რეგულაციები, რომელიც 1-ლი ივლისიდან ყველა მძღოლს შეეხება | Allnews.Ge

რეგულაციები, რომელიც 1-ლი ივლისიდან ყველა მძღოლს შეეხება

1-ელი ივლისიდან "საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში" ცვლილებები ამოქმედდება. სიახლეების ძირითადი ნაწილი ქულათა სისტემასა და უკონტაქტო პატრულირების შემოღებას უკავშირდება.

რას გულისხმობს ცვლილებები, რომელიც რამდენიმე დღეში შედის ძალაში, რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა, რა დამატებითი საშუალებებით გაკონტროლდება საქართველოს გზებზე მოძრაობა და რა მექანიზმებით დაფიქსირდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, ასევე, სამომავლოდ, რა ცვლილებები შეიძლება შეეხოს მართვის მოწმობის გამოცდის დღეს არსებულ მოდელს, ამ და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებულ სხვა თემებზე "ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, შალვა ხუციშვილს ესაუბრა.

- ბატონო შალვა, თავდაპირველად ვისაუბროთ სიახლეზე, რომელიც ქულათა სისტემას უკავშირდება. როგორც ცნობილია, 1-ელ ივლისს, მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება, საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა კი დარიცხული ქულების შემცირებას გამოიწვევს. რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა ახალი სისტემის ძირითადი პრინციპის შესახებ?

- 1-ელი ივლისიდან ძალაში შედის ქულათა სისტემა. ყველა მძღოლის მართვის მოწმობას 100 პირობითი ქულა დაერიცხება, რომელიც 1-ელ იანვრამდე იქნება ძალაში, თუ კანონით დადგენილი წესით არ შემცირდა. შემცირება გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც პირი ჩაიდენს სამართლადარღვევას. ამ სამართალდარღვევას დააფიქსირებს პატრულ-ინსპექტორი, მძღოლს გააჩერებს და პირადად დააჯარიმებს. ამ პროცესში პატრულ-ინსპექტორს არ აქვს წვდომა ინფორმაციაზე, თუ რამდენი ქულა აქვს მძღოლის მართვის მოწმობას. შესაბამისად, სპეკულაციები და ინსინუაციები არ იქნება.

თუმცა, როდესაც პატრული მძღოლს დააჯარიმებს, ამობეჭდილ ქვითარზე იქნება ინფორმაცია, რამდენი ქულით შეუმცირდა და რამდენი ქულა აქვს დარჩენილი მართვის მოწმობაზე მძღოლს. ასევე მიუვა SMS, რათა მოქალაქეები ინფორმირებული იყვნენ. ქულათა სისტემა მოქმედებს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, თუ ევროკავშირის ქვეყნებში. ამ მოდელის ძირითადი მიზანია, რომ მეტი ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოხდეს მძღოლზე, რათა მან თავისი ქცევა გააკონტროლოს, დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები და გაუფრთხილდეს უფრო ფასეულს, როგორიც არის მართვის უფლება, ვიდრე ერთჯერადად, 20 ლარიან, ან 50 ლარიან ჯარიმას.

ვფიქრობთ, მოდელი საკმაოდ ეფექტური უნდა იყოს. იგივე წესი მოქმედებს სხვა ქვეყნების მოქალაქეებზეც, რომლებიც შემოვლენ და მათ მართვის მოწმობას საქართველოში იურიდიული ძალა მიენიჭება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქულათა სისტემა არ ვრცელდება არც ვიდეო ჯარიმებზე და არც საურავებზე.

- რა ხდება მაშინ, როდესაც მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები განულდება?

- როდესაც პატრულ-ინსპექტორი მძღოლს შეაჩერებს და ამობეჭდილ ქვითარზე გამოჩნდება, რომ ქულები განულდა, ან ნულს ქვემოთ არის, ეს ითვლება მართვის უფლების შეჩერების დადგენილებად და იწვევს მართვის მოწმობის მფლობელი პირისათვის მართვის უფლების შეჩერებას ერთი წლის ვადით. თუმცა, არის გარკვეული საშეღავათო პირობა.

- როგორ უნდა მოიქცეს პირი, თუ მას მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობა 0-მდე შეუმცირდა, თუმცა აღნიშნული უფლების აღდგენა სურს?

- მას შეუძლია მომსახურების სააგენტოს მიმართოს, ჩააბაროს გამოცდა სრული პროცედურით და აღიდგინოს მართვის უფლება. თუმცა ამის უფლება აქვს წელიწადში ერთხელ.

გამოცდაზე გასვლა მეორე დღესვე შეუძლია, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ავტომობილის მართვით ირჩენენ თავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ მძღოლს მართვის უფლება შეუჩერდა, რადგან წესები არ იცოდა, თუ იცოდა და უგულვებელყოფდა. თუ იცოდა და უგულვებელყოფდა, ხალხურ ენაზე რომ ვთქვათ, მინიმუმ ჭკუის სასწავლებელია, რომ ბევრი დარღვევის გამო, მან მართვის მოწმობა დაკარგა. თუ არ იცოდა, შესაბამისად, მართვის უფლებას ვერც აღიდგენს.

- ქულათა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა რომელ სამართალდარღვევაზე განისაზღვრა შესამცირებელ ქულათა მაქსიმალური ოდენობა?

- მინიმალური ქულა 5-ით, მაქსიმალური კი, 40 ქულით განისაზღვრა. ყველაზე მეტი ქულა აქვს ისეთ დარღვევას, როგორიც არის, მაგალითად ნასვამი ადამიანისთვის ავტომობილის გადაცემა, ასევე როდესაც მძღოლს ბავშვები გადაჰყავს, ავტოსაგზაო შემთხვევას ჩაიდენს და წესებს არ იცავს.

სამართალდარღვევის სხვადასხვა ნაწილებია, როდესაც ბავშვებს ეხება, ის ნაწილი მკაცრ სანქციას ითვალისწინებს. უფრო მომეტებული რისკის სამართალდარღვევად ითვლება. რაც შეხება საყოველთაოდ გავრცელებულ დარღვევებს, ჩვენ გავითვალისწინეთ ქართული სპეციფიკა, გავითვალისწინეთ, რომ მოქალაქეებს სჭირდებათ გარკვეული შეჩვევა ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, ამიტომ არც თუ ისე დიდი ქულები არის გახშირებულ დარღვევებზე, თუნდაც ტელეფონზე საუბარზე, ღვედის გამოუყენებლობაზე ისეა ქულები განსაზღვრული, რომ წელიწადში 7-8 დარღვევის შესაძლებლობას აძლევს მძღოლს.

- როგორც ცნობილია, მკაცრდება რეგულაციები ნასვამ მძღოლებთან მიმართებაში და სატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს მართვის უფლება უჩერდება. კიდევ რა ცვლილებები ეხებათ მათ?

- თუ ნასვამ მძღოლს შეეძლო 700 ლარიანი ჯარიმით შეცვლილიყო საპატრულო პოლიციის მიერ მისი მართვის უფლების შეჩერება, ახლა მას მხოლოდ სამი თვის გასვლის შემდეგ შეუძლია მიმართვა და 700 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 1000 ლარიანი ჯარიმაა. თუმცა, ასევე დავუშვით, თუ მძღოლი ჩააბარებს გამოცდას, იგივე პრინციპით აღუდგება მართვის მოწმობა, როგორც ქულების გამო ჩამორთმეული მართვის მოწმობის შემთხვევაში.

- თუმცა, საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა შესაძლებლობას, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს მართვის უფლება ვადამდე აღუდგება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ. ხომ არ ქმნის ეს გარკვეულ რისკებსა და საფრთხეებს?

- ეს დღესაც მოქმედებს, მაგრამ ჩვენ გავამკაცრეთ. კანონით შევზღუდეთ ამ უფლებით სარგებლობის ვადები და წესი.

- ავტომობილის სხვა პირისთვის გადაცემის შემთხვევაში, ვის აკლდება ქულები სამართალდარღვევის ჩადენისას, უშუალოდ სამართალდამრღვევს, თუ სატრანსპორტო საშუალების მფლობელს?

- ქულა აკლდება მას, ვინც ავტომობილი გადასცა წინასწარი შეცნობით ნასვამ ადამიანს. ნასვამი ვინც არის, მას ავტომატურად უჩერდება მართვის უფლება. თუ მძღოლი ნასვამი არ იყო, ავტომობილის მფლობელს არაფერი აკლდება, ქულები დააკლდება პირს, რომელიც მართავდა მანქანას. თუ მძღოლი ნასვამი იყო და დადგინდა, რომ მფლობელმა ავტომობილი ათხოვა წინასწარი შეცნობით ნასვამ ადამიანს, მაშინ ქულები მფლობელს აკლდება.

- რა წესების დაცვა არის აუცილებელი ბავშვების ავტომობილით გადაადგილებისას?

- ბავშვების გადაყვანასთან დაკავშირებით იყო მოთხოვნა, რომ ყველას ჰქონოდა საბავშვო სკამი, რომელიც გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. ნაწილობრივ გავიზიარეთ ეს მოთხოვნა. ახლა არის რეგულაცია, რომ 16 წელს მიღწეულ პირს შეუძლია უკანა სავარძელზე კალთაში ჩაისვას ბავშვი, მხოლოდ, თვითონ უნდა ეკეთოს ღვედი. ასევე, საბავშვო სავარძელი თავისთავად, გამოყენებადია.

- უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ მძღოლები, რომლებსაც დარღვევები არ ექნებათ და წლის განმავლობაში მართვის მოწმობას 100 ქულით შეინარჩუნებენ, სახელმწიფოსგან წახალისდებიან. თუ არის ცნობილი კონკრეტული წახალისების მექანიზემების შესახებ?

- ეს ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვოთ. ამაზე ვერაფერს გეტყვით. ჯერ უნდა ვნახოთ, რამდენ ადამიანს დარჩება ასი ქულა წლის ბოლოს.

- რას ნიშნავს უკონტაქტო პატრულირება და საქართველოს მასშტაბით რომელ მონაკვეთებზე განისაზღვრა უკონტაქტო პატრულირების არეალი?

- უკონტაქტო პატრულირება არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი პოლიციისთვის, რომელსაც აქტიურად იყენებს, მაგალითად საფრანგეთის პოლიცია. ერთ-ერთ წარმატებულ, ეფექტურ საშუალებად ითვლება. ეს არის კიდევ ერთი ინსტრუმენტი პოლიციისთვის, რომ მოახდინოს ფსიქოლოგიური ზეგავლენა მძღოლების ქცევაზე იმ პირობებში, როდესაც მძღოლები კანონს იცავენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ხედავენ პოლიციის ავტომობილს, ან კამერას, რომელსაც წინ აქვს ამოსაცნობი ნიშანი.

სამწუხაროდ, საქართველოში მძღოლების უმეტესობა მიეკუთვნება ამ კატეგორიას, კანონს იცავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც დამსჯელი მექანიზმი არის. ჯერჯერობით, უსაფრთხოების კულტურა სათანადო დონეზე ჩამოყალიბებული არ არის. სწორედ ასეთი კულტურის ნელ-ნელა ჩამოყალიბებისთვის ვნერგავთ ახალ მოდელს, რომელიც ტექნოლოგიებს ეფუძნება.

თქვენ შეიძლება საერთოდ ვერ გაარჩიოთ პოლიციელი.

ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი მანქანა, მარჯვენასაჭიანი, ან ნებისმიერი, რომელიც გავრცელებულია საქართველოში, მიკროავტობუსიც კი... სწორედ ასეთ ავტომობილში ზის ჩვენი თანამშრომელი, ავტომობილი აღჭურვილია შესაბამისი ტექნოლოგიებით. გარეშე პირისთვის ეს, რა თქმა უნდა, საცნობი არ არის. ამ სისტემის მთავარი მიზანია, რომ შექმნას მოულოდნელობის ეფექტი.

