"საქნახშირი" და "ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი" 31 400 ლარით დაჯარიმდა | Allnews.Ge

"საქნახშირი" და "ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი" 31 400 ლარით დაჯარიმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მიღებული დადგენილებებით, "საქნახშირი" და "ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი" ერთიანობაში 31 400 ლარით დაჯარიმდა.

დაჯარიმება "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" შესაბამისად მოხდა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოითხოვა.

როგორც ცნობილია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ 11 მაისის ბრძანების საფუძველზე, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სამთო ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველომ 2017 წლის მაისსა და ივნისში განახორციელა ტექნიკური ინსპექტირება შპს "საქნახშირის (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)" ე. მინდელის სახელობის შახტში და შპს "ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის" ითხვისის, მღვიმევის, რგანის, შუქრუთის და დარკვეთის მაღაროებში.

სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა დარღვევები, რომელთა საფუძველზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმები შედგა.

სააგენტოს მიერ მიღებული დადგენილებებით, დაჯარიმდა "საქნახშირი" – (ტყიბული: მინდელის სახელობის შახტი) და "ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი" (ჭიათურა: შუქრუთის, მღვიმევის, რგანის, დარკვეთის და ითხვისის მაღაროები): ერთიანობაში 31 400 ლარით. (საქნახშირი 13 450 და ჭიათურა 17 950). დაჯარიმება მოხდა "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" შესაბამისად.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს განმარტებით, "საქნახშირის (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)" ტყიბულის მინდელის შახტში გამოვლენილი დარღვევები (შეუსაბამობები) სამი სახისაა: არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული. "ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის" მაღაროებში კრიტიკული დარღვევები არ გამოვლენილა.

"დარღვევების აღმოსაფხვრელად, კანონმდებლობის შესაბამისად, განისაზღვრა გონივრული ვადები. ამასთან, კრიტიკული შეუსაბამობების მქონე მოწყობილობების მუშაობა შეჩერდა დარღვევების გამოსწორებამდე. დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, არსებითი შეუსაბამობა გადავა კრიტიკული შეუსაბამობის კატეგორიაში და დაექვემდებარება გაჩერებას. საწარმოები ვალდებულნი არიან მათ შესრულებაზე ინფორმაცია მიაწოდონ სააგენტოს, რაც ექვემდებარება სააგენტოს მიერ გადამოწმებას. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანია დაჯარიმდება. ამჟამად, დარღვევების უმეტესობა უკვე გამოსწორებულია", - განმარტავენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, მონიტორინგის ჯგუფმა ერთობლივი ინსპექტირება ჩაატარა რამდენიმე ობიექტზე: მადნეულის კარიერი (დაბა კაზრეთი, სს "არემჯი კუპერი"), მეტროპოლიტენი (ესკალატორები) და ფუნიკულიორი.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გეგმის შესაბამისად, პერმანენტულად აგრძელებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირებას.

myquiz