რა კრიტერიუმებით ანიჭებენ მოქალაქეს სოციალურად დაუცველის სტატუსს
საქართველოს 3 718 200 მოქალაქიდან 448 792 სოციალურად დაუცველია, - ასეთია 2017 წლის მონაცემები, რომლებიც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ეკუთვნის.
სოციალურად დაუცველის სტატუსის მისაღებად, ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000-ზე დაბალი უნდა იყოს, რომლის გამოანგარიშებაც სპეციალური მეთოდოლოგიის მეშვეობით ხდება.
30 000 და უფრო ნაკლები ქულის მფლობელი ოჯახის თითოეული წევრი დახმარების სახით ყოველთვიურად 60 ლარს იღებს; 30 000-დან 57 000-მდე ქულის მფლობელები 50 ლარს, 57 000-დან 60 000-მდე ქულის შემთხვევაში კი 40 ლარს, ხოლო 60 000-დან 65 000-მდე ქულის მქონე ოჯახის წევრები ყოველთვიურად 30 ლარს იღებენ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ტატა გამყრელიძის თქმით, სოციალურად დაუცველთა რაოდეობა მუდმივად ცვალებადი მაჩვენებელია, რადგან აგენტები შესაბამის ბაზას მუდმივად ამოწმებენ და სიახლეებსაც ყოველთვის აწყდებიან.
"ხშირად გვადანაშაულებენ რომ საარჩევნოდ სოციალურად დაუცველთა რაოდენობის გაზრდა ხდება. 2015 წლამდე, სანამ მეთოდოლგია შეიცვლებოდა, საარჩევნო პერიოდში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მართლაც იზრდებოდა. 2016 წლის არჩევნების დროსაც, ახალი მეთოდოლოგიის დანერგვის შემდეგ, სანამ ბაზების სრულად გადამოწმება დაიწყებოდა, ასე მოხდა. მომდევნო პერიოდში შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ იკლო, მიზეზი ასევე ბაზები იყო, რადგან აგენტები არა ზოგადად რეგისტრირებულ, არამედ მხოლოდ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს ამოწმდებოდნენ, რომელთა ნაწილსაც დახმარება მოეხსნა. შემდეგ პრობლემას მივხვდით და გამოვასწორეთ. ბაზების საბოლოო გადამოწმება კი მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება," - განმარტავს ტატა გამყრელიძე.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნა, სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების სპეციალური მეთოდოლოგია 2015 წელს შეიცვალა, რაც ქულების ზღვარის 57 000-დან 65 000-მდე ზრდას და პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთების დეკლარაციიდან ამოღებას გულისხმობდა.
"2015 წლამდე აგენტს დეკლარაციაში თავისი მოსაზრების დაწერის უფლება ჰქონდა, რაც ძალიან დიდ როლს თამაშობდა, ახლა ასე აღარ არის. გარდა ამისა, ძველი მეთოდოლოგიის მიხედვით, მაგალითად, ტელევიზორი, მაცივარი, კომპიუტერი და სარეცხი მანქანა მნიშვნელოვანი იყო და ქულაზე მოქმედებდა, ახალი მეთოდოლოგიის შემთხვევაში კი პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები დეკლარაციაში აღარ იწერება და ქულების დათვლის დროს მათი გათვალისწინებაც არ ხდება." - აღნიშნვს ტატა გამყრელიძე და დასძენს, რომ დეკლარაციაში, რომელსაც სოციალური აგენტი ოჯახის საცხოვრებელი პირობების შესწავლისას ავსებს, ოჯახის შესახებ ყველა ტიპის ინფორმაცია იწერება. კერძოდ, დაბადების თარიღები, ადგილები, საცხოვრებლის ღირებულება, ოთახების რაოდენობა და ფლობენ თუ არა დამხმარე ნაგებობებს (მარანი, ავტოფარეხი, სამეურნეო ნაგებობა, რომლის შემოსავლის მიღების მიზნით გამოყენებაც შესაძლებელია და ა.შ). ასევე, თუ ოჯახი რეგიონიდანაა ჩამოსული და იქ ქონებას ფლობს, დეკლარაციაში მისი კუთვნილი სახლისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების გათვალისწინებაც ხდება.
ტატა გამყრელიძის განმარტებით სოციალური მომსახურების სააგენტო საყვედურებს დეკლარაციის შევსებისას იატაკის მდგომარეობის გათვალისწინებაზე იღებს, - "ერთ ოჯახს, რომელსაც "პარკეტი"აქვს და მეორე ოჯახს, რომელსაც დეკლარაციაში მიწა ან ბეტონი უწერია, ცხადია, უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან და ამის გათვალისწინება ხდება. გარდა ამისა, აღვწერთ კომუნალურ ხარჯებსაც," - აღნიშნავს ის.
დეკლარაციაში ოჯახის წევრების განათლებისა და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია იწერება.
"მნიშვნელობა იმასაც ენიჭება, ოჯახის წევრებს საშუალო განათლება აქვთ თუ უმაღლესი, რადგან უმაღლესი განათლების მქონე პირებს შრომის ბაზარზე უპირატესობა ენიჭებათ და დასაქმება უფრო ადვილად შეუძლიათ,"- დასძენს სააგენტოს წარმომადგენელი.
ტატა გამყრელიძის თქმით, მეთოდოლოგია საკმაოდ რთულ ამოცანას ასრულებს, რათა ოჯახისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების საკითხი გადაწყდეს, სწორედ ამიტომ არ არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებითაც ოჯახების ამ პროგრამაში ჩართვა მოხდებოდა.