საფრანგეთში, გზაზე, სადაც ეს პოლიცია დადის, გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება არ ხდება. ჩვენთან "პერსონალური მონაცემების შესახებ" კანონიდან გამომდინარე, (თუმცა ეს ალბათ გარკვეულად არასწორ წარმოდგენებს უკავშირდება, რომელიც შეიძლება არსებობსდეს) საუბარი იყო, რომ ეს საცნობი ყოფილიყო. ამიტომ, პარლამენტში კონსენსუსის ფორმატში შევთანხმდით, რომ ქუჩის, თუ ავტობანის დასაწაყისსა და დასასრულში, სადაც უკონტაქტო პატრულირება განხორციელდება, განთავსდება გამაფრთხილებელი ნიშანი. როდესაც თქვენ შეხვალთ ამ კონკრეტულ სივრცეში გეცოდინებათ, რომ ნებისიმიერ მომენტში შეიძლება ვიღაცამ დააფიქსიროს თქვენი დარღვევა, შეიძლება არც დააფიქსიროს, რადგან იმ მომენტში იქ არ იყოს, რადგან საკმაოდ დიდი მარშრუტი აქვს და მოძრაობს. არ იცით, სად არის. შესაბამისად, ქუჩის დასაწყისსა და დასასრულში იქნება ამოსაცნობი ნიშანი ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად, იმისთვის, რომ ტურისტებისათვისაც გასაგები იყოს ეს ინფორმაცია. ჩვენი ავტომობილი დარღვევას დააფიქსირებს.

უნდა გავარჩიოთ ორი მიმართულება - გზატკეცილებზე უკონტაქტო პატრული სპეციალური რადარით იქნება აღჭურვილი, რომელიც სიჩქარეს გაზომავს. ქალაქის პირობებში დააფიქსირებს ნებისმიერ დარღვევას, მაგალითად, არასწორ პარკირებას, არასწორ მანევრს, შუქნიშნის წითელ შუქზე გავლას და ა.შ.

- თუ შეიძლება რომ დაგვიკონკრეტოთ, სად განხორციელდება უკონტაქტო პატრულირება?

- ერთ-ერთი პირველი ლოკაცია, სადაც უკონტაქტო პატრულირება განხორციელდება, ქუთაისის შემოვლითი გზა იქნება, იმის გამო, რომ იქ ბევრი ავარია ხდება და კამერებიც არ არის.

ქუთაისის შემოვლითი გზის დასაწყისში განთავსებული იქნება ნიშანი, რომ მიმდინარეობს უკონტაქტო პატრულირება.

პირველ ეტაპზე, ეს არ იქნება მასშტაბური, 200-300 ავტომობილი არ იმოძრავებს. საქართველოს მასშტაბით 10 ლოკაციას არ გადააჭარბებს. სავარაუდოდ, იქნება ბათუმში, თბილისში, ქუთაისის შემოვლით გზაზე. მანქანები, მათი სანომრე ნიშნები პერიოდულად შეიცვლება.

- როგორც ცნობილია, არსებობს აპლიკაცია, რომლის მეშვეობით მძღოლები გზებზე განთავსებული ვიდეო კამერების შესახებ წინასწარ ინფორმირებულები ხდებიან და იმ კონკრეტულ მონაკვეთში სიჩქარის გადაჭარბებას ერიდებიან. უკონტაქტო პატრულირებასთან მიმართებაში რამდენად დაცული იქნება სისტემა?

- ასეთი პროგრამა საჭირო არ არის, რადგან როდესაც კონკრეტულ ქუჩაზე, თუ კონკრეტულ ავტობანზე შედიხართ, უკვე იცით, რომ იმ ზონაში ხართ, სადაც თუ წესებს დაარღვევთ, კონტროლი და რისკი მეტია. იმ პროგრამის არსიც ხომ ის არის, რომ არ დააღვევთ იქ, სადაც გიყურებენ, აქაც იგივე პრინციპია. ამოსაცნობი ნიშნებით ისედაც გეუბნებით და პროგრამა აზრს მოკლებულია. დავაკვირდებით რა დარღვევები იყო მანამდე ამ ქუჩებზე და პერიოდულად ეს ქუჩები შეიცვლება. მუდმივად ერთი და იგივე ქუჩები არ იქნება. ოფიციალური იურიდიული დოკუმენტი ქუჩებისა და მარშრუტების შესახებ ცნობილი 1-ელ ივლისს გახდება.

- უკონტაქტო პატრულირების არეალში სამართალდარღვევის შემთხვევაში, რა პრინციპით ხდება რეაგირება და რა ვადით ინახება ვიდეოჩანაწერი?

- აბსოლუტურად იგივე პრინციპია, როგორც ვიდეოჯარიმების შემთხვევაში. არ ხდება მუდმივი გადაღება. ფიქსირდება მხოლოდ დარღვევა. ავტომობილი არ დადის და მთელ ქუჩას არ იღებს. როდესაც ხედავს მაგალითად, არასწორ პარკირებას, წითელ შუქზე გავლას... ამას აფიქსირებს, ამის ჩაწერა ხდება. შემდეგ, როგორც ვიდეო ჯარიმებს ვიწერთ და ვაგზავნით, ასევე იქნება ამ შემთხვევაშიც.

- როგორ მიიღებენ მძღოლები ინფორმაციას უკონტაქტო პატრულირების შედეგად დაჯარიმების შემთხვევაში?

- SMS-ით. ფოსტითაც მიუვათ, როგორც ვიდეოჯარიმების შემთხვევაში საერთო წესი არსებობს, ჩათვალეთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ვიდეო ჯარიმა, უბრალოდ მოძრაობაში. მძღოლების ინფორმირების საშუალება იქნება ისეთივე, როგორიც არის ვიდეოჯარიმების შემთხვევაში.

- რაც შეეხება ე.წ. ჭკვიან კამერებს. რითია გამორჩეული დღეს მოქმედი კამერებისგან ე.წ. ჭკვიანი კამერები და როდიდან იგეგმება სისტემის ამოქმედება?

- ეს არის სტაციონარული კამერები. ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული ვართ, კამერების ტესტირება დასრულებულია. პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც კამერებს ჭკვიანს ხდის, შეძენილი გვაქვს. ივლისის ბოლოდან დაიწყება ამ კამერების მონტაჟი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ავტობანზე. ახლა დამონტაჟებულია სატესტო, რომელსაც დავაკვირდით და რეალურად, ამ სისტემას დარღვევები ფაქტობრივად არ ეპარება.

დასამალი არ არის, რომ მძღოლები მოშვებული არიან და ამ კამერებს დიდად ყურადღებას არ აქცევენ.

ყველა კამერასთან განთავსდება ამოსაცნობი ნიშანი და ეს ნიშანი იქნება მაჩვენებელი, რომ ამ კამერის რეალურ დროში კონტროლი მიმდინარეობს პოლიციის მიერ. ახლა ჯარიმების დაფიქსირება ხდება ხელით. ამ კამერების შემთვევაში კამერა მანქანის დანახვისთანავე აფიქსირებს, ვინ არის ავტომობილის მესაკუთრე და ა.შ. თუ დაარღვია, რა დააღვია, ავტომატურად ეს დაკავშირებულია სხვა პროგრამასთან, რითაც იწერება ოქმი. ადამიანის როლი გამორიცხულია. ივლისიდან დაიწყება ე.წ. ჭკვიანი კამერების დამონტაჟება და სისტემა ეტაპობრივად ამოქმედდება. თავდაპირველად განთავსება დიდ ქალაქებში, შემდგომ ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ასეთი კამერები.

- ქვეყნის მასშტაბით რამდენი ე.წ. ჭკვიანი კამერის დამონტაჟება იგეგმება?

- საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია 3000-მდე ასეთი კამერის დამონტაჟება. დღეს ჩვენი თანამშრომლები სხედან და აჯარიმებენ მოქალაქეებს, დაღვევებს ხელით აფიქსირებენ, ადამიანურ ფაქტორზეა დამოკიდებული, რაც ფიზიკურად დიდ შრომას მოითხოვს და ისეთი ეფექტურიც არ არის. ჭკვიანი კამერა დააფიქსირებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას. ერთ-ერთი პრინციპი ის არის, რომ სიჩქარის გადაჭარბებას დააფიქსირებას არა მხოლოდ კამერასთან, არამედ, კამერასა და კამერას შორისაც. მოქალაქე, რომელიც კამერასთან შეანელებს მოძრაობას და შემდეგ მოუმატეს, ეს კამერები, მაინც დაითვლიან.

- შსს-ს ახალი ინიციატივის თანახმად, ვიდეოჯარიმის SMS შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 20%-ით შემცირდება. საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის ნაწილმა აღნიშნული ინიციატივა მოიწონა, ნაწილმა კი, იდეა უარყოფითად შეაფასა და მას გაუაზრებელი და დაუსაბუთებელი უწოდა. გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს წინასაარჩევნო პოპულიზმთან. რას უპასუხებდით ოპონენტებს?

- ჭკვიანი კამერების ტესტირებამ დაგვანახა, რომ ამ სისტემის ჩართვის შემდეგ, ვიდეო ჯარიმების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. არ მინდა წინასწარ ციფრების თქმა, მაგრამ ვიდეო ჯარიმების რაოდენობა ძალიან გაიზრდება. ძალიან ბევრი მოქალაქე იგრძნობს ამას თავის თავზე, ვინც ახლა მინიმალურ დონეზე მაინც არღვევს წესებს და დაუსჯელი რჩება. ვიდეო ჯარიმების რაოდენობის ზრდასთან ერთად, უნდა გაიზარდოს ჩვენი ძალისხმევაც, რომ ეს დროულად მივიტანოთ ადრესატთან და უზრუნველვყოთ ამოღებაც. დღეს სამწუხაროდ, ჯარიმების ამოღების პრაქტიკა ძალიან ცუდია.

ცვლილება, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს ჯარიმის გარდაუვალად ჩაბარების მექანიზმია, თქვენ ამ ჯარიმას ჩაიბარებთ, თუ არ ჩაიბარებთ, ჩვენ შეგატყობინებთ SMS-ით, სხვა საშუალებით, შეიძლება სატელეფონო ზარი განხორციელდეს, ასევე მოგიტანთ ფოსტა, თუ მაინც ეუბნებით, რომ სხვა ხართ, სახლში არ ხართ...ფოსტა უკან გვიბრუნებს, ჩვენ ამ ჯარიმას ავტვირთავთ შესაბამის ოფიციალურ ვებგვერდზე, ატვირთვიდან 30 დღის განმავლობაში ჯარიმა ჩაბარებულად ჩაითვლება, რადგან ამდენად ვამკაცრებთ - ერთი მხრივ, ვიდეო ჯარიმების სისტემა ხდება ძალიან ეფექტური, მეორე მხრივ, საჯარიმო ქვითრების ჩაბარება ხდება ასევე ძალიან ეფექტური, ჩვენი მხრიდან მივიჩნიეთ, რომ რაციონალურია, ვინც კეთილსინდისიერი მოქალაქეა ჰქონდეს დამატებითი საშეღავათო პირობები.

სახელმწიფო სახსრებიც დაიზოგება და ამ ადამიანებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, თუ დაუშვეს შეცდომა და დაარღვიეს წესები, გარკვეული შეღავათით ისარგებლონ, ეს არის მთელი პრინციპი. შედარებისთვის, ბრიტანეთში თუ ჯარიმას გადაიხდით 14 დღის ვადაში, 50%-იანი შეღავათია. პრინციპი რაციონალურია, ვინც ცუდად მოიქცევა, დაისჯება, ვინც კეთილსინდისიერი მოქალაქეა და გადაცდომა მოუვიდა, მას ექნება შესაძლებელობა რომ შეღავათით ისარგებლონ.

- რამდენად მზად ხვდებიან თავად სამართალდამცავები ცვლილებებს, გაიარეს თუ არა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შესაბამისი მომზადება სიახლეებთნ დაკავშირებით ინფორმირების მიზნით?

