რა ხდება ორგანიზმში კლიმაქსის დროს და რა უნდა ვიცოდეთ აღნიშნულ პროცესზე - ექიმ-რეპროდუქტოლოგის პასუხები | Allnews.Ge

რა ხდება ორგანიზმში კლიმაქსის დროს და რა უნდა ვიცოდეთ აღნიშნულ პროცესზე - ექიმ-რეპროდუქტოლოგის პასუხები

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს გრძნობ. ექიმები განმარტავენ, რომ ცვლილების დონე ისევე როგორ მასთან დაკავშირებული სიმპტომები, ინდივიდუალურია, მაგრამ არა საშიში. რა ხდება ჩვენს ორგანიზმში კლიმაქსის პერიოდში, რა უნდა ვიცოდეთ აღნიშნულ პროცესზე და როგორ უნდა მოვემზადოთ ორგანიზმის ახალ ეტაპზე გადასასვლელად ამაზე ექიმი-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ლალი ფხალაძე გვესაუბრა.

-კლიმაქსი არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს კიბეს ანუ საფეხურს. რეალურად ეს ტერმინი იხმარება გარდამავალი პერიოდის აღსანიშნავად რეპროდუქციულ პერიოდსა და სიბერეს შორის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქალის რეპროდუქციული ასაკი 15-დან 49 წლამდეა განსაზღვრული.

-რა ასაკში უნდა ველოდოთ კლიმაქს ქალებისა და მამაკაცების შემთხვევაში?

-კლიმაქსის დასაწყისზე მიუთითებს მესტრუალური ციკლის დარღვევა, მაგრამ თვითონ კლიმაქსის ყველზე მნიშვნელოვანი მოვლენა მესტრუაციის შეწყვეტაა, რომელსაც ქალების შემთხვევაში მენოპაუზა ჰქვია. მენოპაუზას ასაკი ინდივიდუალურია, მაგრამ საშუალო ასაკად 51 წელი მიიჩნევა. თუმცა შეიძლება, რომ ქალს ციკლი შეუწყდეს გაცილებით ადრე, თუნდაც, 40 წლის ასაკში.

ამას ნაადრევ მენოპაუზას ვეძახით ან შეიძლება 60 წლის ასაკამდე გაუგრძელდეს მესტრუაცია და ამას გვიან მენოაუზას ვეძახით. ნორმალურად ითვლება, როდესაც ქალს ციკლი უწყდება საშუალოდ 51 წლის ასაკში. რა თქმა უნდა, არსებობს მამაკაცის კლიმაქსი, მაგრამ იმის განსაზღვრა თუ როდის იწყება ეს პროცესი მამაკაცებში ჩვენ სამწუხაროდ არ შეგვიძლია.

-რა იცვლება ადამიანის ორგანიზმში კლიმაქსის დროს?

- კლიმაქსით განპირობებული ცვლილებები დამოკიდებულია ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებთან. ზოგადად ქალის ორგანიზმში გამომუშავდება ორი ძირითადი სასქესო ჰორმონი - ესტროგენი და პროგისტერონი.

საკვერცხის ფუნქცია უკვე 30 წლის შემდეგ იწყებს დაქვეითებას და პირველ რიგში, პროგესტერონის დეფიციტი ვითარდება, შემდგომ უკვე ესტროგენები ქვეითდება. ესტროგენების რეცეპტოები, ანუ უჯრედები, რომლებიც აღიზიანებენ ამ ჰორმონს, მთელს ორგანიზმშია გაბნეული და როგორც კი იწყება ესტროგენების დაქვეითება, ყველა ეს რეცეპტორი აღიქვამს ამას.

- რა სიმპტომები ახასიათებს კლიმაქსს?

კლიმაქისის დროს სამი სახის ნიშნები ვლინდება - ადრეული ეტაპის, შუა პერიოდისა და გვიანი პერიოდის. ადრეული ეტაპის ნიშნებს განეკუთვნება ფსიქოემოციური დარღვევები, გაღიზიანებადობა, ხასიათის შეცვლა, უძილობა და ძალიან მნიშვნელოვანია ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევები, როგორიც არის ალები, სიწითლე, ცხელების შეგრძნება, ოფლიანობა.

შუა პერიოდის პათოლოგიურ ძვრებში იგულისხმება შარდსასქესო სისტემის ცვლილებები, დისკომფორტი საშოში, იმის გამო რომ საშოს სიმშრალეა, შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, გახშირებული და უნებლიე შარდვა.

ყველაზე მძიმე ბოლო პერიოდის კლიმაქტერული დარღვევებია.

