რა ვალდებულებები დაეკისრებათ კომპანიებს შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ | Allnews.Ge

რა ვალდებულებები დაეკისრებათ კომპანიებს შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ

დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიები 50-დან 50 000 ლარამდე თანხით დაჯარიმდებიან, ხოლო ხარვეზების აღმოფხვრისთვის მიცემული ვადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მათ საქმიანობა დროებით შეუჩერდებათ, - ასეთია რეგულაციები, რომლებზეც ხელისუფლება მუშაობს.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ელზა ჯგერენაიას თქმით, კანონპროექტი, რომელზე მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს, დასაქმებულთა უფლებებს თავდაპირველად ისეთ კომპანიებში დაარეგულირებს, სადაც მუშაობა ჯანმრთელობისთვისა და სიცოცხლისთვის საფრთხისშემცმველია.

"მათი ჩამონათვალის დადგენა შესაბამისი კრიტერიუმებიც მოხდება და შემდეგ დაიწყება შემოწმება. გარდა ამისა, ამ კომპანიებს მოეთხოვებათ რეგისტრაცია, რათა მათი ინსპექტირება განხორციელდეს," - განმარტავს ელზა ჯგერენაია და დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის კონკრეტულ მექანიზმებს გვთავაზობს:

1. კომპანიები ვალდებულები იქნებიან, დასაქმებულები ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებებით აღჭურვონ

ელზა ჯგერენაიას თქმით, ასეთი რეგულაცია დასაქმებულებს დაიცავს და მათ მძიმე სამუშაო პირობებს გააუმჯობესებს.

"დამსაქმებლებს ვალდებულება ექნებათ, დასაქმებულები შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვონ, ეს იქნება სპეცტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩაფხუტი და ა.შ. გარდა ამისა, დასაქმებულებს უნდა გადაეცეთ კოლექტიური დაცვის საშუალები. კომპანიამ კი სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შესაბამისობაში მოყვანა უნდა უზრუნველყოს".

2. კომპანიებში დასაქმებულებმა სასწავლო კურსები უნდა გაიარონ

კომპანიები, რომლებიც სამთო მოპოვებით თუ სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებენ, ვალდებულები იქნებიან, დასაქმებულებს სასწავლო კურსები ჩაუტარონ, რომლის ფარგლებშიც, ისინი შესასრულებელი სამუშაოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

"ეს მოხდება პრევენციის მიზნით, რაც საფრთხის რისკს შეამცირებს. გარდა ამისა, თუ კონკრეტული სამუშაოს შესრულების დროს, დასაქმებულმა მომეტებული საფრთხე შეამჩნია, უფლება აქვს დაუყოვნებლივდატოვოს სამუშაო ადგილი და ამის შესახებ ზემდგომ ორგანოს, ხელმძღვანელს, შეატყობინოს," - აღნიშნავს ელზა ჯგერენაია.

3. კომპანიები დასაქმებულებს ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს გადაუხდიან

"დამსაქმებლის მხრიდან შემოდის დასაქმებულთა საკუთარი ხარჯებით დაზღვევის ვალდებულება, რაც დასაქმებულებისთვის დიდი შეღავათი და დახმარება იქნება," - აღნიშნა შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა Allnews.ge-სთან საუბარში.

4. გაფრთხილების მიღების შემდეგ, დარღვევების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, კომპანიები 50 000 ლარამდე თანხით დაჯარიმდებიან

ელზა ჯგერენაიას თქმით, კანონის ეფექტურობა რეაგირების მექანიზმშია. კერძოდ, თუ კანონმდებლობის არარსებობის გამო, აქამდე მხოლოდ გაფრთხილებას გავცემდით, ახლა უკვე გაფრთხილების შემდეგ მიცემულ გონივრულ ვადებში შეუსრულებელი წინადადებებისა და იმ დარღვევების გამოუსწორებლად დატოვების შემთხვევაში, შესაბამისი ჯარიმა განისაზღვრება, რომელიც 50 ლარიდან 50 000 ლარამდე მეტყეობს. დისკუსია და მსჯელობა ახლა ამ მიმართულებით მიმდინარეობს," - განმარტავს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

5. შრომის ინსპექციას კომპანიისთვის საქმიანობის შეჩერების უფლება ექნება

"თუკი ინსპექტორი კომპანიაში კრიტიკულ შეუსაბამობას დაადგენს, რაც დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს, შრომის ინსპექციას შესაძლებლობა ექნება კომპანიას საქმიანობა იქამდე შეუჩეროს, სანამ ეს დარღვევა არ აღმოიფხვრება".

როდის ამოქმედდება კანონი და შეეხება თუ არა ის სხვა ტიპის სამუშაოს შემსრულებელ კომპანიებსაც?

ელზა ჯგერენაიას თქმით, მიმდინარე წელს ამ საკითხზე მსჯელობა აუცილებლად დასრულდება, 2019 წლიდან კი რეგულაციები სხვა კომპანიებსაც შეეხება.

"ამ კანონის მიღება წელს არის გადაწყვეტილი. პირველ ეტაპზე მომეტებული საფრთხის მქონე კომპანიებზეა საუბარი, 2019 წლიდან კი, თუ ეს ვადა არ გახანგრძლივდა, უკვე სხვა სფეროებზე და შესაძლებელია, საჯარო ორგანიზაციებზეც გავრცელდეს. კონკრეტული თარიღის დაზუსტება გამიჭირდება, მაგრამ მსჯელობა ამ საკითხზე ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს," - დასძენს ის.

კანონპროექტის პირველი მოსმენა საკანონომდებლო ორგანოში უკვე დასრულდა, მისი დეტალურად განხილვა კი მეორე მოსმენაზე მოხდება.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz