეთილში არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტი დაფიქსირდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოზარდების მიმართ გარყვნილი ქმედების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ვარკეთილში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 5 მოზარდი სახლში მოტყუებით შეიყვანეს, გააშიშვლეს და ფოტოები გადაუღეს. ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასრულწლოვნებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.