ცვლილებები უკვე ვითარდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მხრივ და ძვლოვან სისტემაში. ვითარდება ოსტეოპოროზი, ძვლის სიმყიფე მცირდება და შესაბამისად ადამიანს აქვს მიდრეკილება მოტეხილობებისკენ.

-როგორ შეიძლება სიმპტომების შემსუბუქება და გართულებებისთვის თავის არიდება?

-რა თქმა უნდა, ეს არის წინასწარ გენეტიკურად განსაზღვრული, ამ შემთხვევაში ძალიან აქტუალურია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, სტრესებისთვის თავის არიდება, ზოგადად ცხოვრების ჯანსაღი წესი რა ელემენტებსაც მოიცავს ეს შეიძლება გამოვიყენოთ კლიმაქსის გართულებების პრევენციისთვის.

დადასტურებულია, რომ ადამიანს რაც უფრო ხშირად აქვს ალები, შემდგომში შეიძლება განუვითარდეს ალცჰაიმერის დაავადება, რადგან ამ დროს ტვინში ხდება ჰიპოქსია, ანუ ჟანგბადის ნაკლებობა და რაც უფრო ხშირად მეორდება ეს პროცესი, შემდგომში ის გონებაზე აისახება. ამიტომ ის, რომ კლიმაქსური ჩივილები და სიმპტომები უნდა მოითმინო და რომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, არასწორი დამოკიდებულებაა.

ნებისმიერი დისკომფორტი მოითხოვს სათანადო რეაგირებას.

აუცილებლად საჭიროა ექიმთან მისვლა და სათანადო მკურნალობის ჩატარება. მკურნალობის არსენალი ძალიან დიდია. არსებობს აღიარებული ოქროს სტანდარტი და ეს არის ჰორმონული მედიკამენტებით მკურნალობა, ანუ რაც დროთა განმავლობაში აკლდება ქალს, ის ჰორმონი გარედან უნდა შეიტანოს. თუმცა ამ ჰორმონული მედიკამენტების მიღება ექიმის გარეშე კატეგორიულად არ შეიძლება. ექიმმა უნდა შეაფასოს ყველა რისკი, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ამ მედიკამენტის მიღებასთან, უნდა მოხდეს ქალის სრულფასოვანი გამოკვლევა, სარძევე ჯირკვლის მდგომარეობის შეფასება, სისხლის შემადედებელი სისტემის მდგომარეობის გამოკვლევა, საშვილოსნოსა და საკვერცხეების მდგომარეობის შეფასება, უნდა გავითვალისწინოთ ანამნეზი.

მედიკამენტების პარალელურად არის სხვა საშუალებებიც, მცენარეული პრეპარატები, რომლებიც ძალიან ეფექტურად უმკლავდება ამ პრობლემას.

-როგორ ვლინდება კლიმაქსი მამაკაცებში?

-ჰორმონული ძვრები მამაკაცის ორგანიზამშიც ვითარდება, სიბერე თუ ქალებში დგება, რა თქმა უნდა, მამაკაცებშიც დგება და ესეც ჰორმონებით არის განპირობებული.

არსებობს მამაკაცის კლიმაქსიც და მას ანდროპაუზას უწოდებენ.

და შესაბამისად იგივე სიმპტომებია. ხასიათის ცვლილება, ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, რა თქმა უნდა, ანალოგიურია, მაგრამ ასაკი განსაზღვრული არ არის.

-რამდენად ხშირად მოგმართავენ კლიმაქსით გამოწვეული პრობლემების მოგვარების თხოვნით?

მამაკაცები პრაქტიკულად არ მიმართავენ ექიმს რადგან წარმოშობილ პრობლემებს არ უკავშირებენ ჰორმონულ ძვრებს.

ისინი რაღაც კონკრეტული პრობლემების გამო მიდიან შესაბამის ექიმთან - კარდიოლოგთან, თერაპევტთან. რაც შეეხება ქალებს, ბოლო პერიოდში არის ტენდენცია, რომ ქალები აქცევენ ჯანმრთელობას ყურადღებას და ცდილობენ რომ ამ დისკომფორტის გაჩენისთანავე ექიმს მიაკითხონ. მაგრამ სამწუხაროდ ამ შემთხვევაშიც არ არის ხოლმე ადეკვატური მიმართვიანობა ანუ მიდის ნევროპათოლოგთან და არ მიდის რეპროდუქტოლოგთან. რა თქმა უნდა, პრობლემა კომპლექსურად უნდა მოგვარდეს და მასში სხვადასხვა სპეციალისტი უნდა ჩაერთოს მაგრამ მნიშვნელოვანია ჰორმონული ბალანსის მოწესრიგება.

myquiz