"მნიშვნელობა ოჯახის საცხოვრებელ ადგილსაც ენიჭება. კერძოდ, ვანსა და ჭიათურაში მცხოვრებლებსა და კახეთის მკვიდრებს სხვადასხვა სარეიტინგო ქულა ექნებათ, რადგან კახეთში უფრო ნოყიერი და მოსავლიანი ნიადაგია," - განმარტა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადმგენელმა Allnews.ge-სთან საუბარში.
რეგიონებიდან თბილისში საცხოვრებლად გადმოსულ სოციალურად დაუცველ პირთა საკითხს პრობლემურად გლდანის ყოფილი გამგებელი და საკრებულოს წევრი ბესიკ ქარცივაძეც მიიჩნევს. მისი თქმით, წლების წინ მაგალითად, გლდანში არსებულ მიტოვებულ შენობებში, ავტოფარეხებსა თუ კორპუსების ე.წ საშრობ ოთახებში ბევრი უკანონო შეიჭრა, რაც შიდა მიგრაციამ გამოიწვია, - "შეჭრის შემდეგ ეს პირები უკანონოდ მითვისებული საცხოვრებლების დაკანონებას ითხოვდნენ, რაც ბევრმა მათგანმა მოახერხა კიდეც, შემდეგ კი ფინანსური პრობლემების გამო სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებისთვის მიმართავდნენ და იღებდნენ კიდეც და ეს ტენდენცია ალბათ ახლაც გრძელდება," - განმარტავს ის და დასძენს, რომ სოციუმის ამ ნაწილს ქალაქში, მძიმე პირობებში ცხოვრება და სოციალური დახმარების მიღება ერჩივნა, ვიდრე რეგიონში დაბრუნება.
ბესიკ ქარცივაძე ასევე აღნიშნავს, რომ თბილისში საცხოვრებლად გადმოსულ იმ პირთა საკითხი, რომელთაც სოციალური დახმარების მიღება სურთ, სირთულედ ახლაც დარჩა, რადგან ბევრ მათგანს რეგიონებში გარკვეული ქონება უფიქსირდება, რაც აგენტის მიერ შევსებულ დეკლარაციაში აღირიცხება და ქულებზე ზეგავლენას ახდეს. თუ ოჯახები სოციალურ დახმარებას სწორედ ასეთი მიზეზით ვერ იღებენ, დეპუტატი აღნიშნავს, რომ ეს მათ უკმაყოფილებას იწვევს.
გარდა ფულადი დახმარებისა, სხვა რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო სოციალურად დაუცველ ოჯახებს?
ბესიკ ქარცივაძის თქმით, სოციალურად დაუცველის სტატუსს დაუსაქმებელი პირები იღებენ, შესაბამისად, მათი შრომისუნარიანი ნაწილისთვის სამსახურის შეთავაზების საკითხი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია, - "მათი დასაქმება პერიოდულად, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ხდება, მაგალითად, გზებისა და ხიდების მშენებლობაზე. ეს დროებითია, მაგრამ ამ ადამიანებს შემოსავალი უჩნდებათ. გამგეობებში უკვე ვიცით ისეთი ოჯახების შესახებ, ვისაც მატერიალურად ძალიან უჭირს და როდესაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვახორციელებთ, მივმართავთ ხოლმე," - აღნიშნავს დეპუტატი.
გარდა ამისა, სოციალურად დაუცველები უფასო სადილისა და მედიკამენტების სერივსში არიან ჩართულები და სახელმწიფოსგან პერიოდულ დახმარებასაც იღებენ (პროდუქტები სააღდგომოდ, გამათბობლები და ა.შ).
ბესიკ ქარცივაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა გაუმჯობესდა, მას დახვეწა ისევ ესაჭიროება. კერძოდ, სახელმწიფომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირების დასაქმებაზე უფრო აქტიურად უნდა იზრუნოს, - "კარგი იქნებოდა, კერძო სექტორთან სახელმწიფოს განესაზღვროს, რომ ასეთი ოჯახები, პირობითად, ექვსი თვის განმავლობაში დაასაქმოს. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი სოციალურად დაუცველ პირსსამსახურის პოვნის ვალდებულება ჰქონდეს. თუ ის სამუშაოს იპოვნის, მის დამსაქმებელს პირეველ ეტაპზე გარკვეული შეღავათები უნდა ჰქონდეს," - განმარტავს ბესიკ ქარცივაძე.
აღსანიშნავია, რომ გარდა დასაქმების შედეგად შემოსავლის მიღებისა, სოციალურად დაუცველ პირებს დახმარება შესაძლოა, დროებით, რამდენიმე მიზეზის გამო შეუჩერდეთ. კერძოდ, ოჯახი ვალდებულია, დემოგრაფიული ცვლილების, საცხოვრებლის შეცვლის ან რომელიმე წევრის მიერ საზღვრის 3 თვეზე მეტი ვადით გადაკვეთის შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს აცნობოს. თუ ოჯახი ასე არ მოიქცევა და სააგენტო ცვლილებების შესახებ თავად შეიტყობს, მათ სოციალური დახმარება ერთი წლის განმავლობაში შეუწყდებათ.
ოჯახის რომელიმე წევრის გარდაცვალების შემთხვევაში აგენტებმა ცვლილება ბაზაში უნდა დააფიქსირონ, რასაც ხანდახან 2-3 თვეც ესაჭიროება. სწორედ ამ პერიოდში ისინი შემწეობას ვეღარ იღებენ, ბევრი მათგანისთვის კი ეს ძალიან მძიმეა. მას შემდეგ, რაც აგენტი ვითარებას გადაამოწმებს და ცვლილებებს აღწერს, ოჯახს დახმარება ისევ აღუდგება და სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, გაცდენილი პერიოდიც უნაზღაურდება.