- როგორც საპატრულო პოლიციის, ისე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების ტრენინგი მიმდინარეობს. ასევე პროგრამული უზრუნველყოფა გამართული არის. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სიახლეებს მზადყოფნაში შევხვდეთ.

- როდიდან გადაინაცვლებს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდები ქალაქის ქუჩებში? როგორც ცნობილია, ამისთვის შესაბამისი სამუშაოებია ჩასატარებელი.

- ჩვენ დავასრულეთ პროექტირების ეტაპი და ეს არის ტექნოლოგიებზე დამყარებული პროექტი. ძალიან დიდია ტექნოლოგიების როლი. პროექტს სჭირდება ამ ტექნოლოგიების შეძენა, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ეს ყველაფერი, ვფიქრობ, შემოდგომაზე დასრულდება. შემოდგომის ბოლოს, ან მაქსიმუმ 2018 წლის 1-ელი იანვრისთვის მზად იქნება ინფრასტრუქტურა პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩასატარებლად.

აქ საუბარი არის ავტოსკოლების როლზეც. ერთია შსს-ს კომპეტენცია, რომ ჩვენ გამოცდა უნდა გავიტანოთ ქუჩაში და გვყავდეს შესაბამისი ავტომობილები, რომლებიც ამ ინფრასტრუქტურას აღიქვამს, მაგრამ მეორეა, როგორი მომზადებული მოვა გამოცდაზე ადამიანი. სტანდარტი რომ აიწევს, გამოვა, რომ არსებული მომზადების დონე ვეღარ დააკმაყოფილებს. თუ ახლა მაგალითად, აბარებს 30%, მერე შეიძლება უფრო ნაკლებმა ჩააბაროს. ამიტომ საჭიროა, ვინც მათ ასწავლის, იმ ხალხმაც რაღაც უზრუნველყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ, რომ მოქალაქეებს მეტი ფულის დახარჯვა მოუწევთ და შედეგი შეიძლება ვერ მიიღონ.

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კულუარებში საუბარია, რომ სამომავლოდ, მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლამდე, ავტოსკოლაში სწავლება სავალდებულო გახდება.

- ამაზე საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ ვართ. თუ ჩვენ ავტოსკოლას სავალდებულოს გავხდით, იმ ავტოსკოლამ მინიმალური სტანდარტი უნდა უზრუნველყოს. ადამიანი, რომელიც მიდის, დროს ხარჯავს ავტოსკოლაში, ფულს იხდის და მერე მოდის ჩვენთან, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შედეგი ექნება. დღეს ეს სფერო დერეგულირებულია, სახელმწიფო არ ერევა. ჩვენ ვგეგმავთ ავტოსკოლების წარმომადგენლებთან შეხვედრას. რომ წარმოვიდგინოთ, მართვის მოწმობის გამოცდაზე გადის პირი, რომელიც თეორიული და მოედანზე გარკვეული საცდელი ტარების შემდეგ გადის ქუჩაში, მისი რისკი ხომ იზრდება? მან თუ დააზიანა ავტომობილი, დრო უნდა დახარჯოს, გარკვეულად გაძვირდება კიდეც გამოცდის ხარჯი. დიდად არა, რომ მოსახლეობას დააწვეს.

სად ქუჩაში რომ დადიხარ და იქ გარკვეული დროის განმვალობაში უნდა იარო, და სად ხანმოკლე გამოცდა მოედანზე. შესაბამისად, ეს გამოიწვევს ფასის ზრდასაც, რადგან სხვა ტიპის სერვისს ვთავაზობთ მოქალაქეს. ამიტომ, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ სწავლა და გამოცდა, ის დრო და ფული ღირს, რასაც გადაიხდის. შესაბამისად, გარკვეული სტანდარტები უნდა იყოს უზრუნველყოფილი. თუ სკოლა ვერ უზრუნველყოფს ამ სტანდარტს, ჩვენ ვერც მოვთხოვთ, რომ სავალდებულო იყოს.

