კლინიკა "ლანცეტის" დირექტორი მისი დაკავების პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობს | Allnews.Ge

კლინიკა "ლანცეტის" დირექტორი მისი დაკავების პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობს

კლინიკა "ლანცეტის" დამფუძნებელი ფარმან ჯეირანლი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და საქართველოს პრეზიდენტს მისი საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს.

საქართველოს პრეზიდენტისთვის მიწერილ წერილში, რომელიც "ლანცეტის" დამფუძნებელმა "ინტერპრესნიუსს" ციხიდან გამოუგზავნა, ჯეირანლი გამოთქვამს ეჭვს, რომ მისი დაკავება დაკავშირებულია აზერბაიჯანის პოლიტიკურ დაკვეთასთან.

Allnews.ge წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონო პრეზიდენტო! წინასწარ მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ დისკომფორტისთვის, რასაც მიიღებთ ხელნაწერი წერილის წაკითხვით. ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მე ვიმყოფები ციხეში. მე დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, კერძოდ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, უმაღლესი სამედიცინო განათლებია მივიღე ქ. ბაქოში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 12 წელი ვმუშობდი ქ. მოსკოვში, ი.მ. სეჩნოვის სახ. მოსკოვის სამედიცინო აკადემიაში.

32 წლის ასაკში გავხდი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (პროფესორი). 1993 წელს დავინიშნე აზერბაიჯანის ჯანმრთლობის დაცვის მინისტრის მოადგილედ მეცნიერების დარგში, შემდეგ ვხელმძღვანელობდი მ. თოფჩიბაშიევის სახ. ქირურგიის ინსტიტუტს და ამავდროულად გახლდით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავარი ქირურგი.

ერთ-ერთი კერძო პირველი კლინიკა აზერბაიჯანში გავხსენი მე, სახელწოდებით "ლანცეტი". მთელი ჩემი სამედიცინო მოღვაწეობის პერიოდში მქონდა სურვილი ჩემს სამშობლოში, საქართველოში გამეხსნა ულტრათანამედროვე რეგიონული მნიშვნელობის მრავალპროფილიანი სამედიცინო კლინიკა. 2014 წელს ჩემი სანუკვარი მიზნის განხორციელება შევძელი 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) დოლარის მოცულობის ინვესტიციის ჩადებით და დავაფუძნე კლინიკა "ლანცეტი". უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოცულობის ინვესტიცია საქართველოში სამედიცინო სფეროში დღემდე არ განხორციელებულა.

დღეისათვის კლინიკა "ლანცეტი" წარმოადგენს ყველაზე თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც პასუხობს ნატო-ს სტანდარტებს. საქართველოში ნატო-ს მიერ განხორციელებული წვრთნები არის დაკავშირებული კლინიკა "ლანცეტთან", ეს უკანასკნელი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ ობიექტს. ახლო მომავალში იგეგმება ქართულ-ინგლისური სამედიცინო უნივერსიტეტის დაარსება. მე 7 წელია, რაც ვარ საქართველოს მოქალაქე და ასევე ვმონაწილეობდი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

2017 წლის 21 მაისიდან ვარ დაკავებული ჩემთვის გაურკვეველი ბუნდოვანი ბრალდებებით, რომელთანაც მე არანაირი კავშირი არ მაქვს.

ბატონო პრეზიდენტო! მე თქვენ მოგმართავთ არა მარტო როგორც საქართველოს პრეზიდენტს, არამედ როგორც მეცნიერს, პროფესორს, რომელიც ჩემს პრობლემებს ყველაზე მეტად გულთან მიიტანს. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები მაძლევს საფუძველს, რომ ვიფიქრო, ჩემი დაკავება დაკავშირებულია პოლიტიკურ დაკვეთასთან აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციურად განწყობილი წევრები უნდობლობას უცხადებენ ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებს და სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევებზე და სამკურნალოდ მოგვმართავენ ჩვენს კლინიკა "ლანცეტს".

ზემოთაღნიშნული ფაქტებით ირღვევა საქართველოში კერძო საკუთრების უფლება, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯზე, ამავდროიულად უარყოფითად მოქმედებს ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის და მისი ევროპულ ოჯახში ინტეგრაცის საკითხზე.

მე გახლავარ შპს "ლანცეტის" დამფუძნებელი და დირექტორი. ჩვენს დაქვემდებარებაში შემოდის: 1) კლინიკა "ლანცეტი", 2) სასტუმრო, 3) ჟანგბადის მწარმოებელი საამქრო, 4) სამრეცხაო, 5) საკვები ობიექტი. რაც შეეხება სამედიცინო კლინიკას, მას ცალკე ჰყავს გენერალური დირექტორი, ფინანსური დირექტორი, მთავარი ექიმი, იურიდიული სამსახური, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სამედიცინო კლინიკა "ლანცეტის" გამართულ მუშაობაზე.

მათთან ერთად კლინიკაში დასაქმებულია 600 (ექვსასი) თანამშრომელი, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს კლინიკას ნდობას უცხადებენ და სამედიცინო დახმარებას ღებულობენ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან თავს ვთვლი უკანონო პატრიმრად და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი თანამშრომლებიც არიან უდანაშულოები. გთხოვთ დაინტერესდეთ და პირად კონტროლზე აიყვანოთ ჩემი საქმე. საქმის ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად თქვენს დაქვემდებარებაში არსებული შესაბამისი სამსახური დაუკავშირდეს ჩემს ადვოკატს, ბატონ გელა ნიკოლაიშვილს", - ნათქვამია წერილში.

myquiz