- ე.ი. დაზუსტებულად შეგვიძლია თქმა, რომ პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გადანაცვლების შემდეგ, გამოცდაზე გასვლის ღირებულება გაიზრდება. რამდენი ლარით შეიძლება საფასური გაიზარდოს?

- რამდენით გაძვირდება ვერ გეტყვით, საგრძნობლად არ გაძვირდება, მაინცდამაინც 200 ლარი არ ეღირება. გამოცდა გარეთ რომ გადის, საწვავი უნდა დახარჯოს, პლუს, იქ ჩვენი რისკები იზრდება და შესაბამისად, დაემატება ის კომპონენტი, რაც ამ რისკებს მოიცავს. ავტოსკოლების საკითხზე, ჩვენ ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან ერთად. ჩვენ ვიბარებთ გამოცდას და შესაბამისად, გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი გვაქვს და ვერ გამოვდგებით იმ ხალხის შემმოწმებლად. ეს არის სუფთა საგანმანათლებლო თემა და განათლების სამინისტროს როლია.

ჩვენ გვაქვს კონსულტაციები, შევხვდებით ავტოსკოლებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ტექნიკური საშუალებები აქვთ ავტოსკოლებს, რის დაკმაყოფილებაზე არიან მზად, თორემ ჩვენ ხვალ შეგვიძლია ჩავუდოთ მოთხოვნა, რომ ყველას უნდა ჰქონდეთ სიმულატორი, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და შეიძლება ვერ უზრუნველყონ, ვერ შეიძონონ. ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისეთი წესები, რომ ერთი ხელის მოსმით 10 ავტოსკოლა დარჩეს. ხალხს აქვს ბიზნესი და ეტაპობრივად, ახალ რეალობაში უნდა გადავიდნენ და თვითონაც გაიუმჯობესონ სტანდარტები. რა თქმა უნდა, იქნება ისეთი ხალხი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს ამ სტანდარტს.

- როდიდან შეიძლება მართვის მოწმობის გამოცდაზე გასასვლელად ავტოსკოლაში სწავლება სავალდებულო გახდეს?

- ჯერჯერობით ამაზე საუბარი ცოტა ნაადრევია, ჩვენ ვართ შემუშავების პროცესში, ხედვა უნდა ჰქონდეს განათლების სამინისტროსაც. თავად ავტოსკოლების გარეშე არ გვინდა პროცესი. ამის მერე, ჩვენ ან მივიღებთ ისეთ შედეგს, რომ ავტოსკოლები იქნება სავალდებულო და გარკვეული სტანდარტებით იქნება, ან შეიძლება დარჩეს ეს სფერო ისე, როგორც არის.

- რაც შეეხება სავალდებულო ტექდათვალიერებას. რა სტადიაზეა ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე მუშაობა?

- ტექდათვალიერებაზე მუშაობენ ჩვენი კოლეგები ეკონომიკის სამინისტროდან. ეს არის მათი თემა, ჩვენ უბრალოდ ვემზადებით, რომ ტექდათვალიერების აღსრულება უზრუნველვყოთ.

- როგორ ცნობილია, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეფორმა არ სრულდება, რა იქნება რეფორმის შემდგომი ეტაპი?

- პირველ ეტაზე პროცესის დეტალური მონიტორინგი გვინდა, თუ რა მოგვცა ამ რეფორმამ. გარკვეული ღონისძიებები შემონახული გვაქვს რეზერვში. იმედია, ეს არ დაგვჭირდება. პლუს, ანალიტიკურ მიმართულებას ვავითარებთ, გვექნება ჩვენი რეფორმების ძალიან მკაცრი მონიტორინგი, თუ რა შედეგი გამოიღეს, რამდენად შემცირდა კონკრეტულ ლოკაციებზე, კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ავტოსაგზაო შემთხვევები, რამდენად შემცირდა გარდაცვლილების, დაშავებულების საერთო რაოდენობა. ამის შემდეგ იქნება დამატებით ნაბიჯებზე საუბარი.

 

ანა მარშანია

"ინტერპრესნიუსი"

